„ჩქარა მიპასუხე, ჩქარა“ – რა მიწერა ლადო გრიგალაშვილმა ბმვ-ს მძღოლს

„ჩქარა მიპასუხე, ჩქარა“ - რა მიწერა ლადო გრიგალაშვილმა ბმვ-ს მძღოლსმოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ბმვ-ს მძღოლის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი მეზობლები და ნაცნობები იყვნენ.

რამაზ ჩინჩალაძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ აღნიშნული პირი მოკლულ ანა ნაცვლიშვილსაც იცნობდა, თუმცა მასთან არანაირი კომუნიკაცია არასდროს ჰქონია.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ მკვლელობის დღეს, 06:19 საათზე, ლადო გრიგალაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს მოკლეტექსტური შეტყობინება მისწერა: „ჩქარა მიპასუხე, ჩქარა“.

გარდა ამისა, უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი კლიენტი მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის მიერ ნახსენები ბმვ-ს მძღოლი არ არის.

– როგორც გაირკვა და როგორც ეს ქალბატონმა ნაირა ოტიაშვილმა არაერთხელ დამიდასტურა, ისინი სულ სხვა ბმვ-ს მარკის მძღოლზე საუბრობენ. იმ დროს, როცა გოგონა მოკლეს, ის სახლში იმყოფებოდა და ეძინა.

ვადასტურებ თქვენ მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ. როგორც თვითონ ამბობს, ახლო, მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია.

დილის საათებში ბრალდებულმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მიწერა: „ჩქარა მიპასუხე, ჩქარა“. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეს მოკლეტექსტური შეტყობინება არ უნახავს და არც ზარები გაუგია. ამის შემდეგ ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ჩემს კლიენტს, გააღვიძა და თხოვა შეყვარებულის მოძებნაში დახმარებოდა. იგივე დახმარება სთხოვა ბრალდებულმა სხვა პირსაც… ამის შემდეგ ეს პირები ანა ნაცვლიშვილის მოსაძებნად გაემართნენ. რაღაც მონაკვეთში შეიძლება მანქანით გაიარეს, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, – განაცხადა რამაზ ჩინჩალაძე.

მისი თქმით, მოქმის სტატუსით დაკითხული პირი ანა ნაცვლიშვილს იცნობდა, თუმცა ისინი მეგობრები არ იყვნენ.

– სოციალური ქსელის მეგობრები იყვნენ, თუმცა არც სოც.ქსელში და არც პირადად მოკლულთან კომუნიკაცია არ ჰქონია, – განაცხადა ადვოკატმა.

ყელგამოჭრილი ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ახლობლებმა თემქაზე, 22 თებერვალს იპოვეს. გოგონას 7 ჭრილობა აღენიშნებოდა. საზარელი დანაშაულისთვის მისი შეყვარებული იმავე საღამოს დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა შეყვარებულის მკვლელობა აღიარა, თუმცა ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ მან დუმილის უფლებით ისარგებლა.

დავით ჯაბაშვილი, ნიუპოსტი