“საბურთალოზე ბევრად უფრო მწვავე დაპირისპირება იქნება, ვიდრე ვაკეში”

"საბურთალოზე ბევრად უფრო მწვავე დაპირისპირება იქნება, ვიდრე ვაკეში"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, რითი ხსნით მშვიდ წინასაარჩევნო კამპანიას თუ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის?
– ძალიან მძაფრი წინასაარჩევნო კამპანია რომ არ გვაქვს, ეს ალბათ რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. ერთი, ოპოზიციას ენერგიის პიკი ბევრად უფრო ადრე ჰქონდა. სპორტში, სპორტული ფორმა უნდა მოამწიფო იმ მომენტისთვის, როდესაც შეხვედრა იქნება. ჩვენ ვნახეთ, როგორი აქტიური იყო ოპოზიცია ადრე, ახლა მოქმედების რესურსი შემცირებული აქვს. აღარ იცის, რა გააკეთოს. თან გაკეთებას პოლიტიკაში სიახლე სჭირდება. ერთი და იგივეს კეთებით რეიტინგს ვერ მიიღებენ. კონცეპტუალური კრიზისი აქვთ. თითქოს ოპოზიციის არსენალი დაცლილია.
კინოს ჩვენება და მოხსენებების წაკითხვა პოლიტიკურ შინაარსს ნაკლებად შეიცავს.
– ხმების დაცვასთან დაკავშირებით დეკლარაცია ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ თუ შეიძლება რეალურად იყოს ეს საფრთხე?
– ვერ გეტყვით, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს საფრთხე?! თუმცა, ოპოზიციამ დაკარგული ერთიანობის აღდგენა მოახდინა, რაც ნამდვილად მისასალმებელია. პოლიტიკურ კულტურას ზრდის ასეთი ნაბიჯები, როდესაც პარტიები მოლაპარაკებებს და პოზიციების შეთანხმებას ახერხებენ. კოორდინაცია მოახერხეს იმისთვის, რომ საბურთალოზე ოქრუაშვილს გაუსუფთავონ გზა. საბურთალო ყველაზე მძიმე არტილერიის ბრძოლის ველი აღმოჩნდა. სერგეენკო, ჯაფარიძე, ელისაშვილი, გოგიჩაიშვილი, ჩარკვიანი, ოქრუაშვილი და ა.შ. ამ ფონზე ოპოზიცია მიხვდა, რომ მას გაუჭირდება ქაოტური მოქმედებით შედეგის მიღწევა. მე ვფიქრობ, კოორდინაცია სწორედ ამით არის განპირობებული.
მიუხედავად ძალიან მძიმე ბრძოლისა, რომელიც ნამდვილად იქნება საბურთალოზე, ხელისუფლებას ძალიან ძლიერი ფალავანი ჰყავს გამოყვანილი სერგეენკოს სახით.
– ყველა ვაკეს ვარაუდობდა, მაგრამ ახლა აქცენტი საბურთალოზეა გადატანილი.
– რა თქმა უნდა, საბურთალო ბევრად უფრო მწვავე დაპირისპირების ასპარეზი გამოდის, ვიდრე ვაკე. თუმცა, ისეთი კანდიდატები მონაწილეობენ, რომ მე იმედი მაქვს, ეს სიმწვავე ეთიკურ ნორმებს არ გასცდება.
– დიდუბე-ჩუღურეთში რამდენად სერიოზული ბრძოლა შეიძლება გაიმართოს?
– ანა დოლიძე, ზურა ჯაფარიძე და “ოცნებიდან” გია ვოლსკი. ძალიან სერიოზული ბრძოლა გველოდება აქაც. ვოლსკი თავის თავში დარწმუნებულია, რადგან მას ერთხელ უკვე მოგებული აქვს ეს ოლქი. შეიძლება ფიქრობს, მისი ერთგული ამომრჩეველი კვლავ მას აირჩევს. როგორც ჩანს, ერთგულ ამომრჩევლებში დარწმუნებულია. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას თავისი რესურსი აქვს, მაგრამ მაინც არ მგონია, მისი კონკურენტების რესურსი უფრო მეტი იყოს, ვიდრე გია ვოლსკის.
ასევე, საინტერესო ბრძოლა იქნება ისანში, სადაც ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ჰყავს გამოყვანილი “ქართულ ოცნებას”. კახი კახიშვილი საინტერესო კანდიდატია, თავისი მაღალი რეიტინგით. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, არჩევნებზე ერთ-ერთი ფრონტის ხაზი სწორედ ისანში იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ გაამწვავოს ისანში დაპირისპირება, რადგან ძლიერ კანდიდატს უპირისპირდებიან.
– ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზეც მაინტერესებს თქვენი პოზიცია: დავით ბაქრაძის განცხადება, სააკაშვილთან, ადეიშვილთან და მერაბიშვილთან დაკავშირებით, რომ ისინი კოალიციურ მთავრობაში არ იქნებიან, რითი იყო განპირობებული?
– ეს განცხადება უფრო ამომრჩეველზე იყო გათვლილი. ამ განცხადების სამიზნე აუდიტორია სწორედ ამომრჩეველი იყო. “ევროპულ საქართველოს” მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკული დამოკიდებულება სწორედ იმიტომ არის, რომ მათში სახეშეცვლილ, ცხვრის ტყავში გადაცმულ “ნაციონალებს” ხედავენ. ამ განცხადებით “ევროპული საქართველო” “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებას ცდილობს. ასევე ცდილობს იმუშაოს იმ ამომრჩეველზე, რომელსაც ჯერ ვერ მიუღია გადაწყვეტილება – “ნაციონალური მოძრაობა” თუ “ევროპული საქართველო”. ამდენად, “ევროპულ საქართველოს” სჭირდება, ასეთი განცხადებებით თუ სხვა მანევრით, დისტანცირება იმ ძირითადი ფიგურებისგან, ვინც განასახიერებდა წინა ხელისუფლების მმართველობას. ამდენად, სავსებით გასაგებია ეს ჩამონათვალი. თუმცა, რატომ არიან გამონაკლისი ის ადამიანები, რომლებიც “ევროპულ საქართველოში” არიან და ასევე იყვნენ იმ ხელისუფლების წინა რიგებში, გაუგებარია.
– როგორ ფიქრობთ, კოალიციური მთავრობა შეიძლება მართლაც რეალობაა თუ ილუზია, რომლითაც ცხოვრობს ოპოზიცია ან საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენდეს?
– ჯერჯერობით, დღევანდელი სიტუაციით, ეს უფრო გრძელ სატყუარას ჰგავს ამომრჩევლისთვის გადაგდებულს. ისე, ზოგადად, კოალიციურ მთავრობას ძალიან მაღალი პოლიტიკური კულტურა სჭირდება. გვაქვს ეს კულტურა?! სანამ, პარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე უფრო მაღლა დგას, იქამდე კოალიციური მთავრობის შექმნა შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს. ამ დროს, პარტიული ინტერესი იქნება წინა პლანზე, ქვეყანა კი სადღაც უკან, მეცხრე ადგილზე.