რას ფიქრობენ რუსულ დაზვერვაზე დასავლეთში

რას ფიქრობენ რუსულ დაზვერვაზე დასავლეთშიგერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თომას ჰალდენვანგმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-სთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვა ისეთივე აქტიურია გერმანიაში, როგორც „ცივი ომის“ პერიოდში იყო. ჰალდენვანგის თქმით, კრემლს  კომპლექსური სადაზვერვო ინტერესი აქვს გერმანიის მიმართ  თითქმის ყველა სფეროში. დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის მეთოდები უფრო და უფრო უხეში და სასტიკი ხდება და ამის მაგალითად 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაასახელა, რაშიც სააგენტო რუსეთის მთავრობას ადანაშაულებს.

თომას ჰალდენვანგის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელმა, რიჩარდ მურმა განაცხადა, რომ რუსეთი ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების წინაშე მდგარი „დაღმავალი“ სახელმწიფოა, რომელიც სულ უფრო მეტად სუსტდება.  მურმა რუსული დაზვერვის არალეგალურ აქტივობებსაც გაუსვა ხაზი.

რას ფიქრობენ რუსულ დაზვერვაზე დასავლეთშიჩეხეთის დაზვერვის სამსახურმა დაასკვნა, რომ რუსეთისა და ჩინეთის საიდუმლო  სამსახურები ჩეხეთის ეროვნული ინტერესებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდნენ – „რუსეთი თავისი მოწინააღმდეგეების დესტაბილიზაციას ცდილობს, მაშინ როდესაც ჩინეთი, საკუთარი ინტერესების ლეგიტიმაციის მიზნით, თანამოაზრე ქვეყნების გაერთიანებაზეა ორიენტირებული.“ ჩეხეთის დაზვერვა ძალიან კარგად ხსნის რუსული გავლენის ოპერაციების მექანიზმსა და ჰიბრიდული ომის ელემენტებს. მიზნის მისაღწევად მოსკოვი ხშირად ე.წ. არასახელმწიფო აქტორებს იყენებს, დავალებებს მათ დაზვერვის სამსახურები აძლევენ, მაგრამ ფაქტის გამოაშკარავების შემთხვევაში ოფიციალურად კავშირს უარყოფენ. ამ შემთხვევაში კრემლის კერძო სამხედრო კონტრაქტორ კომპანია „ვაგნერზეა“ საუბარი.

ჩეხეთის დაზვერვის ანგარიში, რუსული დაზვერვის თაოსნობით განხორციელებულ კიბერშეტევებსაც განიხილავს. აქვე ევროკავშირის მიერ რუსეთის და ჩინეთის დაზვერვის სამსახურების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტიც უნდა გავიხსენოთ. სანქცირებულთა სიაში რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები ალექსეი მინინი, ალექსეი მორენეცი, ევგენი სერებრიაკოვი და ოლეგ სოტნიკოვი მოხვდნენ. ისინი ნიდერლანდებში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე არიან პასუხისმგებლები. ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამოძიებაში იყო ჩართული.

რას ფიქრობენ რუსულ დაზვერვაზე დასავლეთშირუსული დაზვერვა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი კიბერშეტევის, NotPetya-ს უკანაც იდგა. ამ „მავნე“ პროგრამის მთავარი სამიზნე დიდი კომპანიები იყვნენ. მიიჩნევა, რომ NotPetya-ს მიერ გამოწვეულმა ზარალმა 10 მილიარდ დოლარს მიაღწია. შეტევის მთავარი სამიზნე უკრაინა იყო, სადაც ჩერნობილის ატომური სადგურის მონიტორინგის სისტემა გაითიშა, ასევე შეფერხდა ბანკებისა და მეტროპოლიტენის ნორმალური ფუნქციონირებაც.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლოს, საკრებულოების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებზე და კომპიუტერულ მართვით სისტემებზე ჰაკერულმა ჯგუფმა, Fancy Bear-მა თავდასხმა განახორციელა. ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დადგინდა, რომ ოპერაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

ლიეტუვას საფრთხეების შეფასების ანგარიშშიც ლიეტუვას ტერიტორიაზე რუსეთის და ბელარუსის სადაზვერვო სამსახურების აქტიურობაა აღნიშნული. ესტონეთის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი კი, ქვეყნის სუვერენიტეტის ერთადერთ ეგზისტენციალურ საფრთხედ რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო აქტივობებს ასახელებს.

დავით ქარსელაძე