საქართველოს მოქალაქეების მანიფესტი ქვეყნის დე ფაქტო მმართველ, ბიძინა ივანიშვილს! – (ვიდეომიმართვა)

საქართველოს მოქალაქეების მანიფესტი ქვეყნის დე ფაქტო მმართველ, ბიძინა ივანიშვილს! - (ვიდეომიმართვა)ცამეტი წლის წინ, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ ქველმოქმედად და ოპოზიციის ლიდერად მიგიღეთ, გვერდზე დაგიდექით და ქვეყნის გაძღოლა განდეთ.
აპრილიდან მოყოლებული ჩვენი არ გესმის, არ ხედავ, არ გრძნობ.
ახლა, ჩვენი დაუცველობის მიუხედავად, გწერთ ყველა ჩვენგანის და შენი სიკეთისთვის.
300 ქართველი გვაწამე და დაგვასახიჩრე 28 ნოემბრიდან.
500-მდე ჩვენგანი დაატუსაღე.
სიცრუით, ავაზაკურად მომართული ადამიანები შეგვასიე.
განსხვავებული აზრის მქონეებთან ვერასოდეს ითანამშრომლე დიდხანს.
სულით უფრო უღირსი ჩვენგანები დაიახლოვე და თანდათან ქვეყნის სათავეში დააწინაურე.
არჩევნები უსამართლოდ წარმართე და სისტემურად გაგვიყალბე.
ცდილობ, რომ უკიდურესად დაბალი სტანდარტის ადამიანი ქვეყანას და ხალხს თავს წამოგვასვა.
კონსტიტუციის მე-7 და 78-ე მუხლები თანდათან ფეხქვეშ გაგვითელე.
უპარტნიოროდ გვიტოვებ ქვეყანას.
სამართალი მიისაკუთრე.
დეზინფორმაციით გვაპირისპირებ ერთმანეთთან ინდივიდუალისტი ერის შვილებს.
სიხარბით გვრყვნი.
გირჩევნია, საზღვარგარეთ გავიხიზნოთ, ფული ვგზავნოთ შინ და ჩუმად ვიყოთ, ვიდრე თავისუფალი აზრი ვატაროთ და ძლიერი საქართველო ვაშენოთ ერთად.
ასე ჩანს, ეშმაკი შეუშვი სულში და ქრისტე განდევნე.
ღმერთის ტაძარში ხელების ფათურით, ჩვენს ცოდვილ სულებს უფრო გვისუსტებ.
ეჭვი გაგვიჩინე, რა მიზნით იყო გაკეთებული შენ მიერ ქმნილი სასარგებლო საქმეები.
შენს ერს დაგვშორდი და გეშინია ჩვენი.
სიმართლის გეშინია.
სიმამაცე დაკარგე.
სიყვარული დაკარგე.
ახლა რამ გაგამხეცა? რად გვებრძვი შენს ერს? რისი იმედი გაქვს?
ასე შეიძლება, ქართველი ერი სასიკვდილოდ დასუსტდეს და საქართველო დაკნინდეს.
როგორც გვირევ ქვეყანას და ამტვრევ ხიდებს, ისე მოიქეცი ღირსეულად და იპოვნე გაცლის საუკეთესო გზა, რომ ერმა და ქვეყანამ განახლება შევძლოთ.
დიდსულოვნებას მოვუხმობთ, შურისძიებას არ მივმართავთ, ყველა ქართველი ძვირფასია.
ამიერიდან შენი ღირსეული საქციელით, იქნებ შენი სახელი კარგადაც დარჩეს მომავალს.
#გვებრძვი #გხედავთ #გიცნობთ