ბათუმის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს

ბათუმის საკრებულოში პოლიცია გამოიძახესხმაურია ბათუმის საკრებულოში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობმა” ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. დაპირისპირების მიზეზი კაბინეტის საკითხი გახდა.

როგორც პარტიის წევრმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღეს საკუთარ სამუშაო ოთახში ვერ შევიდნენ, რადგან იქ “ქართული ოცნება” განთავსდა.

– დილით გადმოგვეცა ბრძანება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” იმ კაბინეტიდან გამოძევების შესახებ, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდით. ეს ხელისუფლება კაბინეტებისთვის მოვიდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის მთავარი სურვილია კომფორტი მოიწყონ. გუშინ კაბინეტი დავკეტეთ და წავედით, დღეს კი ასეთი სიტუაცია დაგხვდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების კაბინეტში “ქართული ოცნება” განთავსდა,- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ბათუმის საკრებულოში 20 ნოემბერს ორი ფრაქცია შეიქმნა – ქართული ოცნების ფრაქციას ნატალია ზოიძე უხელმძღვანელებს, ხოლო ნაციონალების ფრაქციას მირდატ ქამადაძე. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კი  მუდმივმოქმედი კომისიების შემადგენლობის საკითხი უნდა განიხილონ.