ინტერვიუ კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილთან.
– ბატონო ლევან, 2012 წლიდან 14 წელი გავიდა და კვლავ პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ფაქტები გავრცელდა ციხიდან. გამოდის, რომ არაფერი შეცვლილა?
– ეს იყო და რჩება სამართლებრივად მძიმე ქმედება, რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას. ეს კადრები ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და სახელმწიფოსთვის ღირსების საქმე უნდა ყოფილიყო. ხელისუფლებას უნდა დაემტკიცებინა, რომ სახელმწიფო მიუკერძოებულია და თავის ადგილზე დგას. თუკი გამოძიება ჯეროვნად წარიმართებოდა, ნებისმიერი იურისტისთვის გავრცელებული მცირე კადრებიდანაც კი ბევრი რამ ხელმოსაჭიდი აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, დღემდე ასეთი არაფერი გვინახავს. ინფორმაციაც კი არ გვაქვს, თუ რა უშლის ხელს სახელმწიფოს, ეს ფაქტები რომ გამოიძიოს. არაფერია დადგენილი. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბუნებრივად წარმოშობს სკეპტიკურ განწყობას და დამოკიდებულებას ნებისმიერი ხელისუფლებისა და გამომძიებლების მიმართ. ეს ისეთი დანაშაულია, რომ მტკიცებულების მოპოვება და შემდგომი რეაგირება ცხელ კვალზეც კი შესაძლებელი იყო. სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი გვინახავს, მაგრამ ვნახეთ ბევრი პოლიტიკოსის კომენტარი ამ ფაქტზე, მაშინ როდესაც კომენტარს გამოძიება უნდა აკეთებდეს. დღემდე არ არის გაკეთებული კომენტარი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან.
სამწუხაროა, რომ პოლიტიკა იმ დონზე დომინირებს, რომ 10 თვის ბავშვის სიცოცხლე რითი დამთავრდა და როგორ დამთავრდა, დღემდე არ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხი. ბარბარე რაფალიანცი დღეს 14 წლის უნდა ყოფილიყო. დღეს ამ ბავშვის უბედურების შესახებ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს. რატომ არ ვიცით, ამ წლების განმავლობაში რა გააკეთა გამოძიებამ? თუ შეწყვიტეს საქმე და თაროზე შემოდეს, ეს მაინც გვითხრან. ძალიან ბევრი კითხვაა, რომელიც ამ წლების განმავლობაში პასუხი არ გაეცა. ადამიანებად უნდა დავრჩეთ. ყველა სახელმწიფოს ცენტრი ერთი ადამიანი და მისი სიცოცხლეა. იმ ბავშვის შემთხვევა განზრახ იყო თუ უბედური შემთხვევა იყო, ხომ უნდა ვიცოდეთ. რატომ არ ვიცით, რა დაადგინა გამოძიებამ.
– უნდა გადადგეს თუ არა იუსტიციის მინისტრი იმ სკანდალის გამო, რაც ციხეში მოხდა?
– საკმაოდ მძიმე კადრებია, ყველა სახის ძალადობა დასაგმობია, მითუმეტეს მაშინ, როცა ძალადობა ეხება თავისუფლებაშეზღუდულ ადამიანს. ადამიანები ითხოვენ, ყველა კითხვას საგამოძიებო სტრუქტურიდან პასუხი გაეცეს. ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიებამ გამჭვირვალედ წარმართოს ეს საქმე და შესაბამისად, გაეცეს კითხვებს პასუხი.
– ზოგიერთი პირი და მათ შორის სახალხო დამცველიც, აცხადებს, რომ ძალადობა არ იყოო.
– სახალხო დამცველს თავისი ამბავიც ეყოფა. ჩემი პოზიციის ჩამოყალიბებაზე როდესაც ვსაუბრობ, სახალხო დამცველი ჩემთვის სათანადო ადრესატი არ არის, რადგან მე გამოძიებას ვითხოვ. გამოძიება მნიშვნელოვანია. გამოძიების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ, მაგალითად, ძალადობა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იყოს. არ შეიძლება ერთ პატიმარზე ამდენი ბადრაგი ატარებდეს რაღაც პროცედურებს.
როგორც მოქალაქე, ისე ვამბობ, ბორკილების დადებაც შეიძლება წესის დარღვევით მოხდეს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ამაზე მოახდინოს რეაგირება და ფაქტები საჯარო გახადოს. თუ ეს ჩვეულებრივი კრიმინალი იყო, დაისჯებიან თანამდებობის პირებიც.
გამოძიება განაპირობებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. თუკი ეს მაღალი ხარისხის დარღვევა იყო და სისტემური პრობლემაა უკვე, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა დადგება შესაბამისი იერარქიის.
– მაგრამ კადრებიდან ხომ დავინახეთ უმაღლესი ხარისხის დარღვევა?
– საჯარო სივრცეში ერთი მხარე ამბობს ერთს, მეორე მხარე – მეორეს. როგორც იურისტი კითხვას ვსვამ, ამ ერთი ადამიანის წინააღმდეგობა ისეთი ინტესიური იყო, რომ ამდენი ბადრაგის მონაწილეობა გახდა საჭირო? ამ კითხვას პასუხი თუ არ გაეცა, მისი კვალიფიკაცია უკვე შეუძლებელია. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ყველაფერი გამჭვირვალედ გამოიძიება.
– ბადრაგის თანამშრომლების წინააღმდეგ რამე ღონისძიება ხომ უნდა ჩატარებულიყო, თუნდაც სხვა დაწესებულებაში გადაეყვანათ?
– რა თქმა უნდა. უნდა მომხდარიყო ამ ბადრაგების და ამ პატიმრის განცალკევება. ეს პატიმარი სხვაგან გადაეყვანათ, ან ეს საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები. მათი ერთად ყოფნა პატიმრის ფსიქიკაზე მოქმედებს.
– 14 წელი გავიდა, რაც “ოცნების” ხელისუფლება ქვეყნის სათავეშია და წელს პირველად არ გამოქვეყნდა ივანიშვილის წერილი, ან განცხადება, ეს რას უნდა ნიშნავდეს?
– უი, მართლა? არ ვიცოდი. შეიძლება საჯარო სივრცეს მოწყვეტილია ადამიანი და პარტიის იუბილესთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო. თუ მე პარტიასთან რაიმე შეხება მაქვს და რაიმე მაკავშირებს, ერთ ფრაზას მაინც დავწერდი. რეალობაში ასეა, მაგრამ სხვაზე რა გითხრათ. არა მგონია, “ქართული ოცნების” პარტია მოწყვეტილი იყოს მის თავმჯდომარეს. “ოცნების” წევრებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი განცხადება. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა დროს სხვაგვარად იქცევა. შეიძლება ახლა ის დროა, რომ ასეთი ქცევა მიზანშეწონილად ჩათვალა.
– შეიძლება ვივარაუდოთ, ეს იმიტომ გააკეთა, რომ თავის გუნდზე ნაწყენია, თავისმა პარტიამ ის იმედები არ გაუმართლა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა?
– პოლიტიკოსისთვის მძიმე მდგომარეობაში მყოფი საკუთარი პარტიის დამოკიდებულება შეიძლება გასაგები იყოს. ის ნეგატივი ავტომატურად შენზე არ გადმოვიდეს.
თქვენი მედიასაშუალება იყო პირველი, ვისთანაც ვთქვი ამის შესახებ და ახლაც გავიმეორებ, სალომე ზურაბიშვილის არჩევნები ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მომენტი, “ქართული ოცნების” შიდა პოლიტიკური მდგომარეობის შესაფასებლად.
მაშინ საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატრება, მანამდე მოხდა პარტიაში ახალი გუნდის, კობახიძე-მდინარაძის მოსვლა. პარტიის შიდა დაპირისპირება საჯარო არ იყო. როცა მეორე ტური საჭირო გახდა, მაშინ ვთქვი, რომ ახალი გუნდი დომინირებდა და ძველ გუნდს არაფრის საშუალებას არ აძლევდა, ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის არჩევის დროს, პირველ ტურში ძველმა პარტიის წევრებმა, ღარიბაშვილმა და მისმა გუნდმა, სალომეს გასამარჯვებლად არაფერი გააკეთეს. სალომემ ვერ მიიღო იმდენი ხმა პირველ ტურში, რომ გაემარჯვა. მეორე ტურისთვის საჭირო გახდა ღარიბაშვილის და მისი გუნდის შემორიგება.
მაშინ დასჭირდათ ვალების ჩამოწერის პროექტიც, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვად მოინათლა. ამ გზით მოხდა გამარჯვება მეორე ტურში. პარტიული შიდა დაპირისპირება აშკარა გახდა. ამას მოჰყვა გაგრძელებები. ბიზნესის გადანაწილება და ასე შემდეგ. დღემდე ასე მოვედით.
– რატომ უნდათ ღარიბაშვილის განადგურება და განეიტრალება?
– ღარიბაშვილი არის რეიტინგული. არა მხოლოდ თავად პარტიაში, არამედ “ოცნების” ამომრჩევლებშიც და ზოგიერთ ბიზნესმენებშიც. 2018 წლამდე ვინც იყვნენ, იმ “ოცნების” წევრებს შორისაც. ღარიბაშვილის ადვოკატი არა ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი შეცდომა იყო, საწყის ეტაპზე რომ დათანხმდა და აღიარა. საპროცესო შეთანხმება მოგვიანებითაც გაკეთდებოდა. საწყის ეტაპზევე ამ პროცესის დასრულებამ განაპირობა ის მძიმე მდგომარეობა, რაც დღეს არის – “ოცნების” ძველი წევრის, ლიდერის გისოსებს მიღმა ამ ბრალდებით გაშვება. ეს “ოცნების” ახალი წევრების პარტიული გამარჯვებაც არის.
მართალია, დღეს ღარიბაშვილი გისოსებს მიღმაა, მაგრამ მისი გუნდის წევრები გარეთ არიან. პარტიის ძველი წევრები და დამფუძნებლები, მისი მხარდამჭერები გარეთ არიან. შესაბამისად, მათ ვეღარ აკონტროლებს დღევანდელი “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა. ამ ყველაფერს არჩევნებზე დავინახავთ.
– და რა მოხდება?
– არჩევნებისთვის მზადებაში იგულსხმება, რომ “ქართული ოცნების” შიგნით არსებული რთული მდგომარეობის გათვალისწინებით არის ის, რომ პოლიტიკური ველი იყოს კონტროლირებადი. ამომრჩეველთა გამოცხადების შემთხვევაშიც კი, შეძლონ ხელისუფლებაში დარჩენა, ამავე კონტექსტშია განსახილველი პარტიების აკრძალვა, არასამთავრობო სექტორზე და მედია სექტორზე გავლენები.
შიდა პარტიული მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ კი ამის საჭიროებას დაინახავს “ქართული ოცნება”, არ გამორიცხოთ ვადამდელ არჩევნებზეც წავიდეს.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ძლიერი რომ იყოს “ქართული ოცნება”, ამგვარი ქმედება არ დასჭირდებოდა, იგივე პარტიების მიმართ, იგივე მედია სექტორს მიმართ. თუ ძლიერი ხარ, მოწინააღდეგის არ გეშინია. მათი ქმედებები ადასტურებს, რომ არცთუ ისეთი ძლიერები არიან.
ლიკა ოსაძე, „ახალი თაობა“

