მარიკა სამანიშვილი: “11 წელია, შვილი არ მინახავს”

მარიკა სამანიშვილი: "11 წელია, შვილი არ მინახავს"მარიკა სამანიშვილის ოჯახში სამი მსახიობი ცხოვრობს – თვითონ, ქმარი თენგიზ ჯავახაძე და ქალიშვილი თეკლა. არტისტების უმრავლესობის ცხოვრება საქართველოში ყოველთვის რთული იყო და არის, არც ეს ოჯახია გამონაკლისი. ამის შესახებ ქალბატონმა მარიკამ ჟურნალ “სარკესთან” ღიად ისაუბრა.
– ქალბატონო მარიკა, კარიერაში რა სიახლეები გაქვთ?
– ქუთაისის თეატრში ვითამაშეთ მატეი ვიშნეკის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში “რა ვუყოთ ამ ვიოლონჩელოს?” და ახალი დადგმისთვის ვემზადებით.
– “ჩემი ცოლის დაქალებში” მადონას პერსონაჟი აღარ გამოჩნდება?
– არ ვიცი. სერიალის ერთ-ერთ სცენარისტს, ირაკლი საღინაძეს, ამის შესახებ ერთხელ შევეკითხე და იყო საუბარი, რომ მადონას ისტორია გაგრძელდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით არ მეხმიანებიან.
ის სახლი, სადაც ნელიკო და მადონა ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ, დაინგრა. ალბათ ახალ სახლს ააშენებენ, სადაც ისევ ერთად იქნებიან. ეს ჩემი ფიქრებია. ველოდები, რომ მადონა სერიალში ისევ გამოჩნდება, რაც სცენარისტ ქეთი დევდარიანზეა დამოკიდებული.
– ქეთი დევდარიანისთვის არაფერი გიკითხავთ?
– არა, რადგან ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. კარგია, რომ მაყურებელს მადონაძალიან შეუყვარდა.
კარიერა “ჩემი ცოლის დაქალებით” არ დამიწყია, თეატრში უამრავი მთავარი როლი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ პროექტის ავტორების. თეატრი ჩაკეტილი სივრცეა, ტელევიზია კი მაყურებელთან კონტაქტის მეტ საშუალებას გაძლევს.
– თქვენი ქალიშვილი, თეკლა, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. როგორც პროფესიონალი და გამოცდილი მსახიობი, მის მსახიობურ შესაძლებლობებს როგორ აფასებთ?
– პირდაპირ გეტყვით, რომ თეკლას შესაძლებლობის მქონე მსახიობს ასეთი მცირე ხელფასი არ უნდა ჰქონდეს. ამერიკიდან დღესაც საოცარი მესიჯები მოსდის (თეკლა რამდენიმე თვე ნიუ იორკის კინოაკადემიაში სწავლობდა. ავტ.), ასეთ სიტყვებს ქართველები ერთმანეთს არ ვეუბნებით ხოლმე. “როგორი ნიჭიერი ხარ” – ამის თქმის ნაცვლად, ერთმანეთის გაკილვა უფრო გვეხერხება. მე არ ვარ ასეთი, ადამიანის წარმატებას მივესალმები. საქართველოში კი ცოტა დაუფასებლობის მომენტი არსებობს.
სერიალ “მზარეულებშიც” იყო და გახმოვანებაზეც მუშაობდა. იმ პერიოდში მეც ვთამაშობდი სერიალში, მაგრამ არავინ იცის, ამ ყველაფერს რის ფასად ვაკეთებდით. გადაღებებიდან თეთრი არ გვრჩებოდა, ბინის ქირასა და კომუნალურ გადასახადებს ვფარავდით. ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია.
ოროთახიანი ბინა გვაქვს ქუთაისში და ვერ მივაგენი გზას, როგორ შეიძლება ის ერთი პატარა სახლი გავყიდო ისე, რომ ქუთაისშიც ვიცხოვროთ და თბილისშიც შევძლო ბინის შეძენა. ამ ეტაპზე ძალიან გვიჭირს.
ჩემი შვილის პოტენციალის მქონე ადამიანი ქუთაისში ვერ გაჩერდება. თეკლა წლებია თბილისშია და 10 წლის განმავლობაში ქირას ვუხდიდით. საშუალება არ გვაქვს, რომ ბინა გირაოთი ავიღოთ ან ვიყიდოთ. ახლა მეგობრიდან მეგობრის სახლში გადადის. ამ ეტაპზე ჩემს ბიძაშვილს ჰყავს შეფარებული. სამუშაო გარემოც არ აქვს.
თავდაუზოგავად შრომობს. სამ სპექტაკლშია დაკავებული. არ იცით, ეს რა ნერვებთან არის დაკავშირებული ან მე, თეკლას დედა, როგორ დღეში ვარ, რომ შვილს ვერ ვეხმარები.
– მსახიობის მწირი ხელფასით კი თავის გატანა ნამდვილად გაუჭირდება.
– თეკლას კი აქვს ხელფასი, მაგრამ ტანსაცმელი, კოსმეტიკა, წასვლა ან წამოსვლაც ხომ უნდა…
თბილისის თეატრის მსახიობებისგან განსხვავებით, ქუთაისის მსახიობებს ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან არანაირი დანამატი გვაქვს. შურით კი არ ვლაპარაკობ, ისინი ჩემი მეგობრები არიან, უბრალოდ გულდაწყვეტილი ვარ. კარგი იქნება, თუ ჩვენი თეატრისკენაც გამოიხედავს ვინმე და შესაფერისი დაფინანსება ექნებათ მსახიობებს, რომლებიც დღეს ისტორიას ქმნიან.
სადმე რომ მიგვიწვევენ, იძულებულები ვართ, მიზერულ თანხას დავთანხმდეთ, ოღონდ კი ჩვენი საქმე გავაკეთოთ. თბილისიდან შემოთავაზებას რომ ვიღებ, მინდა, დასაძინებელი ადგილი მაინც მქონდეს, რომ გადაღებაზე მოწესრიგებული წავიდე.
რაზე უნდა ვისაუბრო, როცა საკუთარი შვილი, ბექა, 11 წელია არ მინახავს და შვილიშვილებს არ ვიცნობ. გული ვეღარ ითმენს! ჩემი ხელფასითა და ბანკის ვალების გამო ვერ ვახერხებ, რომ წავიდე და ვნახო. ვერც ისინი ახერხებენ ჩამოსვლას.
– ბექა სად ცხოვრობს?
– ბექა 37 წლის არის და 17 წელია უცხოეთშია. 11 წელია ირლანდიაში ცხოვრობს. ინტერვიუში ეს არასდროს არავისთვის მითქვამს. უბრალოდ 11 წელი იმდენად ბევრია, შვილს ცრემლების გარეშე ვეღარ ველაპარაკები.
არაჩვეულებრივი რძალი მყავს – ნატა ჟუჟუნაშვილი, რომელმაც ემიგრაციაში ბევრი რამ გადაიტანა და ორი შვილი გმირულად გააჩინა. სანდრიკა გერმანიაში დაიბადა. მალე 11 წლის გახდება. მარიამი ირლანდიაში გაჩნდა და 6 წლისაა. ერთმანეთს მხოლოდ “სკაიპით” ვიცნობთ.
საშინლად განვიცდი იმას, რომ არ მაქვს საშუალება, შვილიშვილებს საქართველო შევაყვარო. ინგლისურად საუბარი ურჩევნიათ. ისიც არ შემიძლია, რომ თუნდაც ერთი მშობლიური ლექსი ან სიმღერა ვასწავლო. ოთხ სულს რომ ვუთხრა, ჩამოდით-მეთქი, ოროთახიან ბინაში როგორ დავეტევით?
ერთი აივანი მოვაშენე, რის გამოც ბანკიდან პროცენტიანი სესხი ავიღე და 2026 წლამდე უნდა ვიხადო. გავიდა ცხოვრება!..
– გარეგნულად არ გეტყობათ, ამხელა დარდს თუ ატარებთ. ახალგაზრდულად, ლამაზად გამოიყურებით.
– ვიცი, რომ სიბერის ახალგაზრდობაც არსებობს. ჩემს მდგომარეობას თუ ჩავუფიქრდები, დღეს ასე არ უნდა გამოვიყურებოდე, მოშვებული, მოდუნებული უნდა ვიყო, მე კი საკუთარ თავს ამის უფლებას არ ვაძლევ. ვიპრანჭები, შეძლებისდაგვარად ვლამაზდები. შეიძლება ხან ძვირადღირებული კოსმეტიკა მესვას, ხანაც მეორადებში შეძენილი. ჩემთვის ფასეულობა სულიერებაში, ოჯახსა და მეგობრებშია.
– ბევრი წყვილი ვერ უძლებს ფინანსურ პრობლემებს და ოჯახები ინგრევა. თქვენი და თქვენი ქმრის ურთიერთობის სიმტკიცის საიდუმლო რაშია?
– ეს ბევრი რამის დამსახურებაა. ისეთ ოჯახებში გავიზარდეთ, სადაც დედა და მამა ავტორიტეტები იყვნენ. დედა რომ ამბობს შვილზე, ჩემი მეგობარიაო, არ ვეთანხმები. ჯერ დედა ვარ და შემდეგ მოდის დედაშვილური მეგობრობა. თუ პირველ რიგში მეგობრობას აყენებ, დედის მოვალეობები უკანა პლანზე გადაგაქვს.
ჩვენი ოჯახი სიყვარულზე, მოთმინებასა და ერთმანეთის გატანაზეა დაფუძნებული. როცა მსახიობს ჯერ 13 ლარი გაქვს ხელფასი და შემდეგ 42 ლარი, შვილები როგორ უნდა გამოკვებო? ადამიანებისგან იმხელა სიყვარულსა და თანაგრძნობას ვიღებდით, ყველაფერი გადავლახეთ.
ალბათ არ მეგულება მამაკაცი, რომელიც ცოლზე ისე იყოს შეყვარებული, როგორც ჩემი მეუღლეა. თუმცა შეიძლება მე მეჩვენება ასე. ეკონომიკურად გამართულები არ ვართ, თუმცა ერთმანეთთან დიდი სიყვარული გვაკავშირებს.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”