გელა ნიკოლაიშვილი: “ელისო კილაძის და ხატია დეკანოიძის შვილებს ნარკოტიკი შეიძლება ჩაუდეს”

გელა ნიკოლაიშვილი: "ელისო კილაძის და ხატია დეკანოიძის შვილებს ნარკოტიკი შეიძლება ჩაუდეს"“ახალ თაობასთან” საუბარში უფლებადამცველი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ბოლო ხანებში ხელისუფლების მხრიდან გახშირდა ნარკოტიკების ჩადების შემთხვევები.
_ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია თავი დავდო იმაზე, რომ თუნდაც ელისო კილაძის შვილს თუ ხატია დეკანოიძის შვილს ნარკოტიკი არ ჩაუდეს, _ ამბობს ადვოკატი.
_ შვილები იქცნენ სამიზნედ?
_ ჩვენ გვესმის დაკავებულების განცხადებები, რომ ეს არის მათი მშობლების პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე. ასე ხშირად რომ არ ხდებოდეს ჩადების ფაქტები, მე უფრო მეტად დავიჯერებდი, რომ ესენი ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან, ჩვეულებრივად აღმოაჩნდათ ეს ნარკოტიკი და არავითარ პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვს, მაგრამ როდესაც მე ვხედავ, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა არ არის, აქედან გამომდინარე, მე ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ შესაძლოა ეს მართლაც იყოს მათი მშობლების პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული. ეჭვის საფუძველი უბრალოდ არსებობს.
_ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებმა რამდენად იმატა წინასწარი დაკავების იზოლატორებში?
_ ეს რომ მასობრივად ხდებოდეს, ამას ვერ ვიტყვი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ითქვა, რომ ელისო კილაძის შვილს შუბლზე დაზიანებები ჰქონდა, პოლიცია ამტკიცებს, რომ ეს მანამდე ჰქონდა. დაკავებულმაც თქვა, რომ მას ჰქონდა ძველი დაზიანებები და მხოლოდ ერთია ახალი, რომელიც დაკავების დროს მიაყენეს.
ნამდვილად არ არის ეს მასობრივად გავრცელებული ფორმა. ეს არც სჭირდება პოლიციას. თუ სერიოზულ წინააღმდეგობას არ უწევს ადამიანი და თუ გაქცევას არ ცდილობს, ასეთ შემთხვევაში პოლიცია კორექტულად მოქმედებს ხოლმე.
_ ეს ჩადება რამდენად არის კორექტული მოქმედება?
_ ჩადებას კორექტულად მოქმედებას ნამდვილად ვერ დავარქმევ. ქუჩაში რომ მიდიხარ შენთვის, უცებ ხელს გტაცებენ, მანქანაში ჩაგტენიან და იქ ნარკოტიკს ჩაგიდებენ, ესეც ძალის გამოყენებაა! მერე რა, რომ იქ ფიზიკური ზემოქმედება და ცემა-ტყეპა არ ხდება და ფიზიკური დაზიანების კვალი არ რჩება. ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ. ამ შემთხვევაში მათი მიზანი არის ჩადება და არა ის, რომ ფიზიკური ტკივილი მიაყენონ.
“ახალი თაობა”, ნონა ცაბაძე