თორნიკე შარაშენიძე: “ირაკლი კობახიძეს თავში აუვარდა”

თორნიკე შარაშენიძე: "ირაკლი კობახიძეს თავში აუვარდა"ბოლო დროს განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძეს შორის. ”ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.

_ ბატონო თორნიკე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა ახალი მუქარა _ აკრძალვა, ესაუბროს საკუთარ ხალხს საკონსტიტუციო საკითხებზე. თქვენ როგორ გაიგეთ კობახიძის მიმართვა, პრეზიდენტს მართლაც აკრძალვებს უწესებს უმრავლესობა?
_ როგოც ჩანს, შიდა კულუარებში უფრო დაძაბულია სიტუცია. რაც გარედან ჩანს, ეს ყველაფერი იღებს აბსურდის სახეს, რადგან პრეზიდენტს აქვს ყველაზე მეტი პოლიტიკური ლეგიტიმაცია საქართველოში, რადგან ის პირდაპირი წესით არის არჩეული. ეს ფაქტია და ამას ვერავინ წაუვა! ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსზე გაცილებით მეტი ლეგიტიმაცია აქვს პრეზიდენტს! ეს აკრძალვები, შეზღუდვები თუ მუქარები სრული აბსურდია. ეს გაცილებით მომგებიან სიტუაციაში აყენებს პრეზიდენტს და წამგებიანში _ უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯდომარეს.
_ უმრავლესობას სხვა პოზიცია აქვს. იგივე დეპუტატი მდინარაძე აცხადებს, რომ დეპუტატები დღეს უნდა იყვნენ პლენარულ სხდომაზე და არა _ პრეზიდენტის მორიგ სპექტაკლზე. სპექტაკლია საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობა?
_ როგორც ჩანს, მდინარაძეს თავი მიაჩნია ყველაზე სერიოზულ პოლიტიკოსად ამ ქვეყანაში. ორი დღის წინ მან დააანონსა კიდევ ერთი სისულელე _ რუსთავი 2 სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანუ ნაციონალები სახელმწიფოს წინააღმდეგო. ეს არის კატასტროფული თავად ”ქართული ოცნებისთვის”. საქმის მსგავსი ფორმულირება არ შეიძლება. ეს კიდევ უფრო გააღიზიანებს სტრასბურის სასამართლოს და კიდევ უფრო შემოატრიალებს ”ოცნების” წინააღმდეგ. როდესაც მდინარაძე დარტყმას აყენებს საკუთარ პარტიას საკუთარი ინიციატივებით, არა მგონია, რომ მისმა განცხადებებმა პრეზიდენტს დააკლოს რამე. ამით უფრო გაუმყარებს პრეზიდენტს პოზიციებს.
_ თქვენ როგორ აფასებთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს, რომელთაც ამხელა კრიტიკა მოჰყვა?
_ სიმართლე გითხრათ, კობახიძისგან მსგავსი განცხადებები ძალიან გამიკვირდა. თავიდან პარლამენტის თავმჯდომარე იქცეოდა ძალიან კონსტრუქციულად. ამას ოპოზიციაც აღიარებდა. მერე რა მოხდა, რატომ გამოვიდა წყობიდან, რატომ გააკეთა ეს განცხადებები, ჩემთვის გაუგებარია. ეტყობა, თავში აუვარდა საკუთარი თანამდებობა, თანაც იმ დოზით, რომ ეს ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია.
_ მართლა უშლის ხელს პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას? რატომ არ უნდა უმრავლესობას ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობა?
_ თავის დროზე, როდესაც საუბარი მიდიოდა ჩართულობაზე, რომ კომისიაში წარმოდგენილი ყოფილიყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მათ უარი თქვეს.
_ რატომ თქვეს უარი?
_ ეტყობა, ჩათვალეს, რომ მათი მონაწილეობა იქნებოდა არაფრის მომტანი, არაფერს შეცვლიდა და საბოლოო ჯამში მათ მოუწევდათ დათანხმება იმ კონსტრუქციაზე, რომელსაც მიიღებდა `ქართული ოცნება~. სწორედ ამიტომ თქვეს უარი თავის დროზე.
_ ახლა რა შეიცვალა?
_ ამის შემდეგ ”ქართული ოცნება” ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში სხვადასხვა ფაქტების გამო, მათ შორის რუსთავი 2-ის გარემოების გამო. ასევე გაურკვეველი ციანიდის საქმე და ასე შემდეგ. პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ უფრო აქტიური პოზიცია დაიკავოს ამ პროცესში, “ქართულმა ოცნებამ” კი გააძლიერა დარტყმა პრეზიდენტზე, ცდილობს, მისგან შექმნას მტრის ხატი, რომ ჯოხი მასზე გადატეხოს.
_ რამდენად იჩენს პრეზიდენტი პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას, როგორც ამას პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს?
_ მარგველაშვილის მხრიდან იყო ერთი განცხადება, სადაც მან საკმაოდ მკვახე ფორმით ილაპარაკა საკონსტიტუციო კომისიაზე, თუმცა პრეზიდენტის ეს განცხადება მაშინვე გადაფარა ირაკლი კობახიძის კიდევ უფრო მძიმე განცხადებამ. არაკორექტულობა უმრავლესობის მხრიდან უფრო ხშირად ისმოდა პრეზიდენტის მისამართით.
