თორნიკე შარაშენიძე – “პლეხანოვზე თურქული რესტორანი თუ არ მოგწონს, შენ გააკეთე უკეთესი, დაგიშალა ვინმემ?!”

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქროს და ეს ფორმატი გაგვიუქმონ. დიდი ნაკადი გადის საქართველოდან და უკან მცირე ბრუნდება, რას იტყვით თქვენ?
– ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გამოძახილია. ამას სჭირდება ეკონომიკის გაჯანსაღება და სოციალური პრობლემების მოგვარება და ეს ძალიან რთული ამოცანაა. ამას საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა და ვერც ეს ხელისუფლება უმკლავდება. ამ ხელისუფლების პირობებში გვაქვს ძალიან მცირე ეკონომიკური ზრდა. ამ ეკონომიკური ზრდით კიდევ 20 წელი ვერ დავეწევით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას. შესაბამისად, ვინც ქვეყნიდან გავა, იქიდან ბევრი შეეცდება, დარჩეს. ეს მოსალოდნელი იყო. ამასთან ბრძოლის ერთადერთი ვარიანტი არსებობს.
– რომელი?
– ვინც იქ რჩება, ვიპოვოთ, დავეხმაროთ იმ ქვეყნის სამართალდამცავებს და სასწრაფოდ დავაბრუნოთ საქართველოში. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ეს უფრო იოლია, ვიდრე ეკონომიკის გაჯანსაღება და სოციალური პრობლემების მოგვარება.
– ამ სიტუაციაში რამდენად მოსალოდნელია, რომ დადგეს ვიზალიბერალიზაცია საფრთხის ქვეშ?
– ასე მალე ალბათ არ დადგება. ამას კიდევ მსჯელობა უნდა. ევროკავშირი უნდა შეიკრიბოს, იმსჯელოს, ჯერ გაგვაფრთხილებს და შეიძლება მერე გააუქმოს. ასე მალე არ იქნება.
– თუმცა სურათი სახიფათოა?
– საგანგაშო ჯერ არ არის. ვინც წასასვლელი იყო, ის უკვე გაიქცა და დარჩა კიდეც.
– ასე მარტივია მათი მოძებნა და უკან დაბრუნება?
– შეუძლებელიც არაფერია ამაში. მე ეს უფრო მარტივად მეჩვენება, ვიდრე ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება ამ ქვეყანაში. როგორ წარმოგიდგენიათ, ეკონომიკას რა უნდა უყოს ამ მთავრობამ?
– სულ მიდის შედარებები წინა ხელისუფლების პერიოდთან. ბევრი საუბრობს, რომ იმ პერიოდში გაცილებით უკეთესი იყო ეკონომიკური ფონი. თქვენ როგორ ფიქრობთ?
– მაშინ იყო თავიდან მკვეთრი ზრდა, თუმცა ბოლო პერიოდში იმათმაც შეანელეს. მეექვსე წელია, “ოცნება” ხელისუფლებაშია და ეს მაჩვენებელი ძალიან მცირეა. სიტუაცია გაცილებით მძიმეა, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. რაც უნდა იძახონ, რომ წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა უმძიმესი მემკვიდრეობა, ეს ჩვეულებრივი ზღაპარია, რომლისაც ალბათ სჯერათ ძალიან ფანატიკოსებს ამ ხელისუფლებისას.
– ისმის წუხილი იმაზეც, რომ საქართველოდან გარბიან ქართველები და სახლდებიან უცხოელები. ეს სურათი რამდენად საგანგაშოა?
– შენ თუ ვერ მიხედავ შენს ქვეყანას, მოვა და სხვა მიხედავს. ეს არის ჩვეულებრივი კანონი. შენ თუ არ გაქვს იმის თავი, რომ, მაგალითად, დაიჭირო თევზი შავ ზღვაში, მოვა და დაიჭერს სხვა. ჩემთვის დღემდე გაუგებარია და ვერ ამიხსნია, ბათუმში თითზე ჩამოსათვლელია რესტორნები, სადაც გაჭმევენ შავ ზღვაში დაჭერილ თევზს. ეს ხომ აბსურდული ანეგდოტია?! შავი ზღვის ერთ-ერთი გამორჩეული პორტი, ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი და იქ თევზს ვერ იჭერენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. შენ თუ ვერ დაიჭერ, მოვა და სხვა დაიჭერს. შენ თუ არ გაქვს თავი, მოუარო, მოვა და სხვა მოუვლის. ეს ჩვეულებრივი კანონია.
– ეს რით აიხსნება, ჩვენი ერის სიზარმაცით? ყველაფერი გამზადებული უნდათ?
– რაც გინდათ, ის დაარქვით და ფაქტი სახეზეა. ვიღაცეებს არ მოსწონთ პლეხანოვზე თურქული რესტორანი. მაშინ შენ გააკეთე უკეთესი, დაგიშალა ვინმემ?! თურქული რესტორანი იმიტომ მუშაობს, რომ იქ ყველაფერი არის იაფი და ხარისხიც ნორმალურია. აი, ამით გამოირჩევა თურქული რესტორანი, დაბალი ფასებით და სტაბილური ხარისხით. რა, თურქებს კარგი პირობები აქვთ საგადასახადო, უფრო მეტი შეღავათები აქვთ, ვიდრე ქართველებს?
– ხშირად მოისმენთ უკმაყოფილებას ხელისუფლების მისამართით, რომ ის უცხოელებს მეტ შეღავათებს აძლევს.
– ეს ჩვეულებრივი სისულელეა. ყველა ცდილობს, თავისი უნიათობა სხვაზე გადაბრალებით გაამართლოს. რამდენი ხანი უნდა ვისმინოთ ერთი და იგივე სისულელე? ხალხი ხელისუფლებას აბრალებს თავის უნიათობას, ხელისუფლება კი წინა ხელისუფლებას და ვართ ასე. სხვაზე გადაბრალება ეს არის ზარმაცების და უნიათოების თვისება. ეს კი საქმეს არ შველის.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018