ნინო ლომჯარიას პირადი ცხოვრების დეტალები 

ნინო ლომჯარიას პირადი ცხოვრების დეტალები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სამუშაო პოზიციაზე ბოლო წელი აქვს. ქართული საზოგადოება ახალ სახალხო დამცველს ელოდება. მომავალი ომბუდსმენი 6 წლის ვადით, 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიონ.

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ნინო ლომჯარია ახერხებს, რომ პირად ცხოვრებასაც მიხედოს, თუმცა ამაში დიდი წილი მის მეუღლეს და ოჯახსაც მიუძღვის.

ერთ-ერთ გადაცემაში სახალხო დამცველი საკუთარი ოჯახის და იმ ხელშეწყობის შესახებ საუბრობს, რომელიც მას პირველივე დღეებიდან ჰქონდა.

„მე მაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩემი ოჯახის მხრიდან. ჩემი მეუღლე ყოველთვის მიქმნიდა კომფორტს, რომ მე მემუშავა და არ მქონოდა საფიქრალი, რა ხდებოდა სახლში. ბევრმა საზრუნავმა მასზე გადაიარა, თუმცა ამის გამო ჩემთვის პრობლემა არასდროს შეუქმნია. ჩემი მხრიდან ნამდვილად ვცდილობ, ვიყო ბავშვებთანაც და მივაქციო შეძლებისდაგვარად ყურადღება. ოჯახის მხარდაჭერის გარეშე ერთეული ქალები შეძლებენ, რომ იყვნენ პროფესიონალურად წარმატებულები და ასევე ჰქონდეთ ბედნიერი ოჯახი. ეს არის რთული“,- ამბობს ნინო ლომჯარია.

იგი მეუღლესთან პირველად შეხვედრასაც იხსენებს და ამბობს, რომ ყველას გაუკვირდა, როდესაც 21 წლის ასაკში გათხოვდა.

„მე არ მქონდა გადაწყვეტილი გათხოვება და მტკიცედ მჯეროდა, რომ ჯერ უნდა ყოფილიყო კარიერა და შემდეგ ოჯახი, მაგრამ მოხდა სრულიად საწინააღმდეგო. ჩემი მეუღლე გავიცანი ზღვაზე, 20 წლის ვიყავი. 21 წლის დავოჯახდი მალევე და ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი. მისთვის თავიდანვე აშკარა იყო ჩემი გეგმები, რომ ვგეგმავდი საზღვარგარეთ სწავლას და მუშაობას. ამაზე თავიდანვე ორივე შევთანხმდით.

როდესაც პატარა ბავშვი მყავდა, მაშინ მომივიდა სწავლის დაფინანსებაზე თანხმობა და მე ვყოყმანობდი, თუმცა ჩემმა მეუღლემ და დედამთილმა მითხრეს, რომ შენ უნდა წახვიდე და გააგრძელო სწავლაო. ასეთ დამოკიდებულებას ვგრძნობ დღემდე“,- აღნიშნავს სახალხო დამცველი.