ირაკლი კობახიძე: „ნათელაშვილმა ყველანაირი მორალური უფლება დაკარგა, რომ ამ პარლამენტში იყოს“

ირაკლი კობახიძე: „ნათელაშვილმა ყველანაირი მორალური უფლება დაკარგა, რომ ამ პარლამენტში იყოს“პარლამენტის წევრების – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა. მისი განმარტებით, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა კონკრეტული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე.

„ვეცდები განვმარტო თითოეული შემთხვევა – ერთია ნათელაშვილის შემთხვევა, სადაც მას უწევს კონსტიტუციის მიხედვით უფლებამოსილების შეწყვეტა და ეს პარლამენტის დისკრეციული უფლებაა. თუ არ ვცდებით მას უკვე ორჯერ არ შევუწყვიტეთ უფლებამოსილება. პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა კონკრეტული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე. სამართლებრივ ნორმაში წერია – თუ დეპუტატი აცდენს სესიის ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში მას უცდება უფლებამოსილება. მას აქვს გაცდენილი ყველა სხდომა. ანუ საფუძველი სამართლებრივი არის მოცემული, დანარჩენი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საქმე.
რაც შეეხება ნათელაშვილის პარლამენტში ყოფნას, მე მგონია, რომ მან ყველანაირი მორალური უფლება დაკარგა, რომ იყოს წარმოდგენილი ამ პარლამენტში. მან ეს იცის და ახლა წამოიწყო შოუ. იცის მან, ომ მისი უფლებამოსილება 99%-ით იქნება შეწყვეტილი, შესაბამისად რაღაცა შოუ შემოგვთავაზა.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას – მან არაერთხელ განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატი არ აინტერესებს, და ბევრი სხვა მიზეზიც არის რის გამოც, მე მგონია რომ მის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დადებითად გადაწყვეტა იქნება ლეგიტიმური.

მესამე არის ბადრი ჯაფარიძის საკითხი – ესაა განსხვავებული მოცემულობა: თუ იმ შემთხვევაში სესიის ნახევარზე მეტი ჰქონდა გაცდენილი ნათელაშვილს და ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში საფუძველი არის სისხლის სამართლის საქმე. ბრალი არის დადგენილი და ეს არის ძალიან მძიმე ბრალი. ხანდაზმულობა ამ კუთხით, მორალური თვალსაზრისით ბევრს არაფერს ცვლის. აქ მთავარი პრობლემა რა არის: როდესაც ადამიანი ჩადის დანაშაულს, ის ხდება რაღაცნაირად იძულებული, რომ დაუპირისპირდეს სისტემას. ამ სისტემაში შედის პარლამენტიც, სასამართლოც. ჩვენ ეს ვიხილეთ ბადრი ჯაფარიძის მაგალითზე, მას მოუწია ბრალის არ აღიარება. რა თქმა უნდა პოლიტიკოსისთვის ძნელია თაღლითობის აღიარება. შესაბამისად ნაცვლად ეღიარებინა დანაშაული, დაუპირისპირდა სისტემას. ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა პარლამენტს აქვს გადაწყვეტილება მისაღები და ყველა ფაქტორი იქნება მხედველობაში მიღებული“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე – რომ ეღიარებინა ბადრი ჯაფარიძეს ბრალი, თუ შეიცვლებოდა გადაწყვეტილების მიღებისას რამე, ირაკლი კობახიძე ასე პასუხობს:

„თავისთავად ბრალის აღიარება და შესაბამისად აღიარება სისტემის, ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებისას“.