”ერთი თავდამსხმელი კაბინეტის კარში იდგა, მეორე კი ბავშვებს დანას ურტყამდა” – სისხლიანი გარჩევა რუსეთის სკოლაში

”ერთი თავდამსხმელი კაბინეტის კარში იდგა, მეორე კი ბავშვებს დანას ურტყამდა” - სისხლიანი გარჩევა რუსეთის სკოლაშიდღეს ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე, რუსეთის ქალაქ პერმის 127-ე სკოლაში სისხლიანი ჩხუბი მოხდა.

ჩხუბი სკოლის დერეფანში დაიწყო 17 წლის 2 ბიჭს შორის. მათგან ერთ-ერთი 127-ე სკოლის მოსწავლეა, მეორე კი ადრე სწავლობდა ამ სკოლაში.

რაღაც მომენტში მოჩხუბრები შევარდნენ კაბინეტში, სადაც მე-4 კლასის გაკვეთილი მიმდინარეობდა. მასწავლებელმა მათი გაშველება სცადა, რის გამოც თავად დაიჭრა. გარდა ამისა, დაშავდა მე-4 კლასელი 9 მოსწავლე.

აი, რას ყვება მე-10 კლასის მოსწავლე:

– ჩვენ გეოგრაფიის გაკვეთილი გვქონდა მე-3 სართულზე, სადაც ეს ყველაფერი მოხდა. გავიგონეთ სახანძრო განგაშის ხმა, რის შემდეგაც მასწავლებელმა კლასიდან გაგვიყვანა. როცა გამოვდიოდით, ყოველ 5 მეტრში სისხლის წვეთები გვხვდებოდა. როდესაც გამოვედით, მე-3 სართულზე ფანჯრებიდან ბოლი გამოდიოდა. თავიდან გვითხრეს, რომ იქ ლამპა გასკდა და მისმა ნამსხვრევებმა რამდენიმე მოსწავლე დაჭრა. თანაკლასელმა კი მითხრა, რომ სკოლაში ორი უცხო შემოვიდა, რომლებმაც დაჭრეს ჩვენი ქიმიის მასწავლებელი და რამდენიმე ბავშვი.

სხვა მოწმე ასეთ რამეს ამბობს:

– ერთი თავდამსხმელი კარში იდგა და ბავშვებს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა, მეორე კი ბავშვებს დანას ურტყამდა. მოსწავლეთა ნაწილმა გაქცევა მაინც მოახერხა. მათ სავაჭრო ცენტრს შეაფარეს თავი, რომელიც სკოლის პირდაპირ მდებარეობს.

ინციდენტის ორივე მონაწილე დაკავებულია. სკოლაში მეცადინეობა შეწყდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.