მამუკა ხაზარაძე: “ანაკლია სერიოზული კარიბჭე გახდება აღმოსავლეთსა და ევროპას შორის… ანაკლია ფოთის პორტს არ გააჩერებს”

მამუკა ხაზარაძე: "ანაკლია სერიოზული კარიბჭე გახდება აღმოსავლეთსა და ევროპას შორის... ანაკლია ფოთის პორტს არ გააჩერებს"საუკუნის პროექტად წოდებული ანაკლიის პროექტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. პირველი ფაზის განსახორციელებლად 540 მილიონი აშშ დოლარია საჭირო. აქედან 190 მილიონი უკვე მოზიდულია და საინვესტიციო პორტფელის ფორმირებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. კონტი-ჯგუფის შემდეგ, SSA Marine მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში ინვესტიცია უკვე ჩადო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. პორტის მშენებლობის და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ანაკლიის პორტი აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს. პორტის პერსპექტივაზე გადაცემაში ’’ანალიტიკა“ ’’თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საუბრობს.
– ბატონო მამუკა, როგორც ვიცით, დეკემბერში იწყება პორტის მშენებლობა. პირველი ფაზისთვის სრულად საჭიროა 540 მილიონი აშშ დოლარი. აქედან 190 მილიონი უკვე მობილიზებულია, როგორ მიმდინარეობს დანარჩენი თანხის მობილიზების პროცესი, ვის ესაუბრებით, რა ტიპის ინტერესები იკვეთება და რამდენად სწრაფად მიდის ეს პროცესი?
– ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა და ჩვენ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ დავიწყოთ გრანდიოზული ე.წ. საუკუნის პროექტის მშენებლობა. ამ პროექტში ძალიან ბევრი მონაწილეა ჩართული, როგორც ინვესტიციის მხრიდან, ისე ოპერირების მხრიდან. მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს პორტის ოპერატორობაზე ჩვენ მსხვილ ამერიკულ კომპანიასთან მოვაწერეთ ხელი, ეს არის SSA Marine, რომელიც მსოფლიო 250 წერტილში ოპერირებს პორტებსა და ტერმინალებში. ასეთი კომპანიის არსებობა და მის მიერ განხორციელებული მენეჯმენტი საკმაოდ დიდ იმედს გვაძლევს, რომ ანაკლია სერიოზული კარიბჭე გახდება აღმოსავლეთსა და ევროპას შორის. როგორც ჩვენი ჩანაფიქრი იყო, იქითკენ მივდივართ, რომ ანაკლია არა მარტო პორტი და ტვირთების მიღების და გადამუშავების ცენტრი გახდეს, არამედ იგი სატრანსპორტო ჰაბი იყოს.
– ის ფაქტი, რომ 190 მილიონი უკვე მობილიზებულია, გეხმარებათ თუ არა იმაში, რომ დანარჩენ თანხაზე ისაუბროთ ინვესტორებთან და ძირითადად ვინ არიან ის ინვესტორები, ვინც ინტერესდებიან?
– პროექტის ფინანსირება ორი ნაწილისგან შედგება. ეს არის კაპიტალში ინვესტირება, რომელსაც ინვესტორები ახორციელებენ და დანარჩენი თანხა საკრედიტო რესურსია, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ვიზიდავთ. პირველი ნაწილი, ანუ კაპიტალში ინვესტიციის თანხა მოზიდულია, ეს დაახლოებით 190 მილიონი აშშ დოლარია და სწორედ ეს გვაძლევს იმის გაცხადების საშუალებას, რომ ჩვენ მშენებლობის დაწყება შეგვიძლია. მუშაობა საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ბანკებთან, რომელთაგანაც ბევრი ჩვენი პარტნიორია უკანასკნელი 15-20 წლის მანძილზე. ამას თავისი პროცედურა აქვს და ჩვენ ამ მთლიანი სასესხო ნაწილის დახურვას დაახლოებით მაისში დავასრულებთ. ასეთია ჩვენი გეგმა. დრო რომ არ დავკარგოთ თანხა უკვე მობილიზებული გვაქვს და მშენებლობის დაწყება გვინდა უკვე მიმდინარე წლის დეკემბერში.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩინელ ინვესტორებსაც ესაუბრებით, რით არწმუნებთ მათ, რომ თანხები ამ პროექტში ჩადონ?
– ჩინეთის მხარეს უკვე ორი წელია ვესაუბრებით. მათ ტერიტორიაზე მსხვილ მოთამაშეებთან შეხვედრები გვქონდა. ნოემბერში დაგეგმილია შანხაიში ჩვენი ვიზიტი, სადაც შევხვდებით და იმ საუბრებს გავაგრძელებთ, რომელიც უკვე დაწყებულია. სამწუხაროდ, დღეს ვერ გეტყვით, ვის ვესაუბრებით, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს მსოფლიოში ხუთეულში შემავალი წამყვანი კომპანიებია, რომლებთანაც დიდი იმედი გავქვს, რომ წარმატებით დავასრულებთ მოლაპარაკებებს. ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც ქართულ-ამერიკულ-ჩინურ კონსორციუმს ითვალისწინებდა, იმედი გვაქვს, რომ ასეც დავასრულებთ. ჩინეთის მხარე მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთიდან საკმაოდ დიდ ტვირთნაკადს ველოდებით მომავალში და იცით, რომ უკვე ცენტრალური ჩინეთიდან მატარებლები შავ ზღვამდე ჩამოდიან დაახლოებით რვა დღეში და სწორედ ანაკლია და საქართველო გახდება ის ადგილი, რომელიც სწრაფმავალ ტვირთებს ჩინეთიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანას დააკავშირებს. სწორედ ეს აკლია დღეს საქართველოს, ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურა აკლია, რომელიც შეძლებს ამხელა სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი წერტილი გახდეს.
– თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ ბიზნეს-გეგმა დიზაინირებულია ისე, რომ იგი ჩინეთიდან არც ერთ კონტეინერს არ ითვალისწინებს და რატომ არ ითვალისწინებს?
– ჩვენ ბიზნეს-გეგმა პესიმისტურად შევადგინეთ და რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ არ ითვალისწინებს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არ გვინდა და არ წამოვიღებთ, უბრალოდ ჩვენ ქაღალდზე არ ვითვალისწინებთ და ვამტკიცებთ, რომ ეს პორტი ჩინეთის გარეშეც მომგებიანი და კომერციულად საინტერესოა. პროექტმა და ჩვენმა მოდელირებამ საერთაშორისო ექსპერტიზა გაიარა და ამას სწორედ ამით ვადასტურებთ. ჩვენ ჩინეთზე, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ და იმის დადასტურება გვსურს, რომ ჩინეთიდან წამოღებული ნებისმიერი პროცენტი, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში მიდის, ანაკლიის გავლით ჩვენ ბიზნეს-გეგმას და პორტის სიმძლავრეს გააორმაგებს. ჩინეთიდან 340 მილიონი ტონა ტვირთი იგზავნება ევროპაში და თითქმის არანაირი ნაკადი საქართველოზე არ არის. ამ ორი მომენტით კი ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საჭირო პროექტია და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ სახელმწიფოსთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას 100 მილიონ ტონაზე, რომელიც 9 ფაზად არის გაწერილი და ახლა ჩვენ პირველ ფაზაზე ვსაუბრობთ, რომელიც სამ წელიწადში დასრულდება.
– ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი თუ იქნება გარკვეულწილად და ბიზნეს-გეგმაში ამ კონკურენციის ნაწილი თუ არის გათვლილი?
– კონკურენცია ძალიან კარგია და იმის გარანტიაა რომ ტარიფები კონკურენტუნარიანი იყოს, რომ გარემო ყველასთვის შეიქმნას და მონოპოლიური სიტუაცია არ იყოს. ვიცით, რომ ფოთის პორტის ოპერატორი მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა და კრიტიკა იმაზე, რომ ანაკლიის პორტი ფოთის პორტს გააჩერებს, სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება, რადგან ჩვენ ერთმანეთს კი არ უნდა გავუწიოთ კონკურენცია, არამედ ისეთი გარემოს შექმნა უნდა შევძლოთ, რომ მსოფლიოში გაფანტული ეს შესაძლებლობები საქართველოში წამოვიღოთ. სიტუაციას ცოტა გლობალურად უნდა შევხედოთ და ერთმანეთის კონკურენტები კი არა, ყველა ერთად საქართველოს სანაოსნო უნდა გავხდეთ და კონკურენცია სხვა ქვეყნების პორტებს გავუწიოთ. თუ ამ ჭრილში შევხედავთ სიტუაციას, დავინახავთ, რომ თანამშრომლობა უფრო გვჭირდება ანაკლია, ფოტს და ბათუმს, რომ ისეთი ტარიფების და მომსახურების შეთავაზება შევძლოთ, რომ საქართველოში ტვირთნაკადი რამდენჯერმე გაიზარდოს. ასეთია ჩვენი ხედვა და ის, რომ ანაკლიის პორტი შესაძლოა მომგებიანი არ იყოს უფრო სკეპტიკოსების აზრია და იმ ექსპერტების ანალიზია, რომლებსაც სურთ, რომ საქართველო ჩიხი იყოს, როგორც დღეს არის. მათ ქვეყნის განვითარება არ სურთ და ეს დაახლოებით იგივე დასკვნაა, რომ ვიღაცამ თქვას, რომ მეტი ბანკი საქართველოში აღარ უნდა გაიხსნას, რადგან ის 18 ბანკი, რომელიც ქვეყანაში არსებობს საკმარისია. ეს სიტუაციის აბსოლუტურად არასწორი შეფასებაა. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველომ გაატაროს ის ტვირთი, რომელსაც დღეს ვერ ატარებს, რადგან ღრმაწყლოვანი პორტი არ გააჩნია. დღეს მაქსიმალური სიმძლავრის გემი 1200-1500 კონტეინერიანი გემია, რომელიც საქართველოში შემოდის. დიდი გემები სტამბოლში შემოდიან, მერე პატარა გემებზე იტვირთება და ასე შემოდიან. ჩვენ პატარა ნავსადგური ქვეყანა ვართ, რომელიც არც ერთ დიდ საერთაშორისო ვაჭრობაში და გადაზიდვაში არ არის ჩართული. ანაკლიის პორტი კი ამ საშუალებას ხსნის და ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ ჩვენ ეკონომიკის კრიტიკული მასა შევქმნათ ამ წერტილში და ისეთი გარემო შევქნათ, სადაც ბევრი ბიზნესები მოიყრიან თავს. პორტის უკან თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ვაშენებთ და უკვე გენგეგმასა და ოპერატორის შერჩევაზე ვმუშაობთ და ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი საწარმოები, რომლებიც ანაკლიის ტერიტორიაზე დაფუძნდებიან, მათ ახლო წვდომა ჭირდებათ იმ რაოდენობის გადაზიდვაზე, რომელსაც მათ ანაკლიის პორტი შესთავაზებს.
ბიზნესმედია