ნარმანია – კალაძე ”სითი პარკს” სასამართლოს ვერ მოუგებს

ნარმანია - კალაძე ”სითი პარკს” სასამართლოს ვერ მოუგებს– “სითი პარკთან” ხელშეკრულება სამართლებრივ ნაწილში იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, რაღაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია მომავალი მერის კახა კალაძის მოსაზრებას “სითი პარკთან” სამართლებრივი დავის დაწყების თაობაზე.
თუმცა, ნარმანიას თქმით, “სითი პარკის” მტაცებლური პოლიტიკის შესაცვლელად ყველა ერთად უნდა დადგეს.
– ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ “სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულება გახდებოდა საჯარო. გრიფი მოვხსენით და დღესაც მერიის საიტზე დევს ეს ხელშეკრულება. ეს არის კაბალური ხელშეკრულება, რომლის მოშლის შემთხვევაში, თბილისის ხელისუფლებას მინიმუმ 25 მილიონი უნდა გადაეხადა. ჩვენ ყველა სამართლებრივი გზით და მოლაპარაკებით ვეცადეთ, რომ ისინი გონივრულ მოლაპარაკებებზე წამოგვეყვანა და არაერთხელ შევთავაზეთ ხელშეკრულებაში ცვლილებები. რამდენიმე ძალიან ცხარე კამათი და შეხვედრა იყო პირადად ჩემთანაც, ვერ მივაღწიეთ მოლაპარაკებებს. ადმინისტრაციულად რამდენჯერმე იყვნენ დაჯარიმებული, თუმცა სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, რაღაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყოველი შემთხვევისთვის კარგია, რომ კიდევ უფრო მეტი რამის ცდა მოხდება. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ მისი მტაცებლური პოლიტიკა რამენაირად შეიცვალოს, – განაცხადა ნარმანიამ.

ინტერპრესნიუსი