ეკა მჟავანაძის ხილის ღვეზელი

ეკა მჟავანაძის ხილის ღვეზელიმსახიობი ეკა მჟავანაძე ჟურნალ “სარკეს” უყვება, რომ 7 წლის იყო, როცა პირველად ნამცხვრის გამოცხობა სცადა. მას შემდეგ სულ სამზარეულოში ტრიალებს და ეს პროცესი სიამოვნებასაც ანიჭებს. სახლში სამ კაცს ანებივრებს სადილ-ვახშმებით და გემრიელი დესერტებით.
ბოლო დროს უხორცო, ბოსტნეულით მომზადებულ კერძებს ანიჭებს უპირატესობას და “სარკის” მკითხველებს მარტივად მოსამზადებელი სალათი და წვნიანი ასწავლა:
_ აიღეთ ერთი პატარა თავი ყვავილოვანი კომბოსტო, ნახევარი ყაბაყი (საშუალო ზომის), ერთი ბულგარული წიწაკა და ყველაფერი კუბიკებად დაჭერით. ერთი თავი წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ, შემდეგ ბოსტნეული დააყარეთ და მოურიეთ. ბოლოს მოაყარეთ ნახევარი კონა ოხრახუში და კამა.
ბოსტნეულის წვნიანის მოსამზადებლად აიღეთ ერთი ჭიქა ბრინჯი, ერთი მოზრდილი კარტოფილი, ერთი საშუალო ზომის სტაფილო, ნახევარი თავი ბროკოლი და ყველაფერი დაჭერით. ჯერ ბრინჯს მოხარშავთ, ჩააგდებთ კარტოფილს, სტაფილოს, ბოლოს ბროკოლს. წვნიანში მთლიან ხახვს ვაგდებ. ამ წვნიანს უზამთ ორ კბილ წვრილად დაჭრილ ნიორს, ნახევარ კონა კამას და ნიახურს.
ბაჟეს ასე ვამზადებ: 300 გრამი ნიგოზს დავაბლენდერებ, ვაყრი სამეგრელოდან ჩამოტანილ სუნელს (თითო-თითო ჩაის კოვზი უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და ყვითელი ყვავილი), ერთი კბილ ნიორს და ნახევარ კონა ცოცხალ ქინძს. მერე ამ ყველაფერს ერთად დავაბლენდერებთ.
__ ბაჟე და ნედლი ქინძი?!
_ დიახ. თუ დამიჯერებთ, უგემრიელესი გამოდის, _ უთხრა “სარკის” ჟურნალისტს მსახიობმა.
ქალბატონი ეკა ხშირად აცხობს ხაჭაპურს და ღვეზელებს, ცომს კი ყოველთვის თავად ზელს.
_ 500 გრამ მაწონს და 200 გრამ მარგარინს ერთმანეთში ავურევთ, მოვაყრით 1 ჩაის კოვზ სოდას და 4 ჩაის ჭიქა ფქვილს. ამ ყველაფერს ერთმანეთში კარგად ავურევთ და 2 საათი გავაჩერებთ. მერე გავაბრტყელებთ ცომს, მოვაყრით ყველს, გადავაფენთ ცომის მეორე ფირფიტას და სანამ ღუმელში შევდებთ, ერთ ათქვეფილ კვერცხს გადავუსმევთ. ამ ცომით ხან სოკოს ღვეზელებს ვაცხობ, ხან ხორცისას.
ხილის ღვეზელსაც გასწავლით: 3 კვერცხი კარგად ათქვიფეთ. მერე დაუმატეთ 200 გრამი შაქარი და თქვეფა გააგრძელეთ. შემდეგ გაადნეთ ერთი შეკვრა კარაქი. მე ქურაზე გამდნარი არ მიყვარს, ოთახის ტემპერატურაზე ვადნობ. ათქვეფილ შაქარსა და კვერცხს შეაზელთ შერბილებულ კარაქს. შემდეგ 1 ქილა მაწონში 1 ჩაის კოვზ სოდას აურევთ, ჩაასხამთ მიღებულ მასაში და ფქვილს თვალის ზომით დაუმატებთ.
შეგიძლიათ ღვეზელში უქნათ ნებისმიერი ხილი ან ჯემი. შეგიძლიათ ნიგოზიც მოაყაროთ. ღუმელში დაახლოებით 30 წუთი გააჩერეთ, შეიძლება მეტიც დასჭირდეს.
ჟურნალი “სარკე”, ლანა კიკნაძე