შეყვარებული ბექა ჩხაიძე მონასტერში წავიდა – “მოძღვარმა რაც მითხრა, ყველაფერი წინ დამხვდა”

მომღერალი ბექა ჩხაიძე, რომლის პირადი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხვდება მისივე მიზეზით თუ მისგან დამოუკიდებლად, ამჯერადაც სიახლეებით არის დახუნძლული. კვარტეტ “ალილოსთან” ურთიერთობა შეწყვიტა, სოლო კარიერაზე გადაერთო და ახალ სიმღერებს წერს. პარალელურად, ბიზნესი წამოიწყო და ახალი სიყვარულიც ეწვია. როგორც “სარკეს” უთხრა, მისი რჩეული ცნობილი ადამიანია.

ბექა ახალი წლის დადგომამდე მონასტერში იყო წასული. ამის შესახებ ის ”სარკესთან” ინტერვიუში საუბრობს:

– ჩემი მოძღვარია მამა იოანე, რომელიც ზორვეთის მამათა მონასტრის წინამძღვარია. ეს მონასტერი რუის-ურბნისის ეპარქიაში შედის. მამა იოანე ძლიერი პიროვნებაა. ის არის ბერი, რომელიც, რაც გიჭირს, ყველაფერს თავად გეტყვის, რამეს თუ უმალავ, თვითონ გეუბნება.

მასთან ხშირად დავდივარ. ჩემს იქ ყოფნას დაემთხვა 7 ბერის სქემმონაზვნად აღკვეცა. დიდხანს, ორი თვე მომიწია დარჩენა.

– ხშირად ადამიანები მონასტერს მაშინ მიაკითხავენ, როცა დიდი პრობლემა შეაწუხებთ, რომელსაც თავს ვერ ართმევენ. თქვენს შემთხვევაშიც ასე ხომ არ იყო?

– ხშირად ასეც არის, მაგრამ ისედაც ხომ შეიძლება მოძღვართან წახვიდე? მოძღვარი იმიტომ გყავს, რომ დაგარიგოს. ჩემმა მოძღვარმა რაც კი მითხრა, ყველაფერიწინ დამხვდა.

ვიღაცამ ამას კუდი მოაბა, მაგრამ ასე არ არის. ბერობის ძალა ერთეულებს აქვთ. ჩვენს ქვეყანაში ბევრი მონასტერია, ბევრი მონაზონი და ბერია და, ვისაც გული სტკივა, მონასტერში მიდის. ყველას ვურჩევ მამა იოანესთან მისვლას, არა იმიტომ, რომ ჩემი მოძღვარია, მონასტერში არის სუფთა, ჭეშმარიტი ურთიერთობა.

– ორი თვე მონასტრის შინაგანაწესით ცხოვრება ერისკაცისთვის ადვილი არ იქნებოდა.

– ამ დროს ბერივით არ ცხოვრობ, სტუმრის, მონასტრის წევრის სტატუსი გაქვს. იქ ბერს სხვა წესი და კანონი აქვს, მაგრამ მეც ვმუშაობდი. მოძღვრისგან ყველას სხვადასხვა კურთხევა აქვს და იქ მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ტრაპეზი დღეში ორჯერ იყო, ხორცს საერთოდ არ ჭამენ და ალკოჰოლური სასმელი საერთოდ არ არის, არც მარხვის დროს და არც ისე. ესეც გადასარევი იყო, დასალევი რომ არ იყო, ამ ამბით დიდად მოვიხიბლე.

კიდევ მინდა, აღვნიშნო ერთი რამ: როდესაც ადამიანს განსაცდელი აქვს, ამ დროს ეკლესიასთან აქვს ურთიერთობა, რადგან, უფლის გარდა, სხვა რამე ან ვინმე ვერ დაგვეხმარება.

– ჯგუფ “ალილოსა” და თქვენი ურთიერთობა კიდევ გაურკვეველია?

– “ალილო” შედგება 13-14 ადამიანისგან. ლაშა ღლონტთან და დათო არჩვაძესთან არ ვარ. ამ ეტაპზე მირჩევნია, დამოუკიდებლად ვიყო.

გავიგე, რომ “ალილოს” კვარტეტში ბანი მიუყვანიათ. ამდენი თვეა ერთად კონცერტზე არ გამოვსულვართ, მაგრამ შეიძლება გამოვარდეს რაღაც სიმღერა და ერთად ჩავწეროთ. “ალილოდან” შემოსავალი აღარ მაქვს. მათთან ერთად კორპორატიულ საღამოებზე არ დავდივარ. კვარტეტის გარდა, “ალილოში” არიან ბიჭები, რომლებიც ხალხურ სიმღერებს მღერიან და მათთან ერთად გასტროლებზე მივდივარ.

ავხსნი: როდესაც “ალილო” შეიქმნა, თავიდან 18 მომღერალი ვიყავით, შემდეგ ლაშამ გააკეთა კვარტეტი და გიტარაზე ვმღეროდით. მან საკუთარ თავზე აიღო კვარტეტის სიმღერები.

– შეიძლება ითქვას, რომ გააქტიურდებით, როგორც სოლო მომღერალი?

– დიახ. ჩავწერ სიმღერებს, თუმცა არც ამით მოვიკლავ თავს.

– რადგან სიმღერა არ არის თქვენი შემოსავლის წყარო, ესე იგი სხვა საქმეს მოჰკიდებთ ხელს სერიოზულად. ადრე “სარკესთან” თქვით, რომ ბიზნესი წამოიწყეთ. კონკრეტულად რა სფეროში?

– დიდი თემაა, მაგრამ მოკლედ გეტყვით. გერმანიაში არის დიდი სადისტრიბუციო კომპანია, სადაც ქართული პროდუქცია უნდა შევიტანოთ. პრეზენტაცია გაზაფხულზე გაიმართება. ამის შემდეგ კი ყველაფერს გეტყვით. განა იმიტომ ვმალავ, რომ თვალი არ გვეცეს, არამედ ჯერ მიზანშეწონილი არ არის, რომ ვილაპარაკოთ.

– წარმატებებს გისურვებთ. პირად ცხოვრებაშიც ხომ არ გაქვთ სასიამოვნო სიახლე?

– პირადში სიმშვიდეა. სიმართლე გითხრათ, ამ ინტერვიუს შემდეგ აეროპორტში მივდივარ, ჩემს შეყვარებულს უნდა დავხვდე.

– ვინ არის თქვენი გულისსწორი?

– ჯერ ასე მოკლე პასუხით შემოვიფარგლოთ, თუმცა გპირდებით, ექსკლუზიურად თქვენ გაგიმხელთ მის ვინაობას. სხვათა შორის, ისიც ცნობილი პიროვნებაა.

მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი “სარკე”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018