თეა წულუკიანი „ოცნებას“ აშანტაჟებს, მაგრამ მას მაინც მოხსნიან – ახალი მინისტრი შესაძლოა ეკა ბესელია გახდეს

თეა წულუკიანი „ოცნებას“ აშანტაჟებს, მაგრამ მას მაინც მოხსნიან - ახალი მინისტრი შესაძლოა ეკა ბესელია გახდეს„ნიუპოსტის“ კონფიდენციალური წყაროს ცნობით, „ქართული ოცნების“ „სხადნიაკზე“, რომელიც ოფიციალურად ლარის დევალვაციას მიეძღვნა, გიორგი კვირიკაშვილმა მმართველ პარტიაში დიდი წმენდა დააანონსა.

ოფიციალური ვერსიით, ეკონომიკური გუნდი პარტიის ოფისში საბიუჯეტო ცვლილებების გამო იყო დაბარებული, თუმცა შეხვედრის მონაწილეების ნაწილი „ნიუპოსტთან“ პირად საუბარში ადასტურებს, რომ განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა მმართველ პარტიაში არსებული დაპირისპირება იყო.

„ნიუპოსტის“ წყარო ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ გვარს ასახელებს და აცხადებს, რომ წულუკიანის თანამდებობიდან გაშვება თითქმის გადაწყვეტილია.

– იუსტიციის ჯერ კიდევ მოქმედ მინისტრს სტრასბურგში საქართველოს ელჩობას სთავაზობენ, მაგრამ ამაზე წულუკიანი არ თანხმდება და ულტიმატუმს აყენებს, რომ თუ მინისტრობიდან გაათავისუფლებენ, პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს და სამთავრობო კანდიდატს დაუპირისპირდება, – ამბობს წყარო.

მისივე ინფორმაციით, წულუკიანმა მსგავსი ტაქტიკა, ანუ შანტაჟის ენა მაშინაც გამოიყენა, როცა სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერა.

– მაშინ წულუკიანი ხელისუფლებას დაემუქრა, რომ გარიყვის შემთხვევაში მერობის კანდიდატ კალაძეს „ჩაძირავდა, – აცნობს „ნიუპოტს“ სამთავრობო გუნდის კულუარებს წყარო.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლის, შოთა შალელაშვილის ხმაურიანი განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ წულუკიანის გადაყენება გადაწყვეტილია.

პარლამენტში პარტიული სიით შესულმა დეპუტატმა, რომლის არსებობის შესახებაც საზოგადოების ნაწილმა, პრაქტიკულად, აქამდე არაფერი იცოდა, მინისტრი ღიად გააკრიტოკა და განაცხადა, რომ თეა წულუკიანმა სახალხო დამცველთან მიმართებაში უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების შემდეგ შოთა შალელაშვილი მედიასთან აღარ გამოჩენილა, რაც ამყარებს „ნიუპოსტის“ კონფიდენციალური წყაროს ვერსიას, რომ დეპუტატმა იმ საპარლამენტო ჯგუფის მოსაზრება გაახმოვანა, რომელიც წულუკიანის წინააღმდეგ გაერთიანდა.

ისე, კულუარული ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ წულუკიანი გადადგება, იუსტიციის მინისტრობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატი შესაძლოა, ეკა ბესელია იყოს. ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში ქალების დაპირისპირება არახალია, ახლა კი მთავარი ინტრიგა ის არის, ვის მხარეს დადგება „ჩრდილოვანი მმართველი“, რომელმაც თავის დროზე, ანუ „ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ განქორწინების შემდეგ, თეა წულუკიანს მწვანე აუნთო.

ნიუპოსტი