ექიმმა, რომელსაც ესკალატორის შიში ჰქონდა, პაციენტს ვერ მიუსწრო – დეტალები მეტროში 45 წლის მამაკაცის გარდაცვალებაზე

ექიმმა, რომელსაც ესკალატორის შიში ჰქონდა, პაციენტს ვერ მიუსწრო - დეტალები მეტროში 45 წლის მამაკაცის გარდაცვალებაზემეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „ნიუპოსტს“ დაუდასტურეს. როგორც ცნობილია მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოციალური ქსელის ერთერთი მომხმარებელი თაკო კ. ფეისბუქის გვერდზე მეტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

,,მხოლოდ საქართველოში შეხვდები ექიმს, რომელსაც თურმე სიმაღლისა და ესკალატორის შიში აქვს, ამ უმნიშვნელო მოვლენას, სულ მცირე ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს სხვა არაფერი)) ის რაც დღეს მოხდა პოლიტექნიკურის მეტროში გადმოსაცემად ძნელია… ჩემ გარდა უამრავი ადამიანი შეესწრო ამ სამარცხვინო ფაქტს. იმედია მედია მაუწყებლები ობიექტურად გააშუქებენ მომხდარ მოვლენას. თუმცა არავის არაფერში არგია სამომავლოდ ექიმის დასჯის თუ დაუსჯელობის ამბავი, განსაკუთრებით გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, რომლებმაც ადამიანი უპატრონო ქვეყანაში უპატრონობით დაკარგეს.((((((„

ექიმების დაუდევრობის ფაქტს უარყოფენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. მათი განცხადებით, სამედიცინო ბრიგადის მისვლის დროს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

ნიუპოსტი