“ოპოზიციამ ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა”

"ოპოზიციამ ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები თითქმის გარკვეულია. არჩევნებისთვის ერთგვარი მონახაზი უკვე გაკეთებულია როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან. თქვენი აზრით, როგორი იქნება შედეგები?
– დიახ, ერთგვარი მონახაზი უკვე ცნობილია. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, შეძლებდა თუ არა ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას. როგორც ვხედავთ, რეგიონებში ეს ვერ მოხერხდება და ნაციონალური მოძრაობა 22 ოლქში საკუთარ კანდიდატურას დაასახელებს. პრაგმატული თვალსაზრისით, მათი ლოგიკა მარტივად გასაგებია. ისინი ფიქრობენ, რომ უმრავლეს ოლქებში მეორე ტური დაინიშნება და მეორე ტურში სწორედ ნაციონალები გავლენ და დაუპირისპირდებიან “ოცნებას”. ასეთია მათი ლოგიკა.
რაც შეეხება ის მოსაზრებას, რომ საერთო ოპოზიციური ბლოკი გაკეთებულიყო და ე.წ. შუა ისევ გაკრეფილიყო ანუ ორპოლუსიანი არჩევნების შემთხვევაშიც ძალიან რთული იქნებოდა, არჩევნები ამ ბლოკს მოეგო.
– რატომ?
– რადგან პირდაპირ იქნებოდა აღქმული, რომ ამ ოპოზიციური ბლოკის ლიდერი სააკაშვილია. მეორე, ამაზე, ცხადია, არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა “ევროპული საქართველო”. შესაბამისად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
– რამდენად რეალურია მეორე ტურების ალბათობა უმრავლეს ოლქებში?
– მეორე ტურები ბევრგან იქნება, შეიძლება ითქვას, აბსოლუტურ უმრავლესობაში, 25 ოლქში მაინც, შეიძლება – მეტშიც. პირველ ტურში იქნება ბევრი კანდიდატი და ხმები გადანაწილდება. მაჟორიტარულ არჩევნებში დიდი მნიშვნელობა აქვს კანდიდატის პიროვნებას, მის წონას, მის მოწონების რეიტინგს, მის პოპულარობას ხალხში, იმ რეგიონში, სადაც ის კენჭს იყრის.
– კონკრეტული კანდიდატების შანსებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
– ოპოზიციის კანდიდატებზე თუ მეკითხებით, მაგალითად, გრიგოლ ვაშაძეს აქვს შანსი ქუთაისში, მაგრამ ეს არ ნიშნავს 100%-ით მოგებას. ასევე შანსი აქვს აკაკი ბობოხიძეს, თუ ნაციონალური მოძრაობა კანდიდატს არ დაუყენებს და მათ შორის შეთანხმება შედგება. ხონის ოლქი მას არაერთხელ მოუგია.
– ეკა ბესელიასა და ანა დოლიძის შანსებზე რას იტყვით?
– მაგალითად, მცხეთა-მთიანეთი, სადაც საკუთარი კანდიდატურა დაასახელა ეკა ბესელიამ, ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია თავისი განფენილობითა და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. აქ ეკა ბესელიას ოპოზიციამ საერთოდ კონკურენტი რომც არ დაუყენოს, მაინც რთული იქნება, თუმცა, როგორც ჩანს, თავად გადაამოწმა, ნახა შედეგები და ამიტომ შეაჩერა არჩევანი ამ რეგიონზე.
რაც შეეხება ანა დოლიძეს, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთში იყრის კენჭს და მან ეს დაპირისპირება დავითისა და გოლიათის ბრძოლას შეადარა, სიმართლე გითხრათ, მიჭირს წარმოდგენა, ერთი მხრივ, ანა დოლიძისა დავითის როლში და, მეორე მხრივ, გია ვოლსკისა – გოლიათის როლში, თუმცა საკმაოდ საინტერესო ბრძოლა იქნება.
ანა დოლიძეს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს და ის იქნება ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატი თბილისში. ანა სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს ვოლსკის. ანა დოლიძე არის მესამე კანდიდატი ოპოზიციიდან თბილისში დასახელებულთაგან, რომელსაც შანსი აქვს.
– დანარჩენი ორი ვინ არის?
– ვაკეში – ელენე ხოშტარია და გლდანში – ნიკა მელია.
თუ ოპოზიციის რეალური ამოცანაა მაჟორიტარულ ოლქებში წარმატება, მაშინ კეთილი ინებონ და გამოცდილ ტაქტიკას მიმართონ: სექტემბრის ბოლოსთვის ჩაატარონ ყველა მაჟორიტარულ ოლქში წინასწარი გამოკითხვა და, ოპოზიციის რომელ კანდიდატსაც მეტი შანსი ექნება, სწორედ იმ კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნან თავიანთი კანდიდატურა. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი სვლა როგორც პიარის თვალსაზრისით, ისე პრაგმატულადაც. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯი გადაიდგას. ამ 30 წლის განმავლობაში არც არავის გადაუდგამს. ყოველთვის იყო ამაზე ლაპარაკი, შეთანხმება, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, არც არავინ ხსნიდა კანდიდატურას და არც არავინ უჭერდა მხარს.
– საუბრის დასაწყისში თქვით, რომ ვერც ერთი პარტია ვერ გადალახავს 50%-ს, ვერც “ქართული ოცნება” მაჟორიტარულ ნაწილში და ამიტომ ბევრი მეორე ტური იქნება. ფიქრობთ, კოალიციური მთავრობა რეალობაა?
– ძალიან მინდა, რომ ასე იყოს და კოალიციური მმართველობა რეალობა იყოს საქართველოში ამდენი წლის შემდეგ. ეს იქნებოდა საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიზაციის პროცესში. თუმცა ოპოზიციამ ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, ამიტომ, მიჭირს თქმა, რომ ოპოზიცია სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” 41% რომც აიღოს, მთავრობის დასაკომპლექტებლად მაინც დასჭირდება გარკვეული დახმარება, რადგან მნიშვნელობა ექნება მაჟორიტარულ ხმებს. აქ როგორ გადანაწილდება ხმები, ესეც ანგარიშგასაწევი იქნება.
მთავრობის დასაკომპლექტებლად “ოცნებას” უპირატესობა ექნება, მაგრამ მას მაინც მოუწევს კოალიციის გაკეთება. ეს ვითარება რომ შეიქმნას, ნამდვილად ჯობია ქვეყნისთვის. სხვა მხრივ, რომ გითხრათ, ეს არჩევნები მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით იქნება-მეთქი დახუნძლული, არა, რა თქმა უნდა.