“თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ხელყუმბარა სხვა საქმეშიც ფიგურირებს”

"თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ხელყუმბარა სხვა საქმეშიც ფიგურირებს"– ხელყუმბარა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ნივთმტკიცება იყო, მაგრამ ახლა განადგურებულია, კიდევ სხვა საქმეშიც ფიგურირებს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ხელყუმბარა ბრალდებულ რუსლან ალდამოვის საქმეშიც ფიგურირებს.

– სასწრაფო წესით მოხდა ამ ხელყუმბარის განადგურება, ოპერაციის ჩატარებიდან ერთ კვირაში. ხელყუმბარა, რომელიც მათ წარმოადგინეს, კიდევ სხვა საქმეშიც ფიგურირებს. მე ვარ წარმომადგენელი და ვიცავ ბრალდებულ რუსლან ალდამოვის ინტერესებს. იქ არიან კიდევ სხვა ბრალდებულები. სწორედ ამ საქმის ერთ-ერთ მონაწილედ იყო წარმოჩენილი თემირლან მაჩალიკაშვილი და სხვადასხვა ჩვენებებიდან თემირლანის მიმართ გამოტანილი დაკავების განჩინებაც ამას უკავშირდება. იქნებ ამ კუთხიდანაც მსურდა შემემოწმებინა?! მხარე არის არათანაბარ ვითარებაში.

ჩვენ სატელევიზიო ეთერებიდანაც მივმართავდით მათ და თავი დავიზღვიე და ოფიციალურადაც მივმართე. როდესაც მივედი და თბილისის პროკურატურას მივმართე, ჯერ რადგან მხარე არ ვარ და არაოფიციალურად ხდება ჩემი მისვლა და საქმის მასალების გაცნობა, მათ მითხრეს, რომ ხელყუმბარასთან შეხება არ აქვთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს დანიშნული ექსპერტიზა და გადამამისამართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ამის შემდეგ შევიტანე განცხადება. თუმცა, ჩვენი მოთხოვნა პირველივე დღიდან იყო, რომ გვსურდა დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა და არ გაენადგურებინათ ხელყუმბარა, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
პროკურატურა უარყოფს ინფორმაციას, რომ მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაციის დროს აღმოჩენილი ხელყუმბარა ექსპერტიზის ჩატარების გარეშეა განადგურებული. მთავარი პროკურატურის განმარტებით, ექსპერტიზის ფარგლებში, ექსპერტების მიერ მოხდა ხელყუმბარის აფეთქება და დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა იყო ვარგისი.

ინტერპრესნიუსი