ადვოკატი: სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ

ადვოკატი: სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ“ქართული მარშის” დაკავებული წევრების ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი ამბობს, რომ სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ. მისი ინფორმაციით, ღუდუშაურის საავადმყოფოში ბრეგაძის კაბინეტთან დაცვაა მობილიზებული.

ადვოკატის თქმით, ბრეგაძე გუშინ იმის გამო ვერ დააკავეს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ბრეგაძე სასტიკად აწამეს, რადგან დაკითხვის ოთახში უჰაერობა იყო და ბრეგაძეს პირადი ცეცხლსასროლი იარაღი და ტელეფონიც ჩამორთმეული ჰქონდა.

ღუდუშაურის კლინიკის ექიმი ბრეგაძის წამების ფაქტს გამორიცხავს და ამბობს რომ მას არანაირი ფიზიკური და შინაგანი დაზიანებები არ აღმოაჩნდა.

რაც შეეხება ლადო სადღობელაშვილისა და კიდევ 4 დაკავებულის საკითხს, ადვოკატის თქმით, მათ ბრალი ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ წარედგინებათ.

ცირა ჯავახიშვილი ამბობს, რომ “ქართული მარშის“ წევრები გამოკითხვის მოტივით დაიბარეს პოლიციაში და მოულოდნელად დააკავეს. ადვოკატი ასევე მიიჩნევს, რომ დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, შემდგომ კი მათი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, რაც, ჯავახიშვილის მოსაზრებით, კანონდარღვევაა.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან გუშინ პოლიციამ ქართული მარშის5 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”-თქვა გაბუნიამ.