პროკურატურა მერაბ კვირიკაშვილის პატიმრობას ითხოვს? – ადვოკატ ნუკრი კვინიკაძის განმარტება “ნიუპოსტთან”

პროკურატურა მერაბ კვირიკაშვილის პატიმრობას ითხოვს? - ადვოკატ ნუკრი კვინიკაძის განმარტება "ნიუპოსტთან"2016 წლის 21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით, რომელმაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სასამართლო სხდომა შესაძლოა უახლოეს დღეებში გაიმართოს. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთ ავტომობილს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მართავდა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას „ნიუპოსტთან“ საუბარში არ ადასტურებს კვირიკაშვილის ადვოკატი ნუკრი კვინიკაძე.

მისი თქმით ჯერჯერობით აღმკვეთ ღონისძიების სახეზე საუბარი ნაადრევია, რადგან აღნიშნულ საქმეზე ძიება მიმდინარეობს და არც ბრალი არ არის წაყენებული.

– არ აქვს ბრალი წაყენებული. მე ვთქვი, რომ ჯერჯერობით არანაირი ბრალეულობა მეკოსი არ არის გამოკვეთილი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ჯერ ბრალი უნდა წაუყენონ და მერე უნდა მოითხოვონ პატიმრობა ან რამე.

მკითხეს ასეთი რამე, რომ ეს მუხლი არის ძალიან მძიმე მუხლიო, მეტი მძიმე არ არსებობს ავტოავარიაში. ამ მუხლის შემთხვევაში, ბრალდების მხარე ყოველთვის ითხოვს პატიმრობას, ვერ მოითხოვს უბრალოდ გირაოს ან სხვა აღმკვეთ ღონისძიებას, იმიტომ, რომ მძიმე მუხლია. როგორც ასეთი, ჯერჯერობით მეკო კვირიკაშვილის ბრალეულობა არ არის დადგენილი, ბრალი არ აქვს წაყენებული და რომელ აღმკვეთ ღონისძიებაზეა საუბარი?

ჯერ უნდა წაგვიყენონ ბრალი, რაში გვედება ბრალი, ვართ დამნაშავები, არ ვართ… ამის შემდეგ დგება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე შუამდგომლობის შესვლა. ჯერ რა დროის შესვლაა, ჯერ ბრალი არავის წაუყენებია. და არ ვიცი, უჩემოდ თუ ვინმე შევიდა…

ჯერჯერობით მე ვარ ადვოკატი და თუ ვინმე ისე პატიმრობას ითხოვს, არ ვიცი. ჩემთვის გაუგებარია. ასე რომ შეცდომაა, თუ ვინმეს ასეთი ინფორმაცია აქვს გავრცელებული, – განუცხადა ადვოკატმა ”ნიუპოსტს”.

“ნიუპოსტი” აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურასთან დაკავშირებასაც ცდილობდა, თუმცა ჯერჯერობით უწყებიდან კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა.

ნიუპოსტი