ვახტანგ ძაბირაძე – “სააკაშვილი საქართველოს პრემიერობისთვის ემზადება”

ვახტანგ ძაბირაძე - "სააკაშვილი საქართველოს პრემიერობისთვის ემზადება"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, რას იტყვით ამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებულ დოკუმენტზე, სადაც ღიად არის საუბარი სანქციებზე და ივანიშვილი პუტინის პარტნიორად არის მოხსენიებული?
– საქართველოში ყველა მთავრობის უმრავლესობა, უკეთეს შემთხვევაში, რაც კი მახსოვს, საკუთარი ინტერესებისთვის იბრძოდა და არა ქვეყნისთვის, მაგრამ ვთქვა, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა და მის ინტერესებს ახორციელებს საქართველოშიო, ჯერ ამის ხელშესახები არგუმენტი არ მაქვს, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის.
ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ, მთელი წელია, რაც ხელისუფლება ებრძვის რატომღაც ამერიკის კონგრესს, მის წარმომადგენლებს და იწყება ფორიაქი.
– ამ დოკუმენტს კობახიძე და ვოლსკი ნაციონალური მოძრაობის ლობისტების ნამუშევარს უწოდებენ და დაბალი რანგის დოკუმენტად აფასებენ.
– არიან ლობისტები თუ არა, ამას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს. ისინი ამერიკის კონგრესს წარმოადგენენ. მათ აზრს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც უსმენენ და ითვალისწინებენ. მათი პოზიცია ლობისტური იქნება თუ არალობისტური, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობისთვის. იმის ნაცვლად, რომ ამ ურთიერთობაზე გამახვილდეს ყურადღება, მუდმივი შეტევა მოჰყვება ხოლმე ასეთ განცხადებებს კონგრესსა და კონგრესმენებზე. ამ შეტევას კონგრესი აღიქვამს, როგორც პუტინთან პარტნიორობას. ხვდებიან კი, რა კონტექსტს შეიძლება მისცენ საფუძველი ამერიკაში?! ეს ძალიან სარისკოა! უბრალოდ, არ მესმის, რატომ ვერ აცნობიერებენ ამას.
ერთი კითხვა მაქვს ამ 13 კონგრესმენთან: ადრეც იცოდნენ ივანიშვილი-პუტინის მოკავშირეობაზე და დუმდნენ ამაზე თუ ახლა გაიგეს? ესეც საინტერესოა.
გარდა იმისა, რომ ასეთი რიტორიკა არ უნდა გქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან, ხელისუფლების ეს განცხადებები ძალიან ცუდად მუშაობს ქვეყნის შიგნით. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ამერიკა ჩვენს შიდა საქმეებში ერევა. სწორედ აქ აძლიერებს იმ რუსულ ფრთას, რომელზეც არის საუბარი. ეს უნდა გააცნობიეროს “ქართულმა ოცნებამ”.
– შეიძლება, ეს იყოს ერთგვარი წინასაარჩევნო გზავნილი, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების წინ გაკეთებული?
– დიახ, დიდი ალბათობით, ეს სწორედ წინასაარჩევნო გზავნილია. თუ გავითვალისწინებთ უახლეს პოლიტიკურ ისტორიას 2003 წელს, 2012 წელს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გარდამტეხი არჩევნები იყო, დიახ, ასეთი გზავნილები პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან არსებობდა. ამიტომ დღეს ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, არც ერთი კითხვა არ გაჩნდეს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. უკვე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
– არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვა რომ არ გაჩნდეს, ეს მთლიანად ხელისუფლების ხელშია, მაგრამ, რამდენად შეძლებს?
– დიახ, მთლიანად მის ხელშია. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს არავითარ შემთხვევაში. თუ არჩევნები ჩატარდება ისე, რომ არც ერთი კითხვა არავის არ ექნება, მაშინ არც არანაირი პრობლემა არ იქნება არც არავის მხრიდან და არც არავის მიმართ, მაგრამ ჯერჯერობით ხელისუფლება ამის თქმის საფუძველს არ იძლევა, რადგან რაღაც ზიგზაგებით მოძრაობს. ამიტომ გაურკვეველია, რა იქნება და როგორ.
– რამდენად შეუწყობს ხელს ხელისუფლების ამ ზიგზაგებს თუნდაც ისეთი განცხადებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა: “არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას. ვემზადები გამარჯვებისთვის”?
– ბოლო დროს განცხადებები, რომლებიც კეთდება ორივე მხრიდან, ვგულისხმობ ხელისუფლებასა და ნაციონალურ მოძრაობას, მკვეთრად აყალიბებს ორ ფრთას შორის რადიკალიზმს. არის ფაქტორები, რომ ქვეყანაში დაიწყოს დესტაბილიზაცია. ამიტომ ამერიკელ პარტნიორებს კი არ უნდა ვედავოთ, აქ, ჩვენში უნდა ვეძებოთ მიზეზები.
სააკაშვილის ეს განცხადება დასტურია იმისა, რომ რა პოსტიც არ უნდა ჰქონდეს მას უკრაინაში, ის ემზადება იმისთვის, რომ საქართველოს პრემიერი გახდეს.
– საერთაშორისო ასპარეზი შეიძლება მიატოვოს და, თუ შანსი გაუჩნდება, საქართველოზე გადმოერთვება?
– რა თქმა უნდა! არანაირი საერთაშორისო ასპარეზი სააკაშვილს უკრაინაში არ აქვს. თუ საქართველოში ისევ პირველი პირი იქნება, რატომაც არა. ამ ეტაპზე ზუგდიდიდან ნამდვილად ვერ ჩაუდგება ავტოკოლონას, მაგრამ სარფიდან კი შემოვა და ეს იქნება 2003 წლის რეანიმაცია.
– ოპოზიცია კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს. რამდენად დაუთმობენ სააკაშვილს პრემიერის პოსტს? უკვე თქვა გიგა ბოკერიამ, გარედან სააკაშვილი წინა ხაზზე ვერ იქნებაო.
– დამისახელეთ იმ კოალიციაში პარტია, რომელიც იტყვის, არა, მირჩევნია, რიგგარეშე არჩევნებზე წავიდეო – იქნება ასეთი პარტია ამ გაერთიანებაში?! არც ერთი პარტია არ იქნება. სააკაშვილის მხარდამჭერები კი მისი კანდიდატურის დაყენებას მოითხოვენ და ეს არ იქნება სპექტაკლი. ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა 99% სააკაშვილის მხარდამჭერია და არა გიორგი და გრიგოლ ვაშაძეების.