აღდგომის სუფრა 150-250 ლარი დაგიჯდებათ

აღდგომის სუფრა 150-250 ლარი დაგიჯდებათაღდგომამდე ორი დღეა დარჩენილი და შესაბამისად, სასურსათო ბაზრებში ხალხმრავლობა შეინიშნება.
აღდგომის დღესასწაულს მოსახლეობა ტრადიციული სუფრით ხვდება. იმის გასარკვევად, თუ როგორი ფასებია ბაზრებში და რა დაგიჯდებათ სააღდგომო სუფრის მომზადება, „ბიზნესპრესნიუსი“ თბილისის ბაზრებსა და ზოგიერთ სუპერმარკეტს ეწვია.

14 აპრილის მონაცემებით, სააღდგომო სუფრის გასამზადებლად დაახლოებით 150-250 ლარია საჭირო.
დეზერტირებისა და ნავთლუღის ბაზრებში ფასები მეტნაკლებად განსხვავებულია. მაგალითად, თუ პომიდორი სამგორში, ნავთლუღის ბაზარში 4 ლარი ღირს, დეზერტირების ბაზარში მისი ყიდვა 4.50 ლარად არის შესაძლებელი. 1 კილო ქათამი ნავთლუღის ბაზარში 6 ლარი ღირს, დეზერტირების ბაზარში კი მისი ღირებულება 7 ლარია.
განსხვავებული ფასებია ბაზრებსა და სუპერმარკეტებშიც. მაგალითისთვის, თუ ბაზრებში ვაშლის ყიდვა 1-1.50 ლარად არის შესაძლებელი, ზოგიერთ სუპერმარკეტში მისი ფასი 2.50 ლარიდან იწყება.

ასევე განსხვავდება კიტრისა და პომიდვრის ფასიც. ბაზრებში პომიდორი 4-4.50 ლარი ღირს, სუპერმარკეტებში კი მისი ფასი 4.10-4.80 ლარია. რაც შეეხება კიტრს, მისი ფასი ბაზრებში 2.50 ლარია, სუპერმარკეტებში კი 2.90 ლარი.
პასკა – დიდი ზომის პასკების ფასი 4 ლარიდან იწყება და 25 ლარამდე მერყეობს. ამ მხრივ უფრო მრავალფეროვან არჩევანს მომხმარებელს სუპერმარკეტები სთავაზობენ, სადაც სხვადასხვა სახის პასკის ყიდვაა შესაძლებელი.
კვერცხი – კვერცხის ფასი 30-35 თეთრია. მის შესაღებად საჭირო საშუალებებს რაც შეეხება, საღებავი ბაზრებში ჭიქა 1 ლარი ღირს, ხოლო 1 შეკვრა ენდროს ფასი 50-70 თეთრია.
ქათამი – თუ ბაზრებში კილო ქათამი 6-7 ლარი ღირს, წიწილის ფასი 4-7 ლარია. რაც შეეხება სუპერმარკეტებს, გაყინული ქათმის ღირებულება დაახლოებით, 6-7 ლარია.
ყველის ფასი 6.50 ლარიდან 11 ლარამდეა. აქედან სახლის იმერული ყველი 6.50-7 ლარი ღირს,

ქარხნული ყველის ყიდვა კი 11 ლარად არის შესაძლებელი.
თევზი – ამ მხრივ მრავალფეროვანი არჩევანია და სხვადასხვა სახის თევზს სხვადასხვა ღირებულება აქვს. მაგალითად, ბაზრებში ორაგულის ფასი 14 აპრილის მდგომარეობით 10 ლარია; ლოქო 1 კილო 5 ლარი ღირს; ხოლო ხეკი – 6 ლარი.
ხორცი – დღეის მდგომარეობით, ძროხის ხორცის ფასი კილოზე 9-12 ლარის ფარგლებში მერყეობს; ღორის ხორცის ყიდვა კი დაახლოებით 11 ლარად არის შესაძლებელი.
ხილი – 1 კილოგრამი, მარწყვი – 4-5 ლარი ღირს; ბანანის ფასი 60-90 თეთრის ფარგლებშია; ალუჩა 1 ჭიქა 5 ლარი ღირს.
სასმელი – სუპერმარკეტებში 1 ბოთლი ღვინის ფასი 6-7 ლარიდან იწყება. შამპანურის ფასი 10 ლარიდან იწყება; ასევე დაახლოებით 10 ლარიდან იწყება არყის ფასიც. რაც შეეხება ვისკის, მისი ფასი 60 ლარიდან 120 ლარამდეც კი მერყეობს.
ბაზრის მოვაჭრეების თქმით, დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად მყიდველის რაოდენობის ზრდასაც ელიან. რაც შეეხება ფასებს, აღნიშნავენ, რომ სააღდგომოდ ფასები გაზრდილი არ არის, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ბოლო დღეებში ზოგიერთი პროდუქტის ღირებულება მცირედით შეიცვალოს.

ბიპიენი