“დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმა, შესაძლოა, უკრაინას უკავშირდებოდეს”

"დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმა, შესაძლოა, უკრაინას უკავშირდებოდეს" “ქართულმა ოცნებამ” კიევი გააფრთხილა, სააკაშვილი არ გადმოგვცეთო”

რა სკანდალურ ინფორმაციებს ფლობდა დოდო გუგეშაშვილი, უკავშირდება თუ არა მასზე თავდასხმა უკრაინაში ქართველი მებრძოლებზე დაწყებულ ნადირობას, ვისი ჩვენებებით აშანტაჟებს უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება.

ტრისტან წითელაშვილი:

– თქვენს მკითხველს მოეხსენება, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ქართველი მებრძოლებიც მონაწილეობდნენ. უკრაინაში ერთ-ერთი პირველი წავიდა დოდო გუგეშაშვილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე, ფაქტობრივად, ნადირობაა დაწყებული, შესაძლოა, დოდო გუგეშაშვილზე განხორციელებული თავდასხმაც ამ პროცესის გაგრძელება იყოს.

– ამას ვარაუდის დონეზე ამბობთ თუ რამე ინფორმაციას ფლობთ?

– ამ მომენტისთვის დანამდვილებით ამის მტკიცება გამიჭირდება, მაგრამ, შესაძლოა, კვალი მართლა უკრაინამდე მიდიოდეს. დოდოს უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია ჰქონდა.

– რა ინფორმაციები?

– სხვადასხვა სახის ინფორმაცია ჰქონდა, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა საქართველოდან უკრაინაში ქართველი მებრძოლების გადაყვანა.

ისიც აშკარაა, რომ ადამიანი, რომელმაც თავდასხმა განახორციელა, კარგად იცნობდა დოდოს.

– რატომ გგონიათ, რომ იცნობდა?

– დოდო ფრთხილი ადამიანი იყო და ის უცხოს კარს არ გაუღებდა. ეს მაფიქრებინებს, რომ მას დოდო იცნობდა.

ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ამ თავდასხმის გარშემო, რაღაც ინფორმაციები უკვე მოვიპოვე და მგონია, რომ ჩემი ვარაუდი მართლდება. არ ვამტკიცებ, რომ ეს თავდასხმა უკრაინაში დაიგეგმა, მაგრამ ის უკრაინაზეა მიბმული.

დოდოსთან ხშირად მიწევდა საქმიანი შეხვედრები. ის მთლიანად უკრაინულ ამბებზე იყო გადართული. რამდენჯერმე ვუთხარი, მეც მაგ თემაზე ვარ გადართული-მეთქი.

– უკრაინაში ქართველი მებრძოლების თემას რადგან შევეხეთ, რა ხდება მათ თავს?

– კარგი არაფერი ხდება. უკრაინის ხელისუფლებამ ქართველები ამ პროცესებიდან, ფაქტობრივად, მთლიანად ჩახსნა.

– ჩახსნაში რას გულისხმობთ?

– შეიარაღებულ ძალებს ჩამოაშორეს. რამდენიმე ათეულმა მებრძოლმა მოასწრო უკრაინის დატოვება. მათზე, ფაქტობრივად, ნადირობა იყო გამოცხადებული, ზოგს დაჭერით ემუქრებოდნენ, ზოგსაც – დეპორტაციით.

– მამუკა მამულაშვილი, გიგი კალანდაძე, ბაჩო კიკაბიძე ისევ მაღალ თანამდებობებზე არ არიან?

– მაღალ თანამდებობებზე არ არიან. კიკაბიძე და კალანდაძე გავლენებს ისევ ინარჩუნებენ, მამულაშვილს კი მძიმედ აქვს საქმე. ის რამდენიმე დღის წინ დაკითხვაზეც დაიბარეს.

– რა საკითხზე დაიბარეს დაკითხვაზე?

– მაიდანის ამბებზე. ამ საკითხზე ჩვენების მიცემა მიხეილ სააკაშვილსაც მოუწევს. ის 13 თებერვალს არის დაბარებული. მაიდანის ამბებზე უკრაინაში სერიოზული გამოძიება მიმდინარეობს.

სხვათა შორის, ჩვენ იმ სნაიპერების ბილეთები ამოვწიეთ, რომლებიც მაიდანზე ხალხს ესროდნენ. ამ სნაიპერებმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცეს, სადაც ამ მოვლენებზე დეტალურად საუბრობენ.

– თქვენ ამ ადამიანების ბილეთები საიდან მოიპოვეთ?

– ბილეთების ბაზიდან. მათი ჩაფრენის თარიღი ზუსტად ემთხვევა მაიდანის მოვლენების დაწყებას. მაიდანზე რომ დაქირავებული ქართველი სნაიპერები ესროდნენ ხალხს, ამის შესახებ პირველი განცხადება ჯერ კიდევ 2014 წლის მარტში გავაკეთე, ვამბობდი, რომ ამ ჯგუფის უკან სააკაშვილია. მაშინ არავინ დამიჯერა, მეტიც, ჩემი განცხადება არასერიოზულად მიიჩნიეს.

გავიდა დრო და გაირკვა, რომ მე სიმართლე ვთქვი. ეს გამოძიებამაც დაადასტურა და ამაზე ჩვენებებშიც არის საუბარი.

– ვინ მისცა ჩვენება?

– ამ სნაიპერებმა. ამ ჩვენებების ქსეროასლები მაქვს და შემიძლია გადმოგცეთ. ჩვენებები საკმაოდ სერიოზული და სკანდალურია.

– ჩვენებაში სააკაშვილზეც არის საუბარი?

– რა თქმა უნდა. ძალიან სერიოზული ბრალდებები ისმის მისი მისამართით.

– შეექმნება მას ამის გამო რამე პრობლემა?

– სერიოზული პრობლემები შეექმნება.

– უკრაინის ხელისუფლებას არ შეექმნება პრობლემა? მაშინ სააკაშვილი და პოროშენკო ერთი გუნდი იყვნენ.

– როგორ არ შეექმნება. სნაიპერების ჩვენებები პოროშენკოსთვის იმ შემთხვევაში იყო ხელსაყრელი, თუ ისინი მას, ბაროვს, ბაშინსკის არ დაასახელებდნენ, უნდოდათ, რომ მხოლოდ სააკაშვილი გამოკვეთილიყო.

ჩვენებაში მათზეც არის საუბარი და ეს სააკაშვილმა სხვანაირად გამოიყენა. მან პირდაპირ უთხრა უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, თუ გამწირავთ, მე გაგწირავთ თქვენო.

– აშანტაჟებს სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას?

– აშანტაჟებს რომელია. ოფიციალური კიევის გარდა, მან, შესაძლოა, ამერიკასაც შეუქმნას პრობლემები.

– ამერიკას რატომ უნდა შეუქმნას პრობლემები?

– ქართველი სნაიპერები თავიანთ ჩვენებებში ამერიკელ მაღალჩინოსნებსაც ასახელებენ. მათი გვარების გაჟღერება არავის აწყობს.

უკრაინის ხელისუფლებაში ძალიან მძიმედ არის საქმე. ხელისუფლება, ფაქტობრივად, ორად არის გაყოფილი. ხელისუფლების ერთ შტოს მართლა უნდა, რომ სააკაშვილი გასამართლდეს, მაგრამ მეორე შტოს ეს არ აწყობს. ისინი გამოძიებას ყველანაირად ხელს უშლიან.

ადრეც გითხარით, რომ უკრაინაში ჩვენების მისაცემად უნდა წავსულიყავი. ყველაფერი მზად იყო. ერთ დღესაც დამირეკეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან და მირჩიეს, არ ჩამოხვიდეთო.

– მიზეზად რა დაგისახელეს?

– მითხრეს, რომ უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მაძლევდნენ და საქართველოში დარჩენა მირჩიეს.

– მოდით, უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებს დავუბრუნდეთ. დაცულია მათი უსაფრთხოება?

– ქართველი მებრძოლების უსაფრთხოება დაცული არ არის. მიხარია, რომ მათი დიდი ნაწილი ან სამშობლოში დაბრუნდა, ან სხვა ქვეყნებში გადავიდა. ამ ბიჭების მიმართ, წესით, არანაირი პრეტენზიები არ უნდა ყოფილიყო. ისინი უკრაინაში წავიდნენ იმიტომ, რომ უნდოდათ, რუსულ არმიაზე შური ეძიათ. ეს ბიჭები ნამდვილი პატრიოტები არიან და მათი ასე მიტოვება არ შეიძლება.

რამდენიმე მათგანს უკვე შევხვდი და ვესაუბრე. მიმაჩნია, რომ მათი უფლებები უნდა დავიცვათ.

– მათ საქართველოშიც აქვთ პრობლემები?

– დიდი ალბათობით, შეექმნებათ. მე უკვე შევხვდი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს და ვუთხარი, რომ ამ ბიჭებს კანონთან პრობლემა არ უნდა შეექმნათ. ისინი უკრაინაში პატრიოტული გრძნობებით წავიდნენ. ჩვენს ხელისუფლებას ურჩევნია, მათ თავი დაანებოს და ყველაზე დიდ დამნაშავეს მიხედოს.

საქართველოს ხელისუფლება საჯაროდ ამბობს, რომ სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს. საქმე სულ სხვანაირად არის. უკრაინაში, მოგეხსენებათ, ბევრი მეგობარი მყავს. მათგან მაქვს უტყუარი ინფორმაციები, რომ “ქართულ ოცნებას” სააკაშვილის თბილისში ჩაყვანა არ სურს.

ჩვენი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები დაუკავშირდნენ უკრაინელ კოლეგებს და უთხრეს, არ გადმოგვცეთო. უკრაინელები ევროპის რამდენიმე ქვეყანამაც გააფრთხილა, ეგ კაცი არაფერში გვჭირდებაო. არიან ახლა უკრაინელები გაჭედილში, ვერც აგდებენ და ვერც იჭერენ.

ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ძალიან ბევრი კომპრომატი აქვს უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ. როგორც კი პატიმრობას მიუსჯიან, ყველაფერს გამოაქვეყნებს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ სააკაშვილს დღემდე აქვს წვდომა საიდუმლო ინფორმაციებზე.

– რანაირად?

– ძალოვნების ნაწილი მას მხარს უჭერს. სწორედ ისინი აწვდიან მას ამ ინფორმაციებს.

„ახალი თაობა“