ლევან იოსელიანი წალკის მუნიციპალიტეტს ეწვია

ლევან იოსელიანი წალკის მუნიციპალიტეტს ეწვია სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანი წალკის მუნიციპალიტეტს ეწვია და “შეხვედრები გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და აჭარისა და სვანეთის რეგიონებიდან წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ ეკომიგრანტებთან”.

„შეხვედრებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, წყალმომარაგებასთან, ელექტროენერგიის მიწოდებასა და გაზიფიცირებასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაუსვეს საკუთრების უფლების დაკანონებისა და მიწის რეგისტრაციის სირთულეებს, რაც ყველაზე მეტად ეკომიგრანტებს უქმნის პრობლემებს და მუნიციპალიტეტში მათი შემდგომი პერსპექტივების განსაზღვრას უშლის ხელს.

უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე მდგარ გამოწვევათა შორის, სხვა საკითხებთან ერთად, სრულფასოვანი განათლების მიღების, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისებით სარგებლობისსაკითხები გამოიკვეთა.

ისაუბრეს ასევე, ბილინგვური სწავლების მეთოდის საყოველთაო დანერგვის აუცილებლობაზე და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მნიშვნელობაზე, რომლის ერთ-ერთ სასწავლო მიმართულებას სახელმწიფო ენის სწავლება და ინტეგრაცია წარმოადგენს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქალთა ჩართულობის, კერძოდ კი, ადგილობრივ თვითმმართველობებში მონაწილეობის მდგომარეობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი მუდმივად ხვდება სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას და პირადად მათგან ეცნობა მათ უფლებრივ მდგომარეობას” – აღნიშნავს სახალხო დამცველის აპარატი.აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღის შემდეგ არც ომბუდსმენს და არც სახალხო დამცველის აპარატს არც განცხადება და არც სხვა სახის ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.