ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ღარიბაშვილი არის პოლიტიკური მძევალი:
– ის პრემიერ-მინისტრი გახდა იმ ტალღაზე, რასაც ჰქვია, ასე რომ ვთქვათ, ომი, იმიტომ, რომ თუ ის რაიმე ტიპის მოლაპარაკებებზე წავა, გაჩნდება კითხვა, მაშინ, გახარია რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან? გახარია ხომ იმიტომ წავიდა და ღარიბაშვილი ხომ იმისთვის ჩაჯდა იმ მთავარ გზაში, რომ გაეკეთებინა ის, რაც არ გააკეთა გახარიამ.
– რა არ გააკეთა გახარიამ?
– გახარია არ წავიდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში ხიდის ჩატეხაზე. ყველას კარგად ესმოდა, რომ ნიკა მელიას დაჭერა სწორედ ამას გამოიწვევდა. ღარიბაშვილი იმ კაბინეტში დაჯდა ერთადერთი მიზეზით და ეს მიზეზი არის ის, რომ მან თქვა – მე ამას გავაკეთებ. მან ეს გააკეთა და ხიდი ჩატეხა, ახლა კი ის ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მძევალია.
შესაძლოა, უნდა კიდეც, რომ კონსტრუქციული იყოს, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ მათ ეს ოპერაცია დაწყებული აქვთ ერთადერთი მიზნით, რომ გახარია მოეშორებინათ და ის ჩამჯდარიყო პრემიერ-მინისტრის სავარძელში.
– სანქციები არ აშინებთ?
– შესაძლოა, აშინებთ კიდეც და ძალიანაც აშინებთ, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ. ჩვენს ხელისუფლებას უნდა, რომ რუსული მოდელით მართოს ქვეყანა და გეოგრაფიულად იძახოს, ევროპაში მივდივარო, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია. შეიძლება, რომ თავი ერთ სამყაროში გქონდეს და ბოდიში და ერთი ადგილი – მეორე სამყაროში?! ეს ხომ შეუძლებელია!
ან თავი უნდა შეყო ევროპაში და მისი თამაშის წესებით უნდა იცხოვრო, ან ის ერთი ადგილიც გამოიტანონ ევროპიდან და მოსრიალდნენ რუსულ წესებზე.
გააკეთონ არჩევანი, რას გვეთამაშებიან!
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა