ვინ გადაიხდის სავალდებულო მარკირების საფასურს? – ბიზნესომბუდსმენმა ფინანსთა მინისტრს წერილი გაუგზავნა

ვინ გადაიხდის სავალდებულო მარკირების საფასურს? - ბიზნესომბუდსმენმა ფინანსთა მინისტრს წერილი გაუგზავნაბიზნესომბუდსმენის აპარატმა უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართა.
როგორც „ანალიტიკისთვის“ გახდა ცნობილი, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიებმა ბიზნესომბუდსმენის აპარატის წინაშე არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულების ანაზღაურების და მარკირების პროცესში ტექნიკური ხარვეზების საკითხი დააყენეს.
საქმე იმაშია, რომ ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანებას, რომლის თანახმად, სავალდებულო მარკირების საფასურს სახელმწიფო იხდის, 2018 წლის 1 იანვარს გასდის ვადა, ამიტომ ინდუსტრიის წარმომადგენლებს გაუჩნდათ კითხვა – მომავალ წელს მარკირების საფასურის გადახდა ბიზნესს ხომ არ მოუწევს.
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ მარკირების ღირებულება, რომელიც ჯამურად, დაახლოებით, 5-6 მლნ ლარია, სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს. მათ პოზიციას იზიარებს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილიც.
– არ შეიძლება საჯარო მიზნების და ფინანსების განხორციელების ტვირთი კომპანიებზე გადავიდეს. ესაა ჩვენი პოზიცია. ერთის მხრივ, თითქოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთწლიანი რეგულაციები დაწესდა და მარკირების ღირებულება შემოსავლების სამსახურმა გადაიხადა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროებითი რეგულაცია კი არ უნდა იყოს, არამედ ეს უნდა იქცეს საერთო წესად. არ შეიძლება კომპანიები ყოველი წლის ბოლოს თვალებში უყურებდნენ ფინანსთა სამინისტროს – აბა წელს რა მოხდება, ეს 5-6 მლნ ლარი კომპანიების გადასახდელი იქნება თუ ისევ ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის, – განუცხადა „ანალიტიკას“ ზურა ძნელაშვილმა.
ცნობისთვის: ბიზნესომბუდსმენის აპარატმა საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით წერილი 8 დეკემბერს გაუგზავნა. პასუხი კი ჯერ არ მიუღია.

ბიზნესმედია