მაია ბუწაშვილი – „პნევმონიური შავი ჭირი საკმაოდ ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე“

ექიმი-ინფექციონისტი  მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„რუსეთში შავი ჭირის შემთხვევის შესახებ:
რამდენიმე დღის წინ ირკუტსკში შავი ჭირის ფილტვის ფორმით გარდაიცვალა შავი ჭირის ლაბორატორიის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას დაუზიანდა ბაქტერიის შემცველი სინჯარა, რის შედეგადაც დაინფიცირდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამასთან დაკავშირებით იზოლაციაშია 200-მდე ადამიანი.
დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
საქმე იმაშია, რომ ბევრ დეტალს ალბათ უახლოეს მომავალში ვერც გავიგებთ, რადგან რუსეთში ეპიდაფეთქებების დროს კომუნიკაციის საერთაშორისო ნორმებს არ იცავენ და მსგავსი ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალება ხოლმე.
ამასთან დაკავშირებით გამახსენდა სვერდლოვსკის ჯილეხის ისტორია (1979 წლის). მე, რომელიც საბჭოთა კავშირში გავიზარდე, ეს ამბავი გაგონილიც არ მქონდა და პირველად ამერიკაში სწავლის დროს ეპიდემიოლოგიის კურსზე, სადაც როგორც სასწავლო შემთხვევა, ისე გამოიტანეს. როდესაც შემეტყო, რომ პირველად მესმოდა ეს ისტორია, ყველას გაუკვირდა, რადგან სწორედ ამ ქვეყნიდან ვიყავი.
მოკლედ რომ აღვწერო ეს ფაქტი: სამხედრო ლაბორატორიიდან, სადაც ბიოლოგიური იარაღი მზადდებოდა, შეცდომით გავრცელდა ინჰალაციური ჯილეხის სპორები, რის შედეგადაც დიდი მსხვერპლი იყო, თუმცა ეს ფაქტი დამალეს და ითქვა, რომ რამდენიმე ადამიანი დაავადდა ინფიცირებული ხორცით. მხოლოდ 1994 ჟურნალმა Science გამოაქვეყნა ამ ეპიდაფეთქების რეალური ვერსია, რომ ეს იყო ჰაერით გადამდები ჯილეხი, რომელიც ბიოტერორიზმის იარაღია და არა ბუნებრივად გავრცელებული დაავადება.
ასე დამალეს ჩერნობილიც. ევროპის ქვეყნებში რომ არ შეენიშნათ რადიაციული დაბინძურება, რამდენხანს დამალავდა ამ ფაქტს საბჭოთა კავშირი, ვინ იცის.
ეს ტენდენცია ახლაც „წარმატებით“ გრძელდება რუსეთში (სამწუხაროდ, არც ჩვენი ქვეყანა „ბრწყინავს“ ეპიდკვლევის წესების და შედეგების კომუნიკაციის კუთხით, რისი მაგალითიც ახლახანს ვიხილეთ).
რაც შეეხება შავ ჭირს, არსებობს მისი ბუნებრივად გავრცელებული ფორმა, რომელიც მღრღნელებს და რწყილებს გადააქვთ, და ბიოტერორიზმის მიზნით შემუშავებული ფორმა, რომელიც გადაეცემა ჰაერით გავრცელებული ბაქტერიის შესუნთქვით. საბჭოთა კავშირი აქტიურად აწარმოებდა ბიოლოგიურ იარაღს და ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში. ეს მემკვიდრეობა, ცხადია, რუსეთს გადაეცა.
ბუნებრივი გზით გავრცელებული შავი ჭირი ძირითადად იწყება კანის დაზიანებით, ე.წ. შავი ჭირის ბუბონით (მტკივნეული, გადიდებული ლიმფური კვანძი) და შემდეგ ხდება ინფექციის გავრცელება სხვადასხვა ორგანოებზე. რაც შეეხება შავი ჭირის, როგორც ბიოტერორიზმის აგენტის კლინიკურ მიმდინარეობას, რადგან ის შესუნთქვით ვრცელდება, პირდაპირ პნევმონიას იწვევს, კანის ფორმის გარეშე. პნევმონიური შავი ჭირი საკმაოდ ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.
როგორც დასაწყისში ვახსენე, ამჟამად რუსეთში შავ ჭირთან დაკავშირებული პრობლემის მასშტაბი არ ვიცით. იმედია, ეპიდემიის სახეს არ მიიღებს. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა.“

———–

რუსეთში შავი ჭირისგან დასაცავად რამდენიმე საავადმყოფოში სამი კვირით კარანტინი გამოცხადდა – ალუმინის ქარხანაში პირბადეების ტარების რეჟიმი დააწესეს.
2 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომელი 28 წლის ქალი შავი ჭირით გარდაიცვალა. 25 სექტემბერს, სამუშაო პროცესში, დარია შიპილოვაას შემთხვევით გაუტყდა სინჯარა, რომელიც ფილტვის შავი ჭირის გამომწვევს შეიცავდა. ახალგაზრდა ქალი 2 ოქტომბრის ღამეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ბურიატის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ალექსეი ციდენოვმაც დაადასტურა. ეპიდემიოლოგებმა გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი 197 პირი გამოავლინეს, რომელთაგან 189 მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 3 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში შავი ჭირის აფეთქების მასშტაბებს მალავენ.