ანზორ აბრალავა: „ნაცმოძრაობა რევოლუციის იმიტაციას ახდენს“

ანზორ აბრალავა: „ნაცმოძრაობა რევოლუციის იმიტაციას ახდენს“ბოლო დროს საქართველოში მომრავლებული ქუჩის აქციების ორგანიზებას ახდენენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილი. ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ანზორ აბრალავას.

ანზორ აბრალავა:

– აქციების მოწყობაში განსაკუთრებულად აქტიურია ნაციონალური მოძრაობა. ძალებს არ იშურებენ ასევე ამ პარტიიდან გამოყოფილი ორგანიზაციები. ეს ერთნაირი მენტალობის ხალხია. 20 და 25 წლის წინ ზოგი მათგანი სტუდენტი იყო, ზოგი სხვა საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ ამ ადამიანებს ადრეც ახასიათებდათ ის, რომ ისინი გამოდიოდნენ საკუთარი სახელმწიფოსა და ერის წინააღმდეგ. ახლა ისინი აქტიურ პოლიტიკაში არიან და აგრძელებენ თავიანთ დამანგრეველ და კრიმინალურ მოქმედებებს.

– პარლამენტი არ ჰყოფნით ამისათვის?

– პარლამენტის ოპოზიციაში ყოფნა ნაციონალებისათვის საკმარისი არ არის. მათ ძალაუფლება და გადაწყვეტილებების მიღება უნდათ. ამისათვის სინჯავენ ნიადაგს და აწყობენ სხვადასხვა აქციას. ადამიანის უფლებების დაცვა ამ პირებისათვის კამუფლაჟია. მათი მოქმედებები მიმართულია სახელმწიფოს დაკნინებისაკენ. ნაცმოძრაობასა და მის თანამოაზრეებს ისევ აწუხებთ რევანშისტული მისწრაფებები და ამისათვის ისინი ქუჩას იყენებენ.

– აქციებს აგრძელებს პარლამენტში წარმოდგენილი კიდევ ერთი პარტია, პატრიოტთა ალიანსი. 15 ოქტომბერს ბათუმში გამართულ მიტინგზე მათ პრემიერ კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაყენებაც მოითხოვეს.

– ეტყობა, კვირიკაშვილის გადაყენების მოთხოვნა მათ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ეს მოთხოვნა არ მესმის. ახლანდელ პრემიერს მივიჩნევ კორექტულ, კომპეტენტურ და ერუდირებულ პირად. მთავარი ისაა, რომ საზოგადოებას უკვე შესწევს თეთრისა და შავის გარჩევის უნარი. პარტია თავის მოთხოვნებში ზომიერი და რეალისტური უნდა იყოს.

ჩემთვის გაუგებარია პატრიოტთა ალიანსის მოთხოვნა ნატო-რუსეთი-საქართველოს დიალოგის ფორმატის შექმნის თაობაზე. ნატო და რუსეთი ერთმანეთთან გარკვეულ დონეზე ისედაც დიდი ხანია, თანამშრომლობენ. ჩვენ მოგვისმენია განცხადებები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთის შესაძლო გაწევრიანებაზეც კი. საქართველოს ამ საკითხებს არავინ ეკითხება. ჩვენ ხიფათის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ამისათვის ასეთი მოთხოვნები კი არ უნდა წამოვაყენოთ, არამედ, სხვა ზომები მივიღოთ. ხელისუფლებას ყველა შემთხვევისათვის უნდა ჰქონდეს შემუშავებული სცენარი _ ოპტიმისტური, პესიმისტური და რეალისტური. მოქმედებები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მათ შორის, სისტემური და სიტუაციური. ახლა სიტუაციური მოქმედებების დროა.

– პრემიერის სახლში გაშვების მოთხოვნა რას ნიშნავს?

– ეს პოლიტიკური ბრძოლაა. ალბათ, მათ უნდათ, თავი დაიმკვიდრონ მთავარ ოპოზიციად.

– ხელისუფლება სცენარებზე ნაკლებად ფიქრობს?

– ხელისუფლებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მომზადებული სცენარები. მათი გასაჯაროება სავალდებულო არაა იმ დროს, როცა ამდენი ჩასაფრებული გვყავს. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოიზიდოს პროფესიონალები და კარგი სპეციალისტები ყველა სფეროში. ამ მხრივ მივესალმები გადაწყვეტილებას ირაკლი მექვაბიშვილის მთავარ აუდიტორად დანიშვნის შესახებ. ახლა ვხვდები ერთ დოქტორანტს. კარგი იქნება, თუ მისი და სხვა ახალგაზრდების ცოდნა ქვეყანას გამოადგება. თუ ამ ხალხს არ გამოვიყენებთ, ისინი საქართველოს დატოვებენ.

სააკაშვილმა ყელი გამოჭრა განათლებასა და მეცნიერებას. კარგა ხანია, ქვეყანაში განათლება, მორალი და პატრიოტობა არათუ არ ფასობს, არამედ, დასჯადი გახდა. ნაციონალები გაიძახიან, მართვის გამოცდილება გვაქვსო. ეს აბსურდია. ამით ისინი საკუთარ თავს უვრცელებენ ჭორს. მათ საქმის კეთების გამოცდილება არ გააჩნიათ. ახლა რევოლუციის იმიტაციას ახდენენ. ზოგიერთმა წვერი მოუშვა და რევოლუციონერის იმიჯი შეიქმნა. 15 ოქტომბერს შეიკრიბნენ და ბევრი იყვირეს, მაგრამ ხალხი ისევ ვერ მოაგროვეს. აუჩემებიათ, საკრებულოში არ შეგვიშვესო. ნაციონალებს საკრებულოში შესვლა კი არა, შეჭრა უნდოდათ. ამაზე ღირსეული პასუხი ვერ მიიღეს. ამის მაგივრად მოისმენდით სხვა აბსურდულ შეფასებებს. მაგალითად, საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის, სამნიძისაგან. ამ ადგილობრივი არჩევნების წინ რესპუბლიკური პარტიისაგან გამაოგნებელ გამონათქვამებს ვიგებთ.

– ეკლესიის თემას გულისხმობთ?

– პირველ რიგში, ამ თემას. ამ ჩემი ცოდვით სავსეებს, ფული აქვთ აღებული იმაში, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძოლონ. ეკლესიის თემას იყენებენ იმიტომ, რომ ამაში დაფინანსებას იღებენ. ეს რესპუბლიკელების ბოლო გაბრძოლებაა. ისინი ვერასდროს გაიმარჯვებენ არჩევნებში.