_ რას უპირებენ პრეზიდენტის ინსტიტუტს?
_ როგორც ჩანს, არ უნდათ დაუშვან პრეცედენტი, რომ ვიღაცას ჰქონდეს თუნდაც იმდენი ლაპარაკის უფლება, როგორც ამას მარგველაშვილი აძლევს თავის თავს. ეს კიდევ ერთი დიდი შეცდომაა. ეს არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი. ერთი პერიოდი, `ქართული ოცნების~ ხელში სიტუაცია თითქოს გამოსწორდა, ამას მე ვამბობ ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, თუმცა ეს არა იმდენად ”ქართული ოცნების” დამსახურება იყო.
_ აბა ვისი დამსახურება იყო?
_ დამსახურება იყო სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიის და ასე შემდეგ. დღეს ”ქართულ ოცნებას” საქმე მიჰყავს იქით, რომ მთელი ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ეს არის რეალობა, რაც ძალიან სამწუხაროა.
დღეს ესენი ცდილობენ სააკაშვილის შეცდომების გამეორებას. როგორც წესი, ჭკვიანი ხალხი სწავლობს სხვის შეცდომებზე, ამათ უნდა ესწავლათ სააკაშვილის შეცდომებზე, მაგრამ მის შეცდომებს უფრო მძიმე ფორმებით იმეორებენ.
_ რაში გამოიხატება ეს სიმძიმე?
_ ძალიან ბევრ რამეში. ჯერ ერთი, საზოგადოებას უნდა უფრო მეტი თავისუფლება, ვიდრე ეს ჰქონდა სააკაშვილის დროს და სწორედ ამ მიზეზით აირჩია “ოცნება”. ასე რომ, საზოგადოება ამათ უფრო არ აპატიებს, ვიდრე არ აპატია სააკაშვილს. მეორე ვადით არჩევა საქართველოში ყოველთვის ხდება, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ირჩევენ მეორე ვადით, ეს ინერციით ხდება. ზუსტად ასე მოხდა ”ქართული ოცნების” შემთხვევაშიც. ისინი ინერციით აირჩიეს და თან ნაციონალების მობრუნების შიშით.
ახლა თუ ფიქრობენ, რომ მესამე ვადითაც დარჩნენ და ამიტომ ყველაფერს ახშობენ და ყველაფერზე ამყარებენ კონტროლს, ეს პირველ რიგში მათ არ მოუტანს კარგს. ნებისმიერი ნაბიჯი, აკრძალვისკენ გადადგმული, უკურეაქციას იწვევს.
_ ”ოცნება” აცხადებს, რომ თუ მარგველაშვილი ასე გააგრძელებს, მაშინ 2018-ში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა აღარ მოხდება.
_ ამ აბსურდით მარგველაშვილს ვერაფერს დააკლებენ. ისევ საკუთარ თავს დაიზიანებენ. თუნდაც რუსთავი 2-ის საქმეც რომ გავიხსენოთ, ვინ წააგო საბოლოო ჯამში, ვინ დაზარალდა?!
_ შეილახა ხელისუფლების იმიჯი ევროსტრუქტურებში?
_ ძალიან შეილახა. იმიტომ, რომ როცა იღებ ვიზალიბერალიზაციას და მეორე დღეს უცებ 9 მოსამართლე რამდენიმე საათში წერს, რომ რუსთავი 2 უნდა დაუბრუნდეს ვითომ ”კანონიერ” პატრონს, მაშინ როცა საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშის არ არის და არც მისი ფულია ჩადებული.
როდესაც საკითხებს უღრმავდებიან, ისინი შეურაცხყოფილები რჩებიან, რომ ”ქართულმა ოცნებამ” ისინი მოატყუა და გადააგდო.
სტრასბურის გადაწყვეტილებამ ასევე სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართული მართლმსაჯულების სისტემას. სტრასბურმა უთხრა ქართულ მართლმსაჯულებას, რომ სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება აჩენს სერიოზულ ეჭვებს. ამაზე მეტი ცუდი რა უნდა მოხდეს?! დღეს პრაქტიკულად დანგრეულია ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა. მე გამოსავალს ვხედავ ერთ რამეში.
_ კონკრეტულად რაში?
_ ყველა მოსამართლე, ვინც გახვეული იყო ამ ისტორიაში, წავიდეს თავისი ნებით თანამდებობიდან და ამითი ააცილოს ქართულ სახელმწიფოს ის სირცხვილი, რომელი მათ აჭამეს! მე მგონი, სხვა გამოსავალი არ არსებობს. `ოცნებას~ ჯერ კიდევ აქვს შანსი სიტყუაციის გამოსწორების, უბრალოდ, მათ ერთი რამ უნდა გაიაზრონ, რომ ისინი პასუხს აგებენ არა საკუთარი ლიდერის, არამედ ქართველი ხალხის წინაშე.
კონსტიტუციაში წერია, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი და არა _ ერთი ადამიანი, რაც უნდა მდიდარი და გავლენიანი იყოს! ვურჩევდი მათ, რომ კონსტიტუცია ხშირად გადაიკითხონ. სამწუხაროდ, კონსტიტუცია ბევრ მათგანს არ აქვს წაკითხული და გააზრებული.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა