„გიორგი სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა“ – პატიმარ კოტე ციხისთავის სკანდალური ზარი ციხიდან

„გიორგი სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა“ - პატიმარ კოტე ციხისთავის სკანდალური ზარი ციხიდან– გიორგი სანაია #1 ტერორისტად აღიარებულმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა.

ამის შესახებ პოსკრიპტუმისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში პატიმარმა კოტე ციხისთავმა განაცხადა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა სანაიას მკვლელობის ახალი გარემოებების შესახებ რეპორტაჟის მომზადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პატიმარმა ციხისთავმა რუსთავი 2-ში დარეკა და კონკრეტული გვარები დაასახელა.

მისი თქმით, ჟურნალისტის მკვლელობა ხელისუფლებამ დაგეგმა, წინასწარ მიმდინარეობდა ჟურნალისტზე თვალთვალიც.

მოკლული ჟურნალისტის ძმა, ვახო სანაია მიიჩნევს, რომ ახალი დეტალებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. მისი თქმით, ისეთი ფაქტები დასახელდა, პროკურატურამ საქმის ძიება ხელახლა უნდა დაიწყოს.

ნიუპოსტის ცნობით, კოტე ციხისთავი  შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრია.  ციხისთავი ყვება, თუ როგორ დაგეგმა და შექმნა მაშინდელმა მთავრობამ მკვლელობის ფალსიფიცირებული მოტივი წინასწარ, ჯერ კიდევ გიორგი სანაიას სიცოცხლეში. დამკვეთებს შორის კი ის თამაზაშვილსაც ასახელებს.