რესტორანში თავში ესროლეს – დმანისელი კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი, იგივე ლოტი გული, ანტალიაში მოკლეს

რესტორანში თავში ესროლეს - დმანისელი კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი, იგივე ლოტი გული, ანტალიაში მოკლესთურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს დილით ანტალიაში მოკლეს გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ლოტი გულის“ სახელით იცნობენ.

პირველადი ცნობით, მას ანტალიის ერთ-ერთ რესტორანში საუზმის დროს თავში ესროლეს. ქილერი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დააკავეს.

შემთხვევის ადგილზე მყოფებმა სასწარფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ნადირ სალიფოვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნადირ სალიფოვი, რომელიც 2018 წელს აზერბაიჯანის ციხიდან მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა, ბოლო წლებში თურქეთში ცოხვრობდა. ის აზერბაიჯანული კლანის ლიდერი გახლდათ და უფრო მეტიც, შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ პრეტენზიას აცხადებდა კრიმინალური სამყაროს ერთპიროვნულ ლიდერობაზე.

„კანონიერი ქურდი“ გახლავთ მისი ძმა ნამიკ სალიფოვიც. ძმები წარმოშობით დმანისიდან არიან.

მათ სახელს საქართველოში რამდენიმე კრიმინალური ისტორია უკავშირდება, მათ შორის დმანისსა და გარდაბანში ბიზნესმენებისგან ფულის გამოძალვისა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული რამდენიმე დაჯგუფების აქტიურობა.

2017 წელს აბანოთუბანში, რესტორან „მასპინძელოსთან“ საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს ნადირ სალიფოვის მარჯვენა ხელი, ელშან მამედოვი. ითქვა, რომ მკვლელობის უკან ასევე აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდის“ როვშან ჯანიევის ახლობლები იდგენენ.

ჯანიევი 2016 წელს სტამბოლში მოკლეს, რაშიც სწორედ ნადირ სალიფოვის კლანს ადანაშაულებდნენ.

ცნობილია, რომ ნადირ სალიფოვს მწვავე დაპირისპირება ჰქონდა ქართველ „კანონიერ ქურდთან“ გურამ ჩიხლაძესთან (კვეჟოვიჩი).

ამ კონფლიქტის დეტალებს ქართველი და არამარტო ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტები“ რამდენიმე დღის წინ ანტალიაში გამართულ შეკრებაზე განიხილავდნენ. როგორც ჩანს, სწორედ ამ შეკრების შემდეგ გადაწყდა სალიფოვის ლიკვიდაცია.

პრაიმ ტაიმი