სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე გადადგა – მიზეზი ”აიპლიუსთან” დაკავშირებით სასამართლო დავაა

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე გადადგა - მიზეზი ”აიპლიუსთან” დაკავშირებით სასამართლო დავაასააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. მიზეზად ის ”აიპლიუსთან” დაკავშირებით არსებულ სასამართლო დავას ასახელებს და განმარტავს, რომ არ სურს პროცესის მიმდინარეობისას მისი თანამდებობიდან გამომდინარე გარკვეული კითხვები გაჩნდეს.
– უკანასკნელ პერიოდში არაერთი ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი განცხადება იქნა გაკეთებული კომპანია „აიპლიუსის“ მხრიდან, რაც აშკარად სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და უხეშად ლახავდა, როგორც ჩემი, ასევე საქმის განმხილველი მოსამართლეებისა და მთლიანად სასამართლოს კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა შ.პ.ს. „აიპლიუსისა“ და შ.პ.ს. „აიტექნიკის“ დავის განხილვა. განვლილი პერიოდის ანალიზის საფუძველზე, ვფიქრობ, საქმის სააპელაციო წესით განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კომპანია „აიპლიუსმა“ კვლავ განაგრძოს მსგავსი მეთოდების გამოყენება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება არ გამაჩნია ამ კომპანიების საქმიანობასთან და დღემდე არ არსებობს არც ერთი დადასტურებული ფაქტი სამართალწარმოების პროცესში ჩემ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების რაიმე სახით გამოყენებისა, ვთვლი, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის შემთხვევაში, ჩემი თანამდებობრივი სტატუსის გამო, ფორმალურად, მაგრამ მაინც შესაძლებელია გაჩნდეს გარკვეული შეკითხვები.

ჩემთვის ძვირფასია თითოეული ჩემი კოლეგა, რომლებთანაც მრავალი ერთად გატარებული წარმატებული წელი მაკავშირებს და მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი წლების განმავლობაში ვყოფილიყავი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ინოვაციური სასამართლოს თავმჯდომარე.

ჩემს თანამდებობრივ მდგომარეობაზე მაღლა ვაყენებ მოსამართლეების და მთლიანად სასამართლოს ინტერესებს. შესაბამისად, საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის გამორიცხვის და მოსალოდნელი შეკითხვების თავიდან აცილების მიზნით,

მართებულად მიმაჩნია, დავტოვო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა და ჩემი სამოსამართლეო ვადის ფარგლებში გავაგრძელო მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის ფუნქციების განხორციელება, – აცხადებს ვალერი ცერცვაძე.

ნიუპოსტი