რობერტ ახალაიას ანა ხელაძის მკვლელობის გარდა, ბრალად მისი გაუპატიურების მცდელობაც ედება

რობერტ ახალაიას ანა ხელაძის მკვლელობის გარდა, ბრალად მისი გაუპატიურების მცდელობაც ედებათბილისის საქალაქო სასამართლოში მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება.
სასამართლოს წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. როგორც სხდომის დაწყებამდე “ინტერპრესნიუსს” პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განუცხადა, რობერტ ახალაიას ბრალი ედება გაუპატიურების მცდელობაში და განზრახ მკვლელობაში.
– მას ბრალი ედება გაუპატიურების მცდელობაში და დამამძიმებელ გარემოებაში განზრაზ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. ბრალდების და დაცვის მხარე, შესაბამისად სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარვდგებით, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” პროკურორმა, რომელმაც გამოძიების დეტალებზე არ ისაუბრა.
ამასთან, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს ბრალდებულის ადვოკატი ოლგა გეჯაძე. როგორც მან “ინტერპრესნიუსს” სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ბრალდებულის მოთხოვნით ამ საქმეზე ის კომენტარს აღარ გააკეთებს.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ბრალდებულ რობერტ ახალაიას ჯანმრთელობისა და მათ შორის ფსიქიკური მდგომარეობა უნდა შეესწავლა, ადვოკატი “ინტერპრესნიუსთან” ამბობს, რომ დასკვნა დაიდო, თუმცა რა წერია დასკვნაში, დაცვის მხარე ამაზე კომენტარს არ აკეთებს.
– დასკვნა დაიდო, რა თქმა უნდა, თუმცა ვერაფერს გეტყვით. არ მინდა, დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციები დავარღვიო. არ უნდა, რომ რაიმე ინფორმაცია გავიდეს, – განაცხადა ოლგა გეჯაძემ.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
უზნაძის ქუჩაზე მკვლელობა 16 ივლისს მოხდა. 19 წლის ანა ხელაძის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მას დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაია მომხდარიდან მეორე დღეს ფოთში დააკავა. მოკლული რობერტ ახალაიას მამიდაშვილი იყო. 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ინტერპრესნიუსი