შალვა ხაჭაპურიძე: “რუსთავი 2-ის საქმე სტრასბურში 15-20 წელი შეიძლება გაიწელოს”

შალვა ხაჭაპურიძე: "რუსთავი 2-ის საქმე სტრასბურში 15-20 წელი შეიძლება გაიწელოს"”ახალი თაობის” კითხვებს იურისტი, უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს.
_ ბატონო შალვა, საკმაოდ ხშირად გაქვთ შეხება სტრასბურის სასამართლოსთან. როგორ შეაბასებდით იმ მოვლენებს, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმის ირგვლივ განვითარდა?
_ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მე ვიზიარებ. ქიბარ ხალვაშის მხარე აპელირებდა ამორალურ გარიგებაზე და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ნიკა გვარამია რომ აპელირებს, მსგავსი საქმე უკვე იყო უზენაეს სასმაართლოში და უზენაესმა ეს საქმე 20 მაისს გააუქმაო, ეს იყო ჩვენი საქმე.
_ რომელი საქმე?
_ მე ვიცავდი და დღესაც ვიცავ ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის ინტერესებს, რომელიც ფოთის პორტს ეხება და ჩვენ ეს საქმე მოვუგეთ კეზერაშვილს და დოლიძეს. პირველ და მეორე ინსტანციაში მოვიგეთ და გამოვიდა გადაწყვეტილება, რომ გარიგება იყო ამორალური, ხოლო უზენაესმა სასამართლომ ეს საქმე დააბრუნა უკან, იმ მითითებით, რომ ამორალურ გარიგებას კიდევ უნდა დაემატოს, რომ ეს იყო ნების წინააღმეგ დადებული გარიგება.
ჩვენ გერმანელი მეცნიერის შულემანის დასკვნაც გვაქვს, რომ ასეთი ტიპის გარიგებები არის ამორალური და ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. რუსთავი 2-ის საქმეზეც ქიბარ ხალვაშიც ანალოგიურს ითხოვდა. ეს არის კანონიერი. ხოლო რაზეც რუსთავი 2-ის მხარე აპელირებს, ეს არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა!
_ რას იტყვით სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?
_ ეს არის სტრასბურის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი და ეს ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამიტომ გადაწყვეტილება შეჩერებულ უნდა იქნეს.
_ ეს სამოქალაქო საქმესაც ეხება?
_ სამოქალაქო საქმეებზეც ყოფილა მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებული. ამის პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა, თორემ ზოგადად ყოფილა სამოქალაქო საქმეებზეც. ანალოგიური გადაწყვეტილება მინდია უგრეხელიძესაც აქვს გამოტანილი ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე, რასაკვირველია, სხვა სახელმწიფო მაქვს მხედველობაში და არა _ საქართველო. ამ ყველაფერს აქვს თავისი პროცედურები.
_ რა სახისაა ეს პროცედურები?
_ მას შემდეგ, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდებათ, უნდა გაიგზავნოს ეს გადაწყვეტილება მხარის მიერ სტრასბურის სასამართლოში, შემდეგ უნდა მიენიჭოს სარეგისტრაციო ნომერი, შემდეგ უნდა მოხდეს მისი დასაშვებად ცნობა, შემდეგ იწყება კომუნიკაციები, მხარეებს აძლევენ ვადას მათი პოზიციების წარმოსადგენად.
_ ეს პროცედურები დარღვეულ იქნა? თუ საით მიანიშნებთ?
_ ამ შემთხვევაში არ იქნა დარღვეული. როგორც წესი, 39-ე მუხლით როცა შედის განცხადება, სწრაფად მიიღება გადაწყვეტილება, ერთი დღიდან ერთი კვირის ვადაში. ამიტომ საქმე როცა 39-ე მუხლს ეხება, ფაქსით ხდება კომუნიკაცია. იმდენად სასწრაფოა საქმე, რომ ფაქსით ხდება დოკუმენტაციის გაგზავნა-გამოგზავნა.
რა დაინახა აქ სტრასბურმა სასწრაფო და საგანგაშო?! რა წერია დოკუმენტში, რომელიც რუსთავი 2-ის მხარემ გააგზავნა. კარგი იქნება, რუსთავი 2 თუ გააჟღერებს იმ დოკუმენტს, რომელიც გაუგზავნა სტრასბურის სასამართლოს. მოგვიანებით ეს მაინც გახდება ცნობილი, რადგან იუსტიციის სამინისტროს, როგორც მხარეს, ამ დოკუმენტს მაინც გადაცემენ.
_ ასეთი რა უნდა მიეწერა?
_ როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, რუსთავი 2-ს მიწერილი აქვს, რომ აქ შესაძლოა მოხდეს სისხლისღვრა, არეულობა, ხალხის ქუჩაში გამოსვლა და ასე შემდეგ.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ დაამძიმეს სურათი?
_ დაზაფრეს სტრასბურის მოსამართლეები. ამერიკის ელჩს გააკეთებინეს განცხადებები. მოკლედ, მუშაობა არ ეშლებათ. მე ვერც რუსთავი 2-ის იურისტებს გავამტყუნებ, იმიტომ ხარ მხარის მიერ დაქირავებული ადვოკატი, რომ დრამატიზება უნდა გააკეთო და დაამძიმო სურათი.
_ 8 მარტამდე მოხდა შეჩერება. რა იქნება 8 მარტის შემდეგ?
_ ჩვენ ამ მიმართულებით არ გვაქვს კარგი გამოცდილება. იგივე კეზერაშვილების, ახალაიების და სააკაშვილების საქმეს თუ გავიხსენებთ. იუსტიციის სამინისტრომ ამ პირების ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღება სწორედ საერთაშორისო სტრუქტურებს გადააბრალა, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ თავად ვერ იმუშავა კარგად.
_ შესაძლოა, ახლაც იგივე განმეორდეს?
_ მე მეშინია, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე არ მოხდეს და ვერ გაიგზავნოს სათანადო დოკუმენტები. ეს იუსტიციის სამინისტროს არაკვალიფიციური მუშაობის შედეგი იყო. წესით, იუსტიციის სამინისტროს ეს შაბათ-კვირა არ უნდა დაესვენა და უნდა მოემზადებინა სათანადო დოკუმენტი, რათა სტრასბურის სასამართლომ ვერ შეძლოს შემოდავება. საზოგადოებას ვურჩევდი, შეწყვიტოს სტრასბურის სასამართლოს მოსამართლეების ლანძღვა-გინება. ეს მოსამართლეები თავიანთ ქვეყნებში ნომერ პირველი იურისტები არიან. ეს გადაწყვეტილება იყო დროებითი ღონისძიება და 8 მარტს მოხდება ამ გადაწყვეტილების გადახედვა.
_ შესაძლებელია ეს დროში გაიწელოს?
_ თუ დარწმუნდა სტრასბური, რომ ამის აღსრულებით აქ სისხლისღვრა მოხდება, ქვეყანა დაიქცევა, სიტყვის თავისუფლება დასამარდება, ცხადია, სტრასბურის სასამართლო გააგრძელებს ამ ღონისძიებას, ანუ შეჩერებას.
თუ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს სახით, კვალიფიციურად დაასაბუთებს, რომ არანაირად ქვეყანა არ ინგრევა, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება, აქ არის საუბრი მხოლოდ მფლობელის შეცვლაზე, მაშინ სტრასბურის სასამართლო ამ დროებით ღონისძიებას გააუქმებს.
_ ითქვა, რომ სტრასბურის სასამართლოს არ შეუძლია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რამენაირად შეცვალოს. ასეა?
_ უამრავი კომენტარი მოვისმინე და გეტყვით, რომ არასწორი შეფასებები კეთდებოდა. სტრასბურის სასამართლოს ამ საქმისთვის პრიორიტეტი აქვს მინიჭებული. პირადად მე 10 საქმე მაქვს სტრასბურში, რომელსაც პრიორიტეტი აქვს მინიჭებული, გადის წლები, მაგრამ მათი განხილვა ჯერ არ დამთავრებულა. სტრასბურის სასამართლოს შეუძლია მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც ვერ გააუქმებს უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას. თუმცა მხარეს, რომლის სასარგებლოდაც იქნება ეს გადაწყვეტილება გამოტანილი, ვთქვათ რუსთავი 2-ის, შეუძლია, სტრასბურის გადაწყვეტილებით, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოებით, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს, რომ დაიწყოს საქმის თავიდან განხილვა.
ჯერ აპელაცია დასაშვებად უნდა ცნონ, მერე იწყება თავიდან განხილვა. თუ განიხილეს და არ მოგეწონა, მერე შეგიძლია გაასაჩივრო უზენაესში. თუ წააგე, შეგიძლია წახვიდე ისევ სტრასბურში.
_ ანუ დაუსრულებელი პროცესია?
_ ეს არის დაახლოებით 15-20 წლის ამბავი. ამის პარალელურად შესაძლებელია, რომ არხის მფლობელიც შეიცვალოს და ისე განვითარდეს პროცესები. მე ვურჩევდი დღეს რუსთავი 2-ის მართლაც კვალიფიციურ ჟურნალისტებს, რომ ჩამოირეცხონ ეს ლაქა, რომელიც ნაცმოძრაობას უკავშირდება. ხომ ხედავენ, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ. საზოგადოებამ იცის თავისუფალი სიტყვის ფასი. გუშინდელი დღის მერე მათი რაღა უნდა ირწმუნო?!
_ რას გულისხმობთ?
_ ეს რომ მიშა სააკაშვილის ტელევიზიაა, ეს თავად სააკაშვილმა შაბათ საღამოს თავისი გამოხდომით თქვა.
მე ახლა ვუკარნახებ ჩვენს ხელისუფლებას, როგორ უნდა მოიქცეს _ უნდა ამოჭრას სააკაშვილის გამოსვლა, თარგმნოს, დაადოს ტიტრებად და გააგზავნოს სტრასბურის სასამართლოში და თქვას: აქ სიტყვის თავისუფლებაზე კი არ არის საუბარი, არამედ ეს არის ერთი კერძო, პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიმინალის, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და არის ძებნაში, მის ხელში არსებული პროპაგანდისტული მანქანა!
რა დამოუკიდებელ ტელევიზიაზეა საუბარი?! სწორედ თავისი გამოხდომით დაანახა მთელს საქართველოს რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობა მიშა სააკაშვილმა! ამაშია საქმე, თორემ ვინ არის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგი.
_ ანუ ველოდებით 8 მარტს?
_ შესაძლოა, იმ დღესვე არ მიიღონ გადაწყვეტილება. ეს ძნელი სათქმელია. შესაძლოა, ვერ დაინახონ საფრთხეები და გააუქმონ მათივე გადაწყვეტილება, ან გააგრძელონ და თქვან _ საქმის საბოლოოდ სტრასბურში დამთავრებამდეო. ეს თუ ასე მოხდა, საბოლოო დამთავრებას, შესაძლოა, ბევრი წელი დაჭირდეს.
_ და ამ დრომდე არხი რჩებათ ძველ მფლობელებს?
_ თუმცა აქვე განვმარტავ, საქართველოს მხარე არ არის ვალდებული, სტრასბურის ეს დროებითი აღსრულება გაითვალისწინოს. ეს არის სარეკომენდაციო. თუმცა, არის მეორე ფაქტორიც _ ამ რეკომენდაციის არგათვალისწინება საქართველოს დემოკრატიულობას ჩრდილს მიაყენებს.
_ არჩევანის წინაშე დგება ქართული მხარე?
_ ნუ დაიყენებს თავს არჩევანის წინაშე და საპასუხოდ დაამზადოს სრულყოფილი, იურიდიულად გამართული დოკუმენტი და გააგზავნოს სტრასბურში. ამ შემთხვევაში ქიბარ ხალვაში კი აღარაა მხარე, მხარეა საქართველოს ხელისუფლება!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა