დიმიტრი ქუმსიშვილი აუდიტის სამსახურს არ ეთანხმება

დიმიტრი ქუმსიშვილი აუდიტის სამსახურს არ ეთანხმებაფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია 2017 წლის ბოლომდე გამოქვეყნდება.
– ბატონო დიმიტრი, რამდენად კარგად ახერხებს მთავრობა ვალის მართვას, რადგან სტრატეგია „საქართველო 2020“-ის მიხედვით სახელმწიფო ვალი მშპ-ის 40%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ 43%-ია. თუ გავითვალისწინებთ სახელმწიფო საწარმოების ვალებსაც, ეს მაჩვენებელი იზრდება 54%-მდე და კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება… ამასთან, აუდიტის სამსახურის შეფასებით, სახელმწიფო ვალის განმარტება არ შეესაბამება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ სახელმწიფო ვალის განმარტებას, რომ ანუ სახელმწიფო ვალი არ მოიცავს სახელმწიფო საწარმოების საკრედიტო ვალდებულებებს, რომელიც ვალში გაითვალისწინება, როგორც არაცხადი-პირობითი ვალდებულება…
– როდესაც „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020“ შეიქმნა, ამის მერე გარკვეული მოვლენები მოხდა. მათ შორის შემუშავდა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ გეგმის განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, ვზრდით სუვერენულ ვალს. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ვალის პროცენტული მაჩვენებელი ვალუტის კურსის ცვლილების გამო და საბოლოო ჯამში, გადათვლაში ამან გაგვიზარდა პროცენტული მაჩვენებელი ანუ უცხოურ ვალუტაში ჩვენი ვალი იმდენად არ გაზრდილა, რამდენადაც გადათვლის ეფექტია.
თვითონ გენერალური აუდიტორის რეკომენდაციებს რაც შეეხება, აღნიშნულთან მიმართებაში, ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს და მინდა ავხსნა, თუ რაზეა საუბარი – მოდი, დავასახელოთ, იურიდიულადაც და შინაარსობრივადაც რა დგას სახელმწიფო საწარმოების ვალების უკან და როგორ ხდება ამ ვალების გასტუმრება. მაგალითისთვის ესაა „საქართველოს რკინიგზა“ და „ნავთობის და გაზის კორპორაცია“. ერთიც და მეორეც საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიები არიან. მათ აქვთ სახსრები მოზიდული ევროპიდან, გამოშვებული აქვთ ევრობონდები, რომლებიც უზრუნველყოფილია მათი ფულადი შემოდინებებით და, შესაბამისად, საკმაოდ მკაცრი კონტროლი ხდება იმ ფულადი შემოდინებების, რომლებიც მათ უნდა მიიღონ და ეს ვალი გაისტუმრონ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოზე სრულად გადმოკისრება ვალდებულებების, რომლებიც კონკრეტული პროექტებისთვისაა მოზიდული და რომელთაც თავისი კონკრეტული შემოსავლიანობა აქვს, არაა სწორი.
– აუდიტის სამსახურის და არასამთავრობოების რეკომენდაციებში საუბარია არა სრულად გადმოკისრებაზე, არამედ იმაზე, რომ ეს ვალდებულებები აღიაროს სახელმწიფომ, როგორც პირობითი ვალდებულება…
– ჩვენ ამას არ ვიზიარებთ და რაც ეხება ზოგადად ფისკალური რისკის ანალიზის მეთოდოლოგიას, ჩვენ ვათანხმებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ვნახოთ, შეთანხმებული მეთოდოლოგიით რა ნაწილს ჩავთვლით, რომ არის გასაზიარებელი და რა ნაწილი – არა. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საერთოდ არ გავიზიაროთ, იმიტომ, რომ მე პირადად ამისკენ ვიხრები.
– ვისი რეკომენდაციები შეიძლება არ გაიზიაროთ?
– არ გავიზიაროთ სახელმწიფო კომპანიების ფისკალური რისკი…
– სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის გამოქვეყნება რატომ გადაიდო რამდენჯერმე და როდის გახდება დოკუმენტი საჯარო?
– რამდენიმე ტექნიკური დახმარება გვყავდა; ყოველ ახლა გუნდს ახალი ცოდნა მოაქვს. ახლა გვყავს სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების ჯგუფი და იმედი მაქვს, მივიღებთ დასრულებულ დოკუმენტს, რომელსაც მოსახლეობას წარვუდგენთ.
– თქვენ ხშირად უსვამდით ხაზს, რომ უნდა მოხდეს პრიორიტეტების ჩამოყალიბება – საგარეო თუ საშინაო ვალი, რადგან ორივეს აქვს რისკები და უპირატესობები. რაზე ჩამოყალიბდით?
– დიახ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რა გადაწყვეტილებაც საბოლოო ჯამში უნდა მივიღოთ, არის იმ დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონვა და შეჯერება, რაც ახლავს როგორც საგარეო, ისე საშინაო ვალს. ძალიან აქტიური მსჯელობა მიდის.
– როდის იქნება ვალის მართვის სტრატეგია საჯარო?
– დიდი იმედი მაქვს, მალე გავხდით ამ დოკუმენტს საჯაროს.
– წლის ბოლომდე?
– აუცილებლად.
ბიზნესმედია