რა განაპირობებს ორსულობის შეწყვეტას

რა განაპირობებს ორსულობის შეწყვეტასორსულობა ნებისმიერი წყვილისთვის ყველაზე სასიხარულო მოვლენაა, თუმცა ყოველთვის ორსულობა ბოლომდე ვერ მიდის და სხვადასხვა მიზეზების გამო წყდება.

რა განაპირობებს ორსულობის შეწყვეტას და რას ნიშნავს გენეტიკური პათოლოგია, ინფექციური პათოლოგია და ენდოკრინული პათოლოგია, ამ თემებზე კლინიკა მეან-გინეკოლოგი ნანი მარსაგიშვილი საუბრობს.

ნანი მარსაგიშვილი:

_ ორსულობის შეწყვეტას საფუძვლად უდევს რამდენიმე მიზეზი. პირველ რიგში ეს არის გენეტიკური დარღვევები, შემდეგ არის ენდოკრინული პათოლოგია, ასევე ინფექციური პათოლოგია.

_ რას ნიშნავს გენეტიკური პათოლოგია?

_ რაც შეეხება გენეტიკურ პათოლოგიას, აღმოჩნდა რომ ორსულობების 50 პროცენტი წყდება, სანამ მენსტრუაცია არის გადაცდენილი, ანუ განაყოფიერებიდან 2 კვირაში. რაც შეეხება მეორე 50 პროცენტს, ორსულობა წყდება მაშინ, როდესაც უკვე დასტურდება, რომ საშვილოსნოს ღრუში არის ორსულობა.

_ პათოლოგიაზე რას იტყვით?

_ არის ორნაირი პათოლოგია, როდესაც განაყოფიერების დროს მოხდა შემთხვევით შეცდომა და არ წარმოიქმნა სრულყოფილი ემბრიონი და მეორე, როდესაც შეცვლილი მუტანტური გენი გადაეცა ნაყოფს.

_ რომელი ინფექციები იწვევს ორსულობის შეწყვეტას?

_ ინფექციური გენეზი უმნიშვნელოვანესია. რომელი ინფექციები იწვევს ორსულობის შეწყვეტას და ეს არის ჰერპესვირუსული ინფექცია, ოღონდ მწვავე ფორმა როდესაც არის, ან თუ უკვე არსებული გამწვავდა, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმა, ქლამიდიური ინფექცია.

_ რას ნიშნავს ორგანული პათოლოგია?

_ გამოვყოფ ორგანულ პათოლოგიებს ცალკე. ორგანული პათოლოგიაა, როცა საშვილოსნოს ღრუში არის წარმონაქმნი, რომელიც ხელს უშლის ორსულობის პროგრესირებას. ეს შეიძლება იყოს საშვილოსნოს ღრუს პოლიპი, საშვილოსნოს მიომა, თანდაყოლილი ტიხარი საშვილოსნოს ღრუში, რომელიც ძალიან ხშირად არის. შესაძლებელია იყოს შეხორცებითი პროცესიც.

_ როგორ ვლინდება ენდოკრინული პათოლოგია?

_ ენდოკრინული პათოლოგია გამოვლინდება სისხლის გამოკვლევით, ენდოკრინული სტატუსის შესწავლით, შემდეგ ხდება ჰორმონების გამოკვლევა და ჰორმონების მაკორეგირებელი თერაპიის დანიშვნა.

_ რატომ არის რთულად გამოსავლენი ინფექციური პათოლოგია?

_ ინფექციური პათოლოგია რთულად გამოსავლენია და იცით რატომ? ძირითადად ის მალე გადადის ქრონიკულ ფორმაში. რამდენჯერმე ხდება სისხლის აღება, რომ გამოვლინდეს არის თუ არა ესა თუ ის ინფექცია აღნიშნული ორსულობის შეწყვეტის მიზეზი.

_ გენეტიკური დარღვევის კორეგირება შესაძლებელია?

_ გენეტიკური დარღვევის კორეგირება არის ძალიან გართულებული. გამოკვლევა კეთდება ძირითადად კარიო ტიპის. კარიო ტიპი არის სასქესო ქრომოსომების განსაზღვრა. შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი არის რომელიმე პათოლოგიაზე, თორემ ისე ძალიან ბევრი პათოლოგიაა და ყველაფერზე გამოკვლევა ერთდროულად, ერთი ანალიზით შეუძლებელია.

_ რას ეტყვით მკითხველს?

_ გარდა გენეტიკური დარღვევისა, დაუძლეველი არაფერია _ ოპერაციული ჩარევა იქნება, ენდოკრინული სტატუსის მოწესრიგება თუ ინფექციური აგენტის ნიველირება ორგანიზმში _ ელიმინაცია.