კრემლის სპეცსამსახურების ჰაკერები ისევ სანქციებით დასაჯეს

კრემლის სპეცსამსახურების ჰაკერები ისევ სანქციებით დასაჯესევროკავშირის საბჭომ იმ კიბერ შეტევების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირს ან მასში შემავალ სახელმწიფოებს საფრთხეს უქმნის,  სანქციების მექანიზმი გაახანგრძლივა. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ევროკავშირის  ეს ნაბიჯი გლობალური, ღია,  მშვიდობიანი და დაცული კიბერ სივრცის მხარდასაჭერად იდგმება. ეს სანქციები უკვე მოქმედებს 8 ფიზიკური პირისა და 4 კომპანიის წინააღმდეგ. ისინი    ევროკავშირის ტერიტორიაზე კიბერ დამნაშავეებისთვის შესვლის კრძალავს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბანკებში, ამ პირების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას გულისხმობს.

პირველად ევროკავშირმა ასეთი სანქციები 2020 წლის ივლისში დააწესა და სწორედ რუსი კიბერ დამნაშავეების მიმართ გამოიყენა. ესენი  რუსეთის მოქალაქეები ალექსეი მინინი, ალექსეი მორენეცი, ევგენი სერებრიაკოვი და ოლეგ სოტნიკოვი არიან. მათ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წინააღმდეგ კიბერ შეტევის განხორციელების მცდელობაში  ედებათ ბრალი. ასევე, სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ ჰაკერები ჩინეთიდან და ჩრდილო კორეიდან.

2020 წლის ოქტომბერში კი ევროკავშირმა  სანქციები შემოიღო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის იგორ კოსტიუკოვის, ოფიცრის დიმიტრი ბადინის და გენშტაბის 85-ე სპეციალური სამსახურის იმ მთავარი ცენტრის მიმართ, რომელიც კრიპტოგრაფიის სფეროში საქმიანობს. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს უწყება და პირები დგანან 2015 წლის აპრილ-მაისში, გერმანული ბუნდესტაგის წინააღმდეგ განხორციელებულ უპრეცედენტო კიბერ შეტევის უკან.

კრემლის სპეცსამსახურების ჰაკერები ისევ სანქციებით დასაჯესდასავლეთის ქვეყნების სხვა და სხვა სამსახურების მიერ ჩატარებული კვლევებიდან  ირკვევა, რომ ჰაკერები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან, თავს ესხმიან არა მხოლოდ სახელმწიფო, დიპლომატიურ და ანალიტიკურ ცენტრებს, არამედ სამედიცინო და ენერგეტიკულ დაწესებულებებს. დასავლეთი თვლის, რომ  ყველაზე დიდ საფრთხეს ორი რუსული კიბერ დაჯგუფება ქმნის. ესენია APT29 (Cozy Bear) და APT28 (Fancy Bear). პირველს ФСБ-სთან აკავშირებენ, მეორეს კი ГРУ-სთან. ცნობილია, რომ ჯგუფმა Fancy Bear მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მონაცემთა ბაზა გატეხა მაშინ, როცა ეს რუსეთის ხელისუფლებას სჭირდებოდა. ამ კიბერ დამნაშავეებმა, სხვა და სხვა ქვეყნის  სპორტსმენების მიერ აკრძალული ნივთიერებების მიღების შესახებ სამედიცინო მონაცემები, მათი რეპუტაციის შელახვის მიზნით გამოაქვეყნეს.

2018 წელს ნიდერლანდების სამეფომ რუსულ სპეცსამსახურებზე მომუშავე კიბერ დამნაშავეების საჩვენებელი ეგზეკუცია მოაწყო და ქვეყნიდან რუსეთის 4 მოქალაქე გააძევა, რომლებსაც დიპლომატიური პასპორტები ჰქონდათ. ამ ქვეყნის სამხედრო დაზვერვის გამოძიებით დადგინდა, რომ ამ პირებმა, რომლებიც ГРУ-ს ოფიცრები იყვნენ,  ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციების სერვერების გატეხვა სცადეს. ნიდერლანდებმა ისინი ამ მცდელობისას დააკავა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობაც ჩამოართვა.

რაც შეეხება გერმანიის ისტორიაში ყველაზე მსხვილ კიბერ შეტევას, რომელიც 2015 წლის აპრილში მოხდა,  ჰაკერებმა მაშინ ბუნდესტაგიდან 16 გიგაბაიტის მოცულობის მონაცემების მოპარვა შეძლეს. ეს თავდასხმა იმდენად სერიოზული იყო, რომ გერმანული პარლამენტის კომპიუტერული სისტემის გათიშვა რამდენიმე დღით გახდა საჭირო. მოპარული იყო ანგელა მერკელის პირადი ფოსტიდან ინფორმაციაც. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გერმანიამ ევროკავშირის ქვეყნებს ასეთი დანაშაულებისთვის სანქციების დაწესება შესთავაზა. ჩატარებული გამოძიების შემდეგ კი ბერლინმა ამ უპრეცედენტო შეტევაში რუსეთის ხელისუფლება ღიად დაადანაშაულა და  გამოაცხადა საერთაშორისო ძებნა დიმიტრი ბადინზე და გრუ-ს სხვა ოფიცრებზე.

კრემლის სპეცსამსახურების ჰაკერები ისევ სანქციებით დასაჯესრუსი ჰაკერების სამიზნე არა ერთხელ გამხდარა საქართველო და უკრაინა. 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე კიბერთავდასხმა მოხდა. გაითიშა ათასობით ვებ-გვერდი. 2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა რუსეთმა განახორციელა.  გამოძიება საქართველომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივად ჩაატარეს. რუსეთის ხელისუფლების ეს ქმედებები არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ დაგმო. უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებიც მრავალია. სულ ახლახან, 2021 აპრილის ბოლოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო უწყებებზე რუსეთის სპეცსამსახურების თავდასხმის მცდელობის აღკვეთა შეძლო. თავდასხმის მიზანი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები და თვითმმართველი ორგანოები იყო, ამას გარდა, ჰაკერები ცდილობდნენ დაებლოკათ ინფორმაციული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

ის, რომ ამ ჰაკერებს არა მხოლოდ ინსტიტუციების განადგურება, არამედ კონკრეტული ადამიანური ტრაგედიების გამოწვევა შეუძლიათ, ეს 2020 წლის 10 სექტემბერს მომხდარი შემთხვევის დროს გამოჩნდა. დიუსელდორფის საუნივერსიტეტო კლინიკის კომპიუტერულ სისტემებზე განხორციელებული კიბერ თავდასხმის შედეგად, ასაკოვანი ქალბატონი დაიღუპა. იმის გამო, რომ კლინიკის კომპიუტერული სისტემა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ქსელიდან გამორთეს, უმძიმესი პაციენტის გადაყვანა უფრო შორს მდებარე კლინიკაში გახდა საჭირო. გზაში პაციენტი გარდაიცვალა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამ კლინიკაზე თავდასხმა რუსი ჰაკერების არსენალში არსებული მეთოდებით მოხდა.

კრემლის სპეცსამსახურების ჰაკერები ისევ სანქციებით დასაჯესრუსი ჰაკერები, რომლებიც კრემლის სპეცსამსახურებზე აქტიურად მუშაობენ, მსოფლიო პანდემიის პირობებშიც მავნებლურ საქმიანობას ეწევიან. როგორც ცნობილია, ისინი საერთაშორისო კვლევითი ცენტრების კომპიუტერულ სისტემებს იმისთვის  დაესხნენ თავს, რომ ამ ლაბორატორიებში შექმნილი კოვიდ19-ის ვაქცინების  შესახებ ინფორმაცია მოეპარათ.

გიორგი მარგიშვილი