პუტინი – გინდათ, რომ რუსეთის ქუჩებშიც სააკაშვილებმა ირბინონ?

პუტინი - გინდათ, რომ რუსეთის ქუჩებშიც სააკაშვილებმა ირბინონ?რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინს კითხვა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა დაუსვა.
სობჩაკის შეკითხვა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო არჩევნებზე მის დაუშვებლობას ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს საქმეები შეთითხნილად ცნო.
– მე ოპოზიციის შესახებ შეკითხვას უკვე ვუპასუხე. ოპოზიციას პოზიტიური ქმედებების ნათელი და გასაგები პროგრამა უნდა ჰქონდეს. აი, თქვენი ლოზუნგი არის „ყველას წინააღმდეგ“. ეს პოზიტიური ლოზუნგია? რას გვთავაზობთ? რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ პირს, ის სააკაშვილის რუსული ვარიანტია.
თუ ოპოზიციას პროგრამა არ აქვს და ის ხელისუფლებაში მოვა, რუსეთში „მაიდნები“ მოხდება, ქუჩებში კი „სააკაშვილები“ ირბენენ, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მოსახლეობას მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება არ სურს და არ დაუშვებს.

ინტერპრესნიუსი