ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის წინააღმდეგ – “სიმართლეზე თვალს ვერავის გამო ვერ დავხუჭავ!”

ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის წინააღმდეგ - "სიმართლეზე თვალს ვერავის გამო ვერ დავხუჭავ!"ნაზი ჯანეზაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“სიმართლეზე თვალს ვერავის გამო ვერ დავხუჭავ!

სასამართლოს ე.წ. კლანს, სხვა მიზეზებთან ერთად, იმიტომაც ჰქვია კლანი, რომ ერთმანეთს ხელს აფარებენ და ერთმანეთის შეცდომებზე ხმას არ იღებენ.

როდესაც ჩნდება კითხვები, ამაზე საუბარს არ უნდა მოვერიდოთ. თვალის დახუჭვით ე.წ. კლანს არ უნდა დავემსგავსოთ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ანა დოლიძის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ისევე როგორც მოსამართლეებს, აქვთ გარკვეული, შეიძლება ითქვას, მკაცრი შეზღუდვები, რომელთაგან რამდენიმეზე გავამახვილებ ყურადღებას.

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს ძალიან ცალსახაა და სრულიად გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, საერთოდ არ მესმის ამაზე რატომ გვიწევს საუბარი.

ბუნებრივია ის, რომ საზოგადოების მხრიდან კითხვა ჩნდება იმ მოძრაობის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, რომელიც ანა დოლიძემ სხვებთან ერთად დააფუძნა და როგორც ლიდერი აქტიურად არის ჩართული. ამ ორგანიზაციის პრეზენტაციამ, შემდგომმა განცხადებებმა და აქტივობებმა გააჩინა განცდა, რომ ეს მოძრაობა იმათავითვე პოლიტიკური მიზნებით ჩამოყალიბდა. მაგრამ თუ ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა (რაც ჩემთვის არადამაჯერებელია), მაშინ, საინტერესოა, რა პროექტები აქვთ და რომელი დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ მას. თუ ასე არ არის, საინტერესოა, რომელი წყაროდან ფინანსდება ეს ორგანიზაცია?

2. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. გარდა ამისა, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ჩვენი, როგორც წევრების საქმიანობის ხელშეწყობა უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის პრეროგატივაა და არა კერძოდ ან რომელიმე ორგანიზაციის მიერ დაქირავებული თანამშრომლის. ანას და მისი ორგანიზაციის საჯარო აქტივობებიდან კარგად ჩანს, რომ მის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას აქვს ოფისი, ჰყავს სტაფი (პრესსამსახური), ამასთან თავად ანა, როგორც ორგანიზაციის ოფიციალური თავმჯდომარე მენეჯმენტს უწევს მოძრაობის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართავს.

3. მესამე კითხვა არის შემდეგი. ვინაიდან ის არის მოძრაობა „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, მე მიმაჩნია, რომ ეს შესაძლოა, შეფასებული იქნას როგორც თანამდებობრივი შეუთავსებლობა “საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა თავდაცვის ძალების რეზერვისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი”. თანაც იმ დროს, როდესაც მისი მოძრაობის წესდებიდან ნათლად ჩანს, რომ მას, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, საკმაოდ კომპლექსური ვალდებულებები აკისრია აღნიშნული ორგანიზაციის მიზნებიდან (ისევ წესდებას მოვიშველიებ, სადაც წერია, რომ ამ ორგანიზაციის მიზნებია ორნიშნა ეკონომიკური განვითარება, პროდასავლური საგარეო პოლიტიკა, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა და სხვა) გამომდინარე, საბჭოს წევრობის პარალელურად.”