„გლდანი მოლში“ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი რატი მსხვილიძეა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებენ.
თვითმხილველების ცნობით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და წნევის გასაზომად „ავერსის“ აფთიაქში შევიდა, სადაც, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია რატი მსხვილიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს:
„რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა, მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელბურთისა და სპორტული საზოგადოებისთვის. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს რატი მსხვილიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს“, — ნათქვამია ფედერაციის სამძიმრის განცხადებაში.

