ლევან ალაფიშვილი: „სააკაშვილის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ გამოვა“

ლევან ალაფიშვილი: „სააკაშვილის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ გამოვა“უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ნაყოფიერი გამოდგა – მიხეილ  სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე აღარ არის. მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ივლისს გავრცელდა.

ერთი დღით ადრე კი მიხეილ  სააკაშვილმა საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილისა და პეტრო პოროშენკოს საიდუმლო შეხვედრის შესახებ ამცნო. ნაპრეზიდენტალის მტკიცებით, ორმა ოლიგარქმა მის წინააღმდეგ საერთო ენა გამონახა.

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პირველი ინფორმაცია რუსულმა მედიამ უკრაინის რადას დეპუტატზე დაყრდნობით გაავრცელა.

იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, სააკაშვილის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ გამოვა.

ის “აიპრესთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ როგორც უკრაინის კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო ნორმებით დაუშვებელია, პირი მოქალაქეობის გარეშე დარჩეს. იურისტი საერთაშორისო ნორმების ერთ მაგალითსაც იხსენებს, როდესაც საფრანგეთმა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე უარი სწორედ საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე უთხრა.

– უკრაინის კონსტიტუციაში საკმაოდ მკაცრადაა განსაზღვრული სახელმწიფოს ვალდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. დაუშვებელია მოქალაქეობის ჩამორთმევა და მეორე სახელმწიფო ვალდებულია, მოქალაქე დაიცვას მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. ეს ჩანაწერები ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ იძლევა.

საერთაშორისო სამართალიც ძალიან მნიშვნელოვანია. ვენის კონვენცია ადგენს მოქალაქეობას, სადაც წერია, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანი დარჩეს მოქალაქეობის, ანუ კონკრეტული სახელმწიფოს პატრონაჟის გარეშე.

უფრო მკაფიოდ რომ წარმოვიდგინოთ, 2011-12 წლებში ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთმა მოქალაქეობის ჩამორთმევაზე უარი სწორედ ამ კონვენციიდან გამომდინარე უთხრა. მაშინ მას უკვე უარი ჰქონდა ნათქვამი რუსეთის მოქალაქეობაზე, საქართველოს მოქალაქეობაც ჩამორთმეული ჰქონდა. მან განცხადება დაწერა საფრანგეთის საელჩოში და მას მიმართა საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევით, თუმცა საფრანგეთმა ამ კონვენციაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ სანამ საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ ექნებოდა, იქამდე ჩვენ ამ პროცედურას არ დავიწყებთ, რადგან კონვენცია კრძალავდა, – აღნიშნა ალაფიშვილმა.