აშშ-სა და რუსეთს შორის ღია კონფლიქტია მოსალოდნელი

აშშ-სა და რუსეთს შორის ღია კონფლიქტია მოსალოდნელიამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიის შაირათის ავიაბაზაზე განხორციელებულმა იერიშმა შეცვალა ვითარება მსოფლიოში.

ამ იერიშამდე რამდენიმე დღით ადრე სირიის იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. ვაშინგტონი ამაზე პასუხისმგებლობას აკისრებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს.

ბლუმბერგის შეფასებით, ამ ავიადარტყმის შემდეგ რუსეთსა და აშშ-ს შორის უშუალო შეჯახების საფრთხე გაიზარდა. ამ საფრთხემ მიაღწია უმაღლეს ნიშნულს ცივი ომის დამთავრების შემდეგ.

ავიაბაზაზე განხორციელებული შეტევის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ აჩერებს მემორანდუმის მოქმედებას ავიაციის სფეროში ინციდენტების თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. ეს მემორანდუმი რუსეთმა და ამერიკამ 2015 წელს გააფორმეს სირიაში ოპერაციების მიმდინარეობისას.

ბლუმბერგის სიტყვებით, ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან გაფრთხილებაა და ნიშნავს, რომ ამ მომენტიდან ამერიკული თვითმფრინავები ხდება მისი იერიშების პოტენციური სამიზნე.

შეუძლია თუ არა პუტინს, თავს მისცეს ამერიკასთან ღია კონფლიქტის უფლება, სხვა საქმეა. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროიდან, რუსეთის პრეზიდენტი ცდილობდა, ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ უკან არ იხევს. ამჟამად მოვლენების ფორსირებას აშშ-ის პრეზიდენტი ახდენს.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე უკანსვლა პუტინისთვის მომგებიანი ვერ იქნება.

მოსალოდნელია, რომ პუტინი გააძლიერებს ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერას. მას დასჭირდება წარმატებული სამხედრო ოპერაცია, რათა დაამტკიცოს, რომ მხდალი არ არის.

ბლუმბერგის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიღწეულით არც დონალდ ტრამპი დაკმაყოფილდება. თუ აშშ უფრო ღრმად არ ჩაერევა სირიის კონფლიქტში და დაჟინებით არ მოითხოვს ასადის რეჟიმის შეცვლას, მას კრიტიკოსები არ მოასვენებენ. ისინი, რომლებიც აქამდე ტრამპს პუტინის მარიონეტს ეძახდნენ, მასზე თავდასხმებს განაახლებენ.

ბლუმბერგის დასკვნით, ვაშინგტონი-მოსკოვის დაპირისპირებით კარგად სარგებლობს ისლამური სახელმწიფო.

ამ მოსაზრებას გამოთქვამს დანიური პრესაც. მისი შეფასებით, ისლამური სახელმწიფო ამ ვითარებაში ცდილობს, თავად მიიტანოს იერიში სირიის რეჟიმზე.

გახარებული სირიის ოპოზიცია აშშ-ს სირიის რეჟიმის ყველა ავიაბაზის დაბომბვისაკენ მოუწოდებს.

ასადის ოპოზიციონერი ახმად რამადანი იმედოვნებს, რომ ამერიკული იერიში მხოლოდ დასაწყისია და მალე ასადს საშუალება აღარ ექნება, გამოიყენოს თავისი ავიაცია.

ესპანური ელ მუნდო შენიშნავს, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დიამეტრულად შეიცვალა აზრი სირიაზე:

_ წინასაარჩევნოდ ტრამპს სურდა, უარი ეთქვა სხვების ამოცანების გადაწყვეტაზე და ეზრუნა საკუთარზე. სირიაში განხორციელებულმა დარტყმამ აჩვენა, რომ დონალდ ტრამპმა უარი თქვა დონალდ ტრამპის დოქტრინაზე. იგი მიხვდა, რომ საჭიროა მიუბრუნდეს საერთაშორისო არენაზე ქვეყნის განმტკიცებას.

ელ მუნდოს სიტყვებით, სირიაზე დარტყმა გახდა მილიარდერი პრეზიდენტის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებით დამთავრდა საკუთარი ქვეყნის პარლამენტთან, ასევე თავისი ქვეყნისა და საერთაშორისო საზოგადოებასთან. ეს იერიში, რუსეთის გარდა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ დაგმო.

გამოცემა არ გამორიცხავს, რომ დონალდ ტრამპმა ამ საკითხზე აზრი კიდევ შეიცვალოს.