როგორ მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები

როგორ მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დაარღვია და ქვეყნის ტერიტორიები მიიტაცა, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს მიმართა. სანქციები რამდენიმე ტიპის არსებობს – ფინანსური, ინდივიდუალური, ვიზასთან ან ეკონომიკის კონკრეტულ სფეროებთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. რუსეთის ხელისუფლება ხშირად იტყუება, რომ სანქციები არ მუშაობს და ეს ევროპის მხრიდან ფუჭი ძალისხმევაა. სინამდვილეში, სანქციები ძალიან კარგად მუშაობს და თუ როგორ, ამას სტატიაში გაიგებთ.

გასულ თვეში ევროკავშირმა გადაწვყვიტა, რომ რუსეთისთვის ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების ვადა 2022 წლის 23 ივნისამდე კვლავ გააგრძელოს. „ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას არ ცნობს და საერთაშორისო სამართლის დარღვევას გმობს. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ პირველად 2014 წლის ივნისში დავაწესეთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიზანმიმართულად დარღვევისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის გამო. ევროკავშირის მხრიდან უკრაინის კრიზისის საპასუხოდ მიღებული სხვა ზომები რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორებისთვის დაწესებულ სანქციებსა და ინდივიდუალური შეზღუდვებს ითვალისწინებს.“ ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროკავშირის მხრიდან სანქციების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მალევე, 30 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა გადაცემა „პირდაპირ ხაზში“ განაცხადა: „ რუსეთი დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციებისა და მუქარის მიუხედავად, განვითარებას აგრძელებს.“ პუტინმა მაყურებლები დაარწმუნა, რომ რუსეთის ეკონომიკა  სანქციების წნეხს „ერგება“ და კიდევ ერთხელ დაემუქრა ევროპას: „ თუ ზღვარს გადაკვეთენ, ჩვენგან ასიმეტრიულ პასუხს მიიღებენ.“

როგორ მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები12 ივლისს გაირკვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ კონკრეტულ ეკონომიკური სფეროებში სანქციები ევროპულმა საბჭომაც გააგრძელა. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს ეს კონკრეტული სანქციების პაკეტი პირველად ძალაში 2014 წლის 31 ივლისს შევიდა, რუსეთის მხრიდან მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობისა და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზეზით. 2014 წლის შემდეგ ევროპული საბჭო ყოველ ექვს თვეში სანქციებს ახანგრძლივებს, რადგან მოსკოვი საერთაშორისო სამართლის დარღვევას აგრძელებს. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსულ ბანკებს ევროკავშირის ბაზარზე წვდომა კვლავ შეზღუდული ექნებათ. რუსეთს ევროკავშირის ქვეყნებში სამხედრო ან თავდაცვასთან დაკავშირებული პროდუქციის ექსპორტიც აკრძალული აქვს, თავის მხრივ ევროპული ქვეყნები უარს აცხადებენ კრემლისთვის მსგავსი პროდუქციის მიწოდებაზე. ევროპული საბჭოს სანქციები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ენერგეტიკასაც შეეხება და რუსეთს ამ მიმართულებით შეზღუდვებს უწესებს. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, სანქციების ეს პაკეტი 2022 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდა.

კრემლის პროპაგანდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ მტრულ ნაბიჯად ფუთავს. სინამდვილეში, სანქციები რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის საპასუხოდ მიღებული პროპორციული ზომებია. პუტინის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე გავლენა არ აქვს, ტყუილია. ეს სიცრუე რუსეთის მოქალაქეებთან ერთად, რუსული ოკუპაციის მსხვერპლი ქვეყნების მოქალაქეებზეც არის გათვლილი, რომ კრემლი უძლეველ ძალად წარმოადგინოს და ადამიანებს ნიჰილიზმი ჩაუნერგოს.

არადა, 2014 წლიდან რუსეთის ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 0.3 პროცენტით იზრდება, როდესაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 2.3 პროცენტია. სანქციების დამსახურებაა, რომ რუსეთი საგარეო ვალს ვეღარ იღებს და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამ ფაქტორებმა თავის მხრივ რუსეთის წლიური ეკონომიკური ზრდა 2014 წლიდან 2.5-3 პროცენტით შეამცირა. სასოწარკვეთილი მოსკოვი დახმარების სათხოვნელად მის ვითომ პარტნიორ ჩინეთს მიადგა, მაგრამ დასავლეთის შიშით ვერც ბეიჯინგმა გაბედა კრემლისთვის კრედიტის შეთავაზება. კაპიტალის ანგარიშები ცხადყოფს, რომ რუსეთს იმაზე მეტი კაპიტალი ტოვებს, ვიდრე ქვეყანაში შედის. დასავლურმა სანქციებმა რუბლის გაცვლითი კურსიც შეამცირა. რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციურია და პუტინს დასავლური სანქციები პირობებში მისი „გაცოცხლება“ ფიზიკურად არ შეუძლია.

როგორ მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებისანამ რუსეთის პრეზიდენტი ძლიერი ლიდერის იმიჯს ირგებს და ხალხს ატყუებს თითქოს ყველაფერს აკონტროლებს, მას სანქციების დამანგრეველი შედეგებისგან თავის დაღწევა არ შეუძლია. სწორედ ამიტომ საუბრობს ამდენს სანქციებზე თავად პრეზიდენტიც და რუსული ელიტაც. პუტინს სურს რუსებს დააჯეროს, რომ რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა ქვეყანას ძვირი არ უჯდება, რომ მშვიდად გააგრძელოს საქართველოს და უკრაინის ოკუპაცია. სანქციების გარშემო პუტინის პროპაგანდა ქართველებს და უკრაინელებსაც ეხება, რადგან ამ ქვეყნების მოქალაქეებს უჩენს განცდას, რომ დასავლეთს მათი რუსეთისგან დაცვა არ შეუძლია. თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები დაიჯერებენ, რომ დასავლეთი უძლურია, ისინი რუსულ ორბიტას დაუბრუნდებიან. სინამდვილეში დასავლეთის სანქციები იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე წარმოგვიდგენია. სხვათაშორის, სწორედ სანქციების შიშით შეიკავა თავი 2014 წელს რუსეთმა უკრაინაში უფრო ღრმად შეჭრისგან. პუტინი ყველაზე კარგად გრძნობს მისი აგრესიული პოლიტიკის გამო დაწესებული კოლექტიური სანქციების შედეგს რუსულ ეკონომიკაზე და ამიტომაც ახსენებს მათ თითქმის ყველა განცხადებაში.

სოფო რაინაული