საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების ექსპლუატაციაში მიღების წესს განსაზღვრავს. კანონპროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8-მ კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
კენჭისყრამდე დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი ამ პროექტს დაამტკიცებს, მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.
კონკრეტულად კი, სადავო იქნება მიჯნის ზონების საკითხი, რომლის დაცვასაც ითხოვს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო კოდექსი. ამ საკითხზე შენიშვნები ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ურბანული განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, ანა ბიბილაშვილსაც.
კენჭისყრამდე პარლამენტარებმა – არმაზ ახვლედიანმა და ანა ნაცვლიშვილმა კიდევ ერთხელ დააკონკრეტეს, რომ აქ საუბარი არ არის მოქალაქეების დახმარებაზე, რომლებსაც რეალურად აქვთ საკუთრების დარეგისტრირების პრობლემა: „ ეს არის ადამიანების ინტერესებით მანიპულირება“ – საუბარია ბიზნესის ინტერესებსა და კორუფციის რისკებზე.
„ეს არის ნათელი გზავნილი სხვა ქალაქებისთვის, რომ დარღვევებისთვის მათაც პასუხი არ მოეკითხებათ… თუ კანონმდებლობასთან მორგება არის არაპროპორციული ტვირთი, მაშინ ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, იმიტომ, რომ როდესაც თამაშის წესები არის დადგენილი, ვიღაც ერგება ამ თამაშის წესებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
წყარო: ბათუმელები