„ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელია პასუხობს.
– ბატონო ნიკა, როგორ აფასებთ განვლილ 2023 წელს ეკონომიკური კუთხით? ხელისუფლებას თუ მოვუსმენთ, დიდი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მოსახლეობის ჯიბეს კი ეს ნამდვილად არ ეტყობა. თქვენ რას იტყვით ამ ყველაფერზე?
– ოფიციალურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ის ასეთია: სავაჭრო ბრუნვა გაზრდილი გვაქვს 19 მილიარდ 626 მილიონამდე. აქედან, ექსპორტი გაგვეზარდა 14%-ით, იმპორტიც გაგვეზარდა 16%-მდე. ხოლო სალდო გვაქვს უარყოფითი, 8 მილიარდ 457 მილიონამდე. ვერ ვიტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებული წელი იყო. ასე არ არის. კარგად ვიცით, რომ ექსპორტის გაზრდაში არის ისეთი საქონელი და მომსახურება, როგორიც არის ავტომობილების გაყიდვა. ვიცით, რომ საქართველო ავტომობილებს არ აწარმოებს, ეს უფრო სანქციების შედეგს უნდა მივაწეროთ.
– რას იტყვით ინფლაციაზე?
– რაც შეეხება ინფლაციას, წლიური ინფლაცია 0,8%-ის ფარგლებშია. ეს ციფრი საკმაოდ დაბალია, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ეს რეალურია.
– ბატონო ნიკა, ერთს ამბობს ხელისუფლება და მეორეა, რა მდგომარეობაშია ხალხი. მოსახლეობის ჯიბეს არც დაბალი ინფლაცია ეტყობა და არც გაზრდილი ეკონომიკა. რით ხსნით ამ ყველაფერს?
– მოსახლეობას სულ არ აინტერესებს, ინფლაცია რამდენია, მოსახლეობას აინტერესებს, რომ დაბალი ფასები იყოს. თითქოს უმუშევრობის დონეც შემცირებულია. ბევრი უცხოური და რუსული კომპანია გაიხსნა და თითო ადამიანიც რომ დაესაქმებინათ, ესეც კარგია და ეს იმოქმედებდა უმუშევრობის დონეზე. რაც შეეხება გამოწვევებს, გამოწვევები ისევ ისეთია, რაც იყო – სიდუხჭირე, უმუშევრობა, მოსახლეობის გადინება უცხოეთში. მუშახელი ტოვებს ჩვენს ქვეყანას. ასევე კვლევები ადასტურებს, რომ ყოველი მეოთხე და მეხუთე ბავშვი შიმშილობს საქართველოში. შესაბამისად, ის ეკონომიკური მიღწევები, რითაც ჩვენი ხელისუფლება თავს იქებს, საერთოდ არ აისახება მოსახლეობაზე. ანუ ისევ გვაქვს ორი ეკონომიკა. გვაქვს ციფრების ეკონომიკა და გვაქვს ფაქტების ეკონომიკა.
– ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეები აქტიურად ტოვებენ ჩვენს ქვეყანას. ეს ტენდენცია განსაკუთრებით აჭარაში შეინიშნებაო. ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია?
– ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს, თუ რამდენი გაბრუნდა უკან. თუმცა, ის, ვინც ჩამოვიდა, კომპანიები გახსნეს, ყველანი ადგილზე არიან და აქ მუშაობენ. უფრო მეტიც, 8 ათას ბინამდე აქვთ შეძენილი ამ ორი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში. რუსები ასევე მოდებულები არიან სარესტორნო ბიზნესებს, გახსნილი აქვთ კაფე-ბარები. თუ ვინმე გავიდა, დარწმუნებული ვარ, 2024-ში, როდესაც გამოცხადდება მობილიზაციის მეორე ტალღა, რუსეთიდან უკან ჩამოვლენ.
– გაძვირებულ ფასებზე საუბრობდით და პირველი იანვრიდან, კომერციულ სექტორს წყლის საფასური გაუძვირდა. საუბარია, რომ გაიზრდება ბუნებრივი აირის ტარიფიც. ეს ფასებს კიდევ უფრო ხომ არ გაზრდის?
– ეს იმის მანიშნებელია, რომ მწარმოებელი ფასებს თუ არ გაზრდის, არც შეამცირებს, რის მოლოდინიც მოსახლეობას ჰქონდა. იმაზე საუბარი, რომ ინფლაცია დაბალია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობისთვის ფასები გაიაფდება. დღეს ფასები არის კატასტროფული. შარშან ამ დროს ასეთი გაზრდილი ფასები არ იყო. ასევე ძალიან მაღალია საწვავის ფასები. კატასტროფულად მოიმატა ფასებმა ტრანსპორტზე, ტაქსით გადაადგილება ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ძალიან ძვირია ხორცეული, თევზი, რძის პროდუქტები, ასევე კარაქი და სხვა ცხიმები. აქედან გამომდინარე, გეტყვით, რომ რეალური ინფლაცია, დაახლოებით 20%-ია ამ სეგმენტზე.
– ხელისუფლება რომ სხვას გვიმტკიცებს?
– ეს არის უბრალოდ ციფრების ეკონომიკა, რეალური ინფლაცია ძალიან მაღალია. მთავრობა რომ გვიმტკიცებს 0,8%-იაო, მაშინ პარადოქსია, თუკი ასეა, ეროვნული ბანკი რატომ არ წევს საპროცენტო განაკვეთს თუნდაც 5%-მდე?! ახლა ჩამოწია და 9,5% გახადა. ზოგიერთი კომერციული ბანკი აცხადებს, რომ დეპოზიტებზე მომიტანეთ თანხა ლარებში და 13%-ს მოგცემთ. რის მანიშნებელია ეს?!
– რაზე მიანიშნებს?
– ეს არის მანიშნებელი იმის, რომ ეკონომიკა არის არასტაბილური, ელოდებიან ინფლაციურ პროცესებს და ელოდებიან ლარის კურსთან დაკავშირებულ მერყეობას. აი, ეს მოლოდინები აქვთ.
– როგორი იქნება ლარის კურსი? ამ კუთხით რის თქმა შეგიძლიათ?
– რაც შეეხება ლარის კურსს, იანვარი, თებერვლის 15 რიცხვამდე, დიდ მერყეობას არ ველოდებით. ასევე, საარჩევნო წელიწადია და სავარაუდოდ, მთავრობა შეეცდება ყველაფერს, რომ ლარის კურსი 2,70-2,75-ის ფარგლებში შეინარჩუნოს.
– კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და საბანკო სექტორზე რაიმე მითითებებს ხომ არ ელით? ძალიან მაღალია საპროცენტო განაკვეთი. შეამცირებენ?
– რაც უნდა მოხდეს, ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთს დაბლა მაინც არ ჩამოწევს. ეროვნული ბანკის ქმედებები, არასდროს არ ემსახურებოდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ის ემსახურება რამდენიმე კომერციული ბანკის კეთილდღეობას. ამ ქვეყანაში ისეთი რეალური ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება, რომ ეს ამ ქვეყნის მოსახლეობას დაეტყოს. მიუხედავად ამ ლამაზი ციფრებისა, ის გამოწვევები, რაც არსებობდა, არსად წასულა. დაიცალა ქვეყანა, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან. საარჩევნო წელია, ბევრი გამოწვევაა წინ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთული წელი იქნება. შემოდგომაზე სერიოზულ ვნებათაღელვას ველოდები.
ნონა ცაბაძე