სალომე ტატიშვილის სიკვდილში დამნაშავე გიორგი ლიპარტელიანი ჩეხეთიდან თბილისში დააბრუნეს

სალომე ტატიშვილის სიკვდილში დამნაშავე გიორგი ლიპარტელიანი ჩეხეთიდან თბილისში დააბრუნეს12 წლის სალომე ტატიშვილის სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბაში დამნაშავე გიორგი ლიპარტელიანი ქვეყანაში დააბრუნეს.

ჩეხეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა.

გუდაურში მომხდარი გახმაურებული შემთხვევის შემდეგ გიორგი ლიპარტელიანი სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გაამართლა, მეორემ კი დამნაშავედ ცნო. მას ქართული მხარე რამდენიმე წელი ეძებდა. ის ჩეხეთის რესპუბლიკაში 2020 წლის მარტში დააკავეს, რამდენიმე დღეში კი ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად, მას წინა საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა და სამთვიანი მუშაობის შემდეგ, ის ქართულ მხარეს გადმოსცეს.

განაჩენის გამოტანის მომენტში ლიპარტელიანი უკვე უცხოეთში იმყოფებოდა, მას თავისუფლების აღკვეთა 3 წლით შეეფარდა.

სალომე ტატიშვილი 2016 წლის იან­ვარ­ში გუ­და­ურ­ში სრი­ა­ლი­სას თხი­ლა­მუ­რებ­ზე მდგა­რი გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად ადგილზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ლიპარტელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

_ მთავარი იყო სასამართლოს მიეღო ის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში მიიღო სააპელაციო სასამართლომ და შემდეგ ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ძალაში მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს. შესაბამისად, ის, რომ მისი დაკავება მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ძებნაში არ ყოფილიყო და განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თავად გამოცხადებულიყო, _ განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დედამ, ნინო ჟვანიამ.

სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გაბოძე აღნიშნავს, რომ იყო ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეების ჩვენებები, რომლებითაც ფაქტობრივად დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული სალომე ტატიშვილს  დაეჯახა.

_ იყო ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეების ჩვენებები, რომლებითაც ფაქტობრივად დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული დაეჯახა სალომე ტატიშვილს და ის გარდაიცვალა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის განზრახ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვერ დადგინდა ის ფაქტი, რომლის მიხედვითაც მისი ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა დასტურდებოდა, – აღნიშნა გიორგი გაბოძემ.

2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გიორგი ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. გიორგი ლიპარტელიანი ამ დრომდე საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

„სასამართლოში დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. „კუდები 3“ ტრასაზე თხილამურით სრიალისას გ.ლ.-მ უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვან 12 წლის ს.ტ.-ს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს მიერ ძებნილი გ.ლ. ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, მისი ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა.

ქართული მხარის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული და მხარეთა ეფექტური თანამშრომლობის შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა გ.ლ.-ს საქართველოში ეტაპირება,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.