ხათუნა ლაგაზიძე: „კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვა უნიკალური მოვლენაა“

ხათუნა ლაგაზიძე: „კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვა უნიკალური მოვლენაა“– კონსტიტუციის განხილვაში პარლამენტი და მეორე მხრივ პრეზიდენტის ინსტიტუტი, კონსენსუსზე წავიდნენ, რაც ორივე მხარის გამარჯვების ტოლფასია. პრეზიდენტმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც საღი აზრით იხელმძღვანელეს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შეურაცხმყოფელი შეფასებები იყო საკონსტიტუციო პროექტის შექმნის პროცესში, ალბათ, უფრო მეტად პრეზიდენტის მისამართით მიღებული გადაწყვეტილება, მაინც ამ ყველაფერზე მაღლა დგას და ეს უდავოდ არის საღი აზრის გამარჯვება.

ძალიან საინტერესო სანახავია საერთო-სახალხო განხილვები ყველა მხარის ჩართულობით, რაც ნამდვილად არის უნიკალური მოვლენა ჩვენი ქვეყნის ბოლო 25-წლიან ისტორიაში, რაც ნამდვილად აკმაყოფილებს დემოკრატიის სტანდარტებს, თუ არ ჩავთვლით განხილვებზე მიწვეულთა იმ კატეგორიას, რომელიც ამ შეხვედრებს ესწრება ხოლმე. ძირითადად ეს არის პარტიული და ბიუროკრატიული აქტივი. სასურველი იქნებოდა, თუ ამ განხილვებს უფრო მეტად რეალური სახე ექნებოდა და ყველა მსურველს დაიტევდა დარბაზი. თუმცა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პროვოკაციების ალბათობა ძალიან მაღალი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა აღვნიშნო, რომ 25 წლის მანძილზე კონსტიტუციაში არაერთი ცვლილება შეტანილა, მაგრამ მსგავსი განხილვების მოწმენი არ ვყოფილვართ. ამ შეფასებას ვაკეთებ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჩაერთო განხილვებში, მანამდე ეს იყო ერთიანი პოლიფონია დამხვედრთა და ჩამოსულ სტუმართა შესრულებით, – განუცხადა „ახალ თაობას“ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისი აზრით,  თუ რამე ცვლილებას განახორციელებს მმართველი გუნდი, ეს მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის შედეგად იქნება გამოწვეული.

– თავისთავად, როდესაც ასეთი მიდგომა აქვს ხელისუფლებას, მაშინ საერთო-სახალხო განხილვების არსი ცოტათი ილახება. როდესაც, ხელისუფლება წინასწარი განწყობით მართავს ასეთ განხილვებს, როდესაც უკვე ცნობილია, რომ მაინც არაფერს არ შეცვლის ხელისუფლება, რა შენიშვნაც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, ეს მიდგომა თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს, – აცხადებს პოლიტოლოგი.

კითხვაზე: რატომ წავიდა კომპრომისზე პრეზიდენტი? ლაგაზიძემ „ახალ თაობას“ უპასუხა:

– რეალურად რომ შევხედოთ შექმნილ სიტუაციას, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს სხვა სვლა არც ჰქონდა. მისი სვლები მაქსიმალურად შეზღუდული იყო, თავის მოსახლეობას ხომ არ გაებუტებოდა. იმ შეხვედრებზე პარტიული აქტივისტები არიან თუ სახელმწიფო მოხელეები, მაინც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ამიტომ არანაირი არგუმენტი პრეზიდენტის უარს ვერ გაამყარებდა. ამდენად, მარგველაშვილის ეს ნაბიჯი კომპრომისი არ მგონია იყოს, ეს უფრო საღი აზრით ნაკარნახევი გადაწყვეტილებაა. ხელისუფლებამ საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატად კვლავ მარგველაშვილი წარადგინოს, ეს სრულიად წარმოუდგენელი მგონია. მაშინ გამოდის, რომ ამ დაპირისპირების როგორც ერთი მხარე, ისე მეორე მხარე, საკუთარ საზოგადოებას მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალებში ნაცარს აყრიდა.