„ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის“

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ირაკლი ღარიბაშვილის უწყინარმა ფოტომ “ქართული ოცნების” ნახევარი ლამის ისტერიკაში ჩააგდო. ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილთან ერთად არის გადაღებული. ყოფილი პრემიერი ოჯახთან ერთად შეკვეთილში ივანიშვილის ვილაში ისვენებს.

ამ ფოტოს მმართველ გუნდში და არა მარტო იქ დიდი ამბები მოჰყვა. მეოცნებეები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ღარიბაშვილმა, შესაძლოა, ახალი პარტია შექმნას და მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი.

ბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი, აპირებდა თუ არა კალაძე თავისი პარტიის შექმნას, ვინ აპირებს “ოცნებასთან” ვაჭრობას, რა სქემა გაშიფრა ივანიშვილმა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ქართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

– ლადო, თქვენ ხშირად საუბრობთ იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აუცილებლად დაბრუნდება პოლიტიკაში. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტო, სადაც ყოფილი პრემიერი ბერა ივანიშვილთან არის გადაღებული. “ქართულ ოცნებაში” უკვე აქტიურად ლაპარაკობენ მის დაბრუნებაზე. ამბობენ, რომ ინფორმაცია არა აქვთ, მაგრამ მის მიერ ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავენ. თქვენ ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ?

– მოვლენები ისე ვითარდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება გარდაუვალი იქნება. სანამ ამ მიზეზებზე ვისაუბრებ, ერთი საინტერესო ამბავი მინდა მოვუთხრო თქვენს მკითხველს.

თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც ანტინაციონალური კამპანიით არის ცნობილი, ივლისის თვეში დადიოდა პარტიებში და მათ სთავაზობდა, რომ მერობის კანდიდატად ის დაესახელებინათ. მას გარკვეული თანხაც თან ჰქონდა. საუბარია 50.000-ზე. როგორც შემდეგ გაირკვა, ამ ადამიანს ფული მისცა კახა კალაძის გარემოცვამ.

– რისთვის მისცეს ფული, რომ ოპოზიციური პარტიიდან კანდიდატურა დაეყენებინა?

– ზუსტად ამიტომ და ეს საკმაოდ ჭკვიანურად და ეშმაკურად მოფიქრებული გეგმაა. ისევე, როგორც 2014 წელს, წელსაც თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის მომსწრენი გავხდებით. მეორე ტურში ის პარტია, რომელიც ამ 50.000-იან პიროვნებას დააყენებდა კანდიდატად, “ოცნების” ფალავანს დაუჭერდა მხარს.

– ამ 50.000-იან პიროვნებას არ დაასახელებთ?

– არავითარ შემთხვევაში. თუმცა ბევრი მიხვდება, ვისზეა საუბარი. ეს პიროვნება, ამის გარდა, ავრცელებდა ინფორმაციას, რომ კალაძე ცალკე პარტიის შექმნას აპირებდა.

– ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინ გავრცელდა.

– მაშინ ეს თემა ასეთი აქტუალური არ იყო. ამ ზაფხულს კი ძალიან აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ კალაძე ცალკე პარტიის შექმნას და “ოცნებაში” არსებულ მარგინალებთან გამიჯვნას აპირებდა.

ამ ხმების გავრცელებით, “ოცნების” მერობის კანდიდატის გარემოცვამ საზოგადოების განწყობა გაიგო. ამ შემთხვევაში ბოლომდე ვერ გაიტანეს თავისი. ბიძინა ივანიშვილი არ არის გამოუცდელი. სხვა თუ არაფერი, კაცმა მილიარდები იშოვა და ასეთი კომბინაციები დღეში 100 ან 200 აქვს შემუშავებული.

აქედან გამომდინარე მან შემოაგდო ის ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ახალ პარტიას ქმნის და პოლიტიკაში ბრუნდება.

– თქვენი აზრით, ეს რაღაც მიზნით შეგნებულად გავრცელებული ინფორმაციაა თუ მართლა ბრუნდება ყოფილი პრემიერი?

– ერთიც და მეორეც. სანამ ღარიბაშვილი თავად არ გააკეთებს განცხადებას პოლიტიკაში დაბრუნებაზე, მოდით, ამ ინფორმაციას ჭორი დავარქვათ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მის მიმართ დიდი მოლოდინები არსებობს. მას შემდეგ, რაც პრემიერობიდან გადადგა, ქვეყანა აირია. მთლად დალაგებული სიტუაცია არც ღარიბაშვილის დროს იყო, მაგრამ ახლა ნამეტანი ხდება.

ხალხისთვის ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ მისი წასვლის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად თქვა უარი სამართლიანობის აღდგენაზე.

სად და როდის გააკეთეს ამის შესახებ განცხადება?

– როდის? დაინიშნა თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერად, ეგრევე განაცხადა, რომ ნაციონალებთან ბრძოლას არ აპირებს და მათთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

დღევანდელმა ხელისუფლებამ თავის წინამორბედებს ყველა ის დანაშაული აპატია, რაც მათ ერისა და ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს. ამის გამო “ოცნებამ” ბევრი მხარდამჭერი დაკარგა და რეიტინგიც მკვეთრად დაუვარდა. მოსახლეობის გულის მოსაგებად რაღაც ახლის მოფიქრებაა საჭირო. ყველაზე კარგი სიახლე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება იქნება.

ჩემი აზრით, ის იმ ადამიანების გამაერთიანებელი იქნება, რომლებიც იმ სისხლიანი 9 წლის მანძილზე ნაციონალების რეჟიმთან იყვნენ დაპირისპირებული. ეს ხალხი ყოფილ ხელისუფლებასთან კოაბიტაციის კატეგორიული წინააღმდეგია. პირადად მეც დიდი სიამოვნებით დავდგებოდი ამ ხალხის ირგვლივ. “ოცნებას” მანამდე ვუჭერდი მხარს, სანამ იქ ღარიბაშვილი იყო.

– მაშინ ამბობდნენ, რომ თქვენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იმართებოდით.

– მე ახლაც ისევე ვუპირისპირდები, როგორც მისი პრემიერობის დროს. ახლა ვის მიერ ვიმართები? ისე ჯობია, მასთან კავშირი დამაბრალონ. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ამას ნაცებთან კოაბიტირებულები მაბრალებენ.

მიკვირს კიდევაც, როგორ ბედავენ ესენი ხალხთან დალაპარაკებას. უგულავა ციხიდან გამოუშვეს, ადეიშვილზე ძებნა შეწყვიტეს, კეზერაშვილს ბრალდება მოუხსნეს, სააკაშვილის გასამართლება არ უნდათ, ძალიან მალე ვანო მერაბიშვილიც გარეთ გამოვა, როგორც გმირი.

ამომრჩეველი ამ ყველაფერს ხედავს და მისი მოთმინების ფიალაც ივსება. ეს ივანიშვილს არ აწყობს და ირაკლი ღარიბაშვილს გამოიყვანს ასპარეზზე. თავის დროზე ტყუილად არ თქვა “ოცნების” მამა-მარჩენალმა, ირაკლი სათადარიგო მოთამაშედ გადადის და საჭიროების შემთხვევაში დაბრუნდებაო.

საჭირო დრო უკვე მოვიდა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

– ღარიბაშვილი საკმაოდ ამბიციური ადამიანია. პრეზიდენტს კი თითქმის არანაირი უფლებები არა აქვს. დათანხმდება ასეთ პოზიციას?

– პრეზიდენტის უფლებები შეკვეცილია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მას გავლენები არ ექნება. მარგველაშვილისგან განსხვავებით, ყოფილი პრემიერი ხალხს ნამდვილად ეყვარება, რადგანაც ის არ იქნება ივანიშვილის ხათრით არჩეული პრეზიდენტი.

ივანიშვილი და მარგველაშვილი რაკი ვახსენე, გეტყვით, რომ მათ შორის არსებული დაპირისპირება ბლეფია. ისინი რაღაც თამაშს თამაშობენ და ამასაც თავისი მიზეზები ექნება.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ღარიბაშვილის გარშემო ეროვნული ძალები გაერთიანდებიან. დღეს საქართველოში პარტიები პრორუსულებად და პროდასავლურებად არიან დაყოფილი. ხალხს ერთიც ყელში ამოუვიდა და მეორეც. ახლა მოთხოვნა ეროვნულ ძალაზეა, ასეთი ეროვნული ძალების გაერთიანებას, ვიმედოვნებ, მალე ვიხილავთ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